“ნუ ეწყინება რეჟისორს…”

13 იანვარი, 2017

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა თავისი ტრილოგიის ბოლო ფილმზე “ხიბულა” მუშაობა დაასრულა. მაყურებელში ფილმის მიმართ მოლოდინი დიდია.

ფილმთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია:

“ამას წინათ გავიდა სიუჟეტი გიორგი ოვაშვილის ფილმზე “ხიბულა”, რომელიც არ მინახავს და მის მხატვრულ ღირსებებზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ რეპორტაჟში ჩემი ყურადღება მიიპყრო რეჟისორის ასეთმა ფრაზებმა: “მე მაინტერესებს, რა ხდება ადამიანში, როდესაც იგი ძალაუფლებას კარგავს და ილუზიური სამყაროდან რეალურში გადმოდის, იგი იწყებს მოგზაურობას თავის თავში…. ეს არის ფილმი ძალაუფლებაზე და ძალაუფლების დაკარგვაზე.”

გიორგის პირადად ვიცნობ. ვიდრე ამ ფილმს გადაიღებდა, მას შევხვდი და პასუხი გავეცი მის ყველა შეკითხვას.

რამოდენიმე წლის წინ ხელში ჩამივარდა ედუარდ შევარდნაძის მემუარული ხასიათის წიგნი “ჩემი არჩევანი”. ციტატას ვერ გავიხსენებ, მაგრამ იგი კითხვას სვამს, რატომ დასრულდა ზვიად გამსახურდიას ცხოვრება ასე ტრაგიკულად. ეს ძალიან რთული საკითხიაო, დასძენს. ამის გახსნას შექსპირი ან შექსპირისებური შემომქმედი დასჭირდებოდაო.

ნუ ეწყინება რეჟისორს, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ნათქვამთან შედარებით მისი შეფასება – “ფილმი ძალაუფლებაზე და ძალაუფლების დაკარგვაზე” – სრული ბანალიზაციაა ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ცხოვრების ბოლო ეტაპისა.

ან კი რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, რომელიც ლამის მთელი ცხოვრება იდევნებოდა, რომელსაც თავზე ჩამოამხეს ნაწვალები, ნალოლიავები სახელმწიფო და ქვეყანა მის ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად. გადაწვეს ქალაქები, დახვრიტეს მშვიდობიანი მიტინგები. ქვეყნის პირველი პირი, ვისაც მკვლელები ტყეში, ღრეში და სოფლად გამოეკიდნენ.”

გააზიარეთ

 
...