6 იანვარი, 2017

“ვოისა” – გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ექსპერიმენტული პროექტი

“ვოისა” – ეს იმ უნიკალური მუსიკალური პროექტის სახელწოდებაა, რომელიც გიორგი მიქაძემ, საკუთარ ვარსკვლავურ ბენდთან და ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად ცოტა ხნის წინ განახორციელა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში.

მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები. პროექტის ფარგლებში გიორგი მიქაძემ შექმნა 6 კომპოზიცია: „შიოლა“, რომელიც ეძღვნება უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქს ილია მეორეს, „ზეზვა და მზია“, „ოდოია“, „მარებელი“, „ბიბა“ და „ვოისა“. პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ კომპოზიციებში საოცარი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით მოახდინა ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. ფაქტობრივად, ეს არის სხვადასხვა ჟანრის ერთობლივი, უნიკალური, სრულიად ახალი მუსიკალური კონცეფცია.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ პროექტისათვის გიორგიმ მოიწვია OKayplayer-ის არტისტი, Berklee College of Music-ის პროფესორი, ჰიფ-ჰოფერი, DJ რეიდარ ელისი. რომელიც სიამოვნებით დათანხმდა თანამშრომლობაზე.

გიორგი მიქაძეს თავის ერთ-ერთ საეტაპო პროექტზე მუშაობის და განხორციელების სურვილი დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ჩაფიქრებული. მან ასევე დაზუსტებით იცოდა, რომ იდეის ხორცხშესხმა მხოლოდ ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად უნდა შემდგარიყო, რომლის წევრებთანაც მას დიდი ხნის შემოქმედებითი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. თუმცა გიორგიმ მრავალწლიანი სრულფასოვანი მუსიკალური განათლების და პროფესიული დაოსტატების შემდეგ, გადაწყვიტა ძალიან ფრთხილად შეხებოდა ქართულ ხალხურ მუსიკას.

პროექტის განხორციელება ShapeShifter Lab-ში გადაწყდა, ეს არის ნიუ-იორკის ცნობილი საკონცერტო სივრცე, რომელიც არაერთხელ გამხდარა ექსპეტიმენტული, არაორდინალური და ნოვატორული პროექტების მომსწრე.

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი ნოვატორული პროექტი განხორციელდა საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით. ფონდი წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის და ამჯერადაც მათ პროექტ „ვოისას” სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სწორედ ახლახანს დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი და მსმენელს საშუალება აქვს უმაღლესი სტანდარტით შექმნილი კლიპებს გაეცნოს იუთუბის მეშვეობით:

გიორგი მიქაძე:

„აშშ-ში ჩამოსვლის პირველივე დღებიდან დღემდე მოყოლებული, სულ ვცდილობდი და ვცდილობ, პოპულარიზაცია გავუწიო ჩემს ქვეყანას, მის უმდიდრეს და მრავალსაუკუნოვან ხელოვნებას, ისტორიას, ტრადიციებს, ქართველ ხალხს და მის უნიკალურ ფოლკლორს. ჯერ კიდევ Berklee College of Music-ში სწავლის პერიოდში განვახორციელე რამდენიმე პროექტი, შევქმენი საავტორო კომპოზიციები: კავკასიური ნაგაზი, იგავის მოსმენის შემდეგ, მუშვანი, აზამატი, შიოლა, საჭიდაო და სხვა.

მუსიკალურ ლაბორატორიაში ხმოვანების ძიებისას იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად , ჩემმა ირანელმა მეგობარმა მილადმა 3 დღეში აითვისა ჩონგური და ბრწყინვალედ შეასრულა Georgian Shepherd-ი Berklee Performance Centerში, ხოლო ამ ახალ პროექტში წარმოშობით პალესტინელმა პერკუსიონისტმა სულ რაღაც 1 დღეში შეისწავლა ქართული დოლი და გასაოცარი პროფესიონალიზმით შეასრულა რამდენიმე კომპოზიცია.

პროექტს „ვოისა“ ვუწოდე, მინდა გაგიმხილოთ, რომ დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი და ვემზადებოდი, თუ როგორ შემესხა ხორცი რეალობაში. გამოგიტყდებით და ეს იყო ჩემი ბეწვის ხიდზე გავლა, ვინაიდან საქმე მქონდა უნიკალურ ქართულ ფოლკლორთან და მას ფანტასტიკურ შემსრულებელ ანსამბლ „ბასიანთან“. კომპოზიციებზე მუშაობისას მაქსიმალურად ჩავდე ჩემი შესაძლებლობები, ენერგია და გამოცდილება. ფაქტობრივად პროექტი „ვოისა“ წარმოადგენს ქართული ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაციას გლობალიზაციის ეპოქაში.

თუ როგორი პროექტი შევქმენით, ამის შეფასება პროფესიონალი მსმენელისათვის მიგვინდია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი დონაძეს, ზურა წკრიალაშვილს, ანსამბლ „ბასიანის“ და ჩემი ბენდის თითოეულ წევრს, რადგან მათ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს შეზღუდულ დროში უდიდესი შრომა გასწიეს.

განსაკუთრებული მადლობით და პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ფონდ „ქართული გალობის“ გენერალური დირექტორი ქალბატონი ნანა გვათუა – ამ პროექტის სულის ჩამდგმელი. მადლობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab-ის ხელმძღვანელობას, Yamaha Artist Services-ს, ფოტოხელოვან და დიზაინერ ევა კაპანაძეს და პროექტის მენეჯერს თამარ მიქაძეს. დიდი სურვილი მაქვს ჩვენი პროექტი ცოცხალი შესრულებით ქართველი მსმენელის წინაშე წარვადგინოთ“.

ზურაბ წკრიალაშვილი – ანსამბლის “ბასიანი” დირექტორი:

„მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ, თბილისის კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით: ის – საფორტეპიანოზე, მე – საგუნდოზე. ქართული ხალხური და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების გაერთიანების სურვილი, გიორგის იდეა გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაგვიზიარა მე და ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი დონაძეს, ჩვენ მაშინვე დავინტერესდით მისი განხორციელების სურვილით. ეს პროექტი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, ვიმედოვნებ, საზოგადოების უდიდეს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს და სამომავლოდ გახდება ჩვენი ქვეყნის მუსიკალური სავიზიტო ბარათი.

ვფიქრობ, რომ პროექტის მიზანი – ტრადიციული ქართული და თანამედროვე მუსიკის სინთეზი, ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნა გიორგიმ საოცარი ოსტატობით და პროფესიონალიზმით განახორციელა, იმედი გვაქვს აღნიშნულ პროექტს უახლოეს მომავლში ქართველ მსმენელსაც წარვუდგენთ“.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...