მზია კვირიკაშვილი – სიცილის დედოფლის ტკივილიანი ცხოვრება

27 იანვარი, 2017

– თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან – მოწყენილი არლეკინები?! ჩვენ გულში იმდენი ადამიანური ტკივილი გვაქვს! მაგრამ… ფარდის უკან ცრემლს მოიწმენდ და სცენაზე მანათობელი ღიმილით გამოდიხარ, დარბაზს აიძულებ, რომ გაიცინონ. ჯერ კიდევ ჩაპლინი ამბობდა, ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება! – ეს სიტყვები “სიცილის დედოფალს” მზია კვირიკაშვილს ეკუთვნის.

მართლაც, მთელი ცხოვრების მანძილზე თითქოს ყველაზე მხიარული და უდარდელი, მაგრამ ამ დროს ყველაზე სევდიანი ქალბატონი ხელოვნებას ემსახურა და არაერთი შეთავაზების მიუხედავად, საქართველოდან წასვლაზეც უარი თქვა. მისთვის უცხო იყო გულში ბოღმის ჩადება, სამაგიეროს გადახდა, მტრობა და შური, მაგრამ ტკივილს და უსამართლობას ზოგჯერ ცრემლებამდეც კი მიჰყავდა.

– ყველაზე მეტად იმ დღის მეშინია, როდესაც სცენიდან უნდა წავიდე. ყველაზე ძალიან კიდევ იმის მეშინია, რომ ერთხელაც სცენაზე გასულს მაყურებელი ტაშს არ დამიკრავს, – ხშირად ამბობდა სიცილის დედოფალი.

სცენა მისთვის ყველაფერი იყო. 3 წლიდან მსახიობობდა, დედის ფეხსაცმელებში, კაბებში და სამკაულებში გამოწყობილი მზია კვირიკაშვილი მთელი დღის განმავლობაში სარკის წინ იდგა და თავის სამსახიობო ნიჭს აფრთქვევდა.

“მთელი ჩემი ცხოვრება იუმორია. დავიბადე 27 იანვარს – ნინოობას და დამარქვეს მზია. ისე, იუმორი ჩემში გენეტიკურად ზის. ჩემს მშობლებს იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდათ,” – იხსენებდა სიცილის დედოფალი.

წარმატება მზია კვირიკაშვილს არც მეტი, არც ნაკლები ვასო გოძიაშვილმა უწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ საესტრადო სასწავლებელი ვოკალის განხრით დაასრულა, იუმორმა მაინც თავისი გაიტანა და სიცილის დედოფალს სასაცილო ამბების წერა დააწყებინა. მასალებს აგროვებდა ყველგან – ყოველდღიური ცხოვრებიდან, ქუჩიდან, მაღაზიებიდან, მეზობლებიდან, მეგობრებიდან…

დაოჯახებამ და შვილის გაჩენამ იუმორისტის ცხოვრებაში ხანგრძლივი პაუზა გამოიწვია. 10 წელი მზია კვირიკაშვილი სცენაზე არ მდგარა – სახლში იჯდა და შვილს ზრდიდა. პაუზა დასრულდა და ხელოვანი კვლავ სცენას დაუბრუნდა. ფილარმონიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დორიან კიტიამ მზია კვირიკაშვილი რუსეთში გაგზავნა, სადაც საერთაშორისო კონკურსი ტარდებოდა მოლაპარაკე ჟანრის მსახიობთა შორის. საკმაოდ მრავალრიცხოვანი მონაწილეებიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო აარჩია და მათ შორის აღმოჩნდა მზია კვირიკაშვილიც.
სიცილის დედოფლის ეს წარმატება მართლაც რომ სასაცილოდ გაგრძელდა – საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიულოცა წარმატება და ხელფასი 1 მანეთით გაუზარდა. ამ კონკურსში გამარჯვებას მოჰყვა ის, რომ რუსეთში ცნობილმა იუმორისტებმა მზია კვირიკაშვილს სპეციალური რუსულენოვანი პროგრამაც გაუმზადეს და მოსკოვში დარჩენაც შესთავაზეს, რაზეც ხელოვანმა უარი განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას სიცილის დედოფალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობდა.

ქართლოს კასრაძე მას ასე უწოდებდა – “ჩაპლინი კაბაში”. ერთხელაც სცენაზე ასე გამოაცხადა – მე თუ სიცილის მეფე ვარ, ახლა მინდა, სიცილის დედოფალი ვიხმო სცენაზეო. მაყურებელმაც აიტაცა ეს სახელი და მზია კვირიკაშვილს სიცილის დედოფალი შეარქვა:

“თუ ხალხის სიყვარულს მოიპოვებ, მათ წინაშე თავი არ უნდა შეირცხვინო. პასუხისმგებლობის გრძნობა ყველა სხვა გრძნობას აღემატება ჩემში. სცენაზე გასვლა ჩემთვის სასამართლო პროცესის ტოლფასია, მაგრამ, როდესაც აპლოდისმენტები დიდია, სცენიდან გასვლა აღარ მინდა.”

კეთილი, თბილი, ალალი და უსაზღვროდ მოსიყვარულე – ასე ახასიათებენ მას მეგობრები, რომლებიც ახლაც ვერ საუბრობენ მასზე ემოციის და ცრემლის გარეშე. მართლაც, მზია კვირიკაშვილისთვის სიკეთეზე დიდი საქმე არ არსებობდა:

“სიკეთის ქმნაზე დიდი, ამაღლებული საქმე არ არსებობს. ამას ვერც წიგნიდან ისწავლი და ვერც სხვისგან გადაიღებ. თუ ადამიანი სუფთა არ არის, თუ გულიდან არ მოდის მისი სიკეთე, ვერ ითამაშებს. ძაღლივით ერთგულება ვიცი და ჩემს ახლობელ ადამიანს თუ დასჭირდა, შუაღამისას ფეხით მივალ მასთან. ჩემთვის სიკეთე უპირველესი მოვალეობაა.”

ბევრს სიცილის დედოფლის ცხოვრება ვარსკვლავური ეგონა, არადა, მზია კვირიკაშვილი თბილისის გარეუბანში ერთი ჩვეულებრივი კორპუსის არც თუ ისე დიდ ბინაში საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა:

“მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ისევე მაწუხებს პრობლემები, როგორც სხვა რიგით ადამიანებს. ძალიან მტკივა ჩემი სამშობლოს ბედი, მისი აწმყო, მისი ტკივილი. ვნატრობ, ქართველმა ხალხმა შეძლოს ნორმალური ცხოვრება. ამდენ მათხოვარს და მშიერ ადამიანს რომ ვხედავ, გული მისკდება. ეს მტანჯავს ყველაზე მეტად. მაგრამ თუ იუმორს და ხუმრობას არ გადავაყოლე გული, მოვკვდები. იუმორი ძალიან მშველის. როდესაც ვინმე ცუდ ხასიათზეა, მაშინვე ხუმრობას ვიწყებ და ვცდილობ, გავაცინო. თუ ადამიანი დარდს და პრობლემებს აჰყვა, შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს.”

გააზიარეთ

 
...