ილიკო სუხიშვილის უცნობი ისტორია ფიროსმანზე

13 იანვარი, 2017

ილიკო სუხიშვილი თავის განუმეორებელ მეუღლესთან ნინო რამიშვილთან ერთად ქართული ნაციონალური ანსამბლის ფუძემდებელია.
ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ბავშვობიდანვე გახდა. ჯერ კიდევ სულ პატარა მოცეკვავის განსაკუთრებული ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის არც ნიკალასთვის.

“არტ ინფო” გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ფიროსმანისა და 10 წლის ილიკო სუხიშვილის შეხვედრას ასახავს:

“10 წლის ილიკო სუხიშვილი ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ “შამილის” ცეკვას ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო–კავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა.

ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა.
დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა.

მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო…”

გააზიარეთ