გოგლა ლეონიძის აუხდენელი ოცნება

13 იანვარი, 2017

კეთილი, გულუბრყვილო, ადამიანზე მზრუნველი, თავისუფლების მოყვარული, სამშობლოსა და წინაპრების მაღმერთებელი, უბრალო ხალხის გულშემატკივარი – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია პოეტისა და მწერლის გოგლა ლეონიძის პიროვნებაზე საუბრის დროს.

“არტ ინფო” გთავაზობთ შემოქმედის შვილის ნესტან ლეონიძის მოგონებებს, სადაც ის სულ სხვა, უცნობ გოგლა ლეონიძეს წარმოგიდგენთ:

“ადამიანზე ზრუნვა სიხარულს ანიჭებდა. საოცარი უნარი ჰქონდა მოსმენის, სიტყვას არ შეაწყვეტინებდა არავის, ბოლომდე მოუსმენდა.

მოყვარული, ნაზი გული ჰქონდა… სხვაზე ფიქრობდა მუდამ – გული არ დაეჩაგროს, არ ეწყინოსო – დარდს გულთან მიიტანდა.

მარტოობა არ შეეძლო, მარტო სადილზეც არ შესვამდა ერთ ჭიქა ღვინოს, ხშირად უძმარდებოდა კიდეც. უსტუმროდ მზესაც კი სითბო აკლიაო, იტყოდა. სხვაგან ვერ ძლებდა, ერთ კვირაზე მეტს ვერ ჩერდებოდა მოსკოვში. ჩვენ დაგვტოვებდა და წამოვიდოდა. მთელი დღე არქივში იჯდა, უარს ამბობდა დელეგაციებში შორს წასვლაზე… ბოლოს უარი თქვა ინდოეთში თუ ჩინეთში წასვლაზე, იმსიშორეზე რა წამიყვანს, რა გამაძლებინებსო.

ახლოს იყო უბრალო ხალხთან, მიწასთან… შენდობის დიდი უნარი ჰქონდა…

გაღმერთებული ჰყავდა სამშობლო, წინაპრები… “როცა ვახსენებ გმირთა სახელებს, ყელი მიტკბება, თაფლდება სიტყვაო”. თამადობა უყვარდა, იმდენად სმა კი არა, ხალხთან ურთიერთობა ეხალისებოდა. იწყებდა სამშობლოს, წინაპრების სადღეგრძელოთი, მათი ღვაწლის აღნიშვნით. სვამდა პატარა ჭიქით, ქამრიანი ჭიქით. სძულდა ჩაის ჭიქებით სმა… არ სვამდა არაყს, კონიაკს… ღვინის გარდა არაფერს სვამდა. არ მინახავს მთვრალი. ნასვამი უფრო კარგი ხდებოდა. მხიარული, ალერსიანი.

უყვარდა სხვისი დახმარება. მთხოვნელს მიუწერდა წერილს, დაურეკავდა, წაყვებოდა კიდეც. პასუხი შემატყობინეთო, დაუბარებდა.

ყველა სულიერი უყვარდა, ეცოდებოდა. შინ გაზრდილ ქათამს პირს არ დააკარებდა, არც ცოცხლად ნაყიდს. ხშირად, მადლობის ნიშნად მოგვიყვანდნენ ხოლმე ცოცხალ ცხვარს. აღარ იცოდა რა ექნა, უკან ხომ ვერ გავატან, ეგონებათ რომ საჩუქარი დავიწუნეო. არაფერი არ მინდა, რისთვის შეწუხებულხართო, ეტყოდა ხოლმე. გაუგზავნიდა ამ ცხვარს წყნეთის დარაჯს. ის კი ჩვეულებისამებრ ეტყოდა, მგელმა მოიტაცაო… მამას, რა თქმა უნდა, არა სჯეროდა მაგრამ უხაროდა, კარგია, რომ მაგის ცოდვაში არ ჩავდექიო.

ეამებოდა სოფლური პური და კამეჩის მაწონი.

სწყინდა, როცა სინათლეზე მოფრენილ პეპლებს ხოცავდნენ, რას ერჩით, ისედაც ერთი დღე აქვთ, გაიხარონო…

ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობდა ჩიტებს გალიით, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვს განთავისუფლების სიხარული ეგრძნო. აჭმევდა, წყალს დაალევინებდა და მერე გააშვებინებდა. აი, ახლა შენა გლოცავსო.

უყვარდა ხე, ბალახი, ყვავილი, მთა, მზე. ყვავილი მიწის ღიმილიაო, იტყოდა.
“მე ვემთხვიე მზის თავთავებს,
ვაზთან ვიყავ დაჩოქილი…”
ან:
“თავს ვუხრი ბალახს, მინდა სიცოცხლე,
ამ თეთრ ვაშლის ქვეშ უკუნისადმე.”

ძალიან კეთილი, ბავშვივით გულუბრყვილო იყო, ზოგი კიდევაც ბოროტად იყენებდა ამას.
სინათლე, მზე უყვარდა. ფარდებს გადასწევდა, მზემ შემოიხედოსო. სიბნელე სძულდა – მგზავრობისას ყოველთვის ასანთს და სანთელს გავატანდით ხოლმე. ბოლოსაც, ალბათ ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, რაც მოხდა… ისევ ისე გავატაენე სამუდამო გზაზე ასანთი და სანთელი…

სიკვდილი სძულდა, არასოდეს ლაპარაკობდა ამაზე, მხოლოდ ერთხელ, როცა გარდაიცვალა ჩემი მამამთილი, მითხრა: თქვენ უკვე უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით, მანამ ადამიანი ცოცხალია, სიკვდილს იმასთან რა უნდა, როცა გარდაიცვლება, ის უკვე ვერაფერს ვეღარ იგრძნობსო.

ეს იყო მარტში. ოთხი თვის შემდეგ კი…

ადამიანი უნდა მადლობელი იყოს ყოველი წუთის, რომელიც ღმერთმა უბოძაო.

ეჯავრებოდა უხეში სიტყვა… ადამიანის სულს ატლანქებსო. ყოველგვარი ძალადობა ეჯავრებოდა. ბავშვი თავისუფალად უნდა გაზარდო, არ არის საჭირო ამდენი შენიშვნებიო, მეტყოდა. არ გვახსოვს მისგან ხმის ამაღლება. არ იყო ჩვეულებრივი მამა, მეუღლე, პაპა. არაჩვეულებრივი მზურნველი, ყურადღებიანი, დღეში რამდენჯერმე დარეკავდა, როგორა ხართ, დედა როგორ არის, რამე ხომ არ გინდათო. და ასე ყოველდღე… მე აქა და აქა ვარ… ჩემი დარდი ნუ გაქვთ, არ ვარგა შვილო ამდენი დარდიო…

პატარა რომ მყავდა, აკვანში იწვა. მამა ჩუმად შესულიყო და არტახები აეხსნა, ხელები გაეთავისუფლებინა, ბავშვი ნახევრად გადმოკიდებული იყო, რომ შევედი:
– შემეცოდა, ვინ იცის ხელის გაშლა როგორ უნდოდაო.

შეიძლება სწორედ იმიტომ რომ არასოდეს გვიჯარდებოდა, სულ გვეფერებოდა, ყველაფრის ნებას გვაძლევდა, გვერიდებოდა მამისა, არასდროს არაფერი მოგვითხოვია.

ასეთივე მოსიყვარულე შვილი იყო, მოსიყვარულე – დედის გულჩვილი იყო. დედის საფლავზე ცრემლებით ტიროდა. ბებოს გარდაცვალების დღეებში ბიძაჩემ ლევანს და მამას ერთ ოთახში ეძინათ. დედა ამბობდა, როგორც პატარა ბიჭები, ისე ტიროდნენ მთელ ღამესო.

ბოლო წლებში განსაკუთრებით უყვარდა ბუნებაში ყოფნა. სამსახურიდან მანქანით მცხეთისკენ გავლა – ნატახტარისკენ… საერთოდ ქართლი უყვარდა ძალიან.

შეუძლებელია, აქ საგულდაგულოდ არ გავიხსენოთ ქართლისადმი მიძღვნილი გიორგი ლეონიძის ეს შესანიშნავი ლექსები: “ქართლის ბაღი”, “ქართლის საღამო”, “ბრილის წყარო”, “იკორთა”, “მოგზაურობა სამშობლოში”, “ქართლო, მსოფლიოს დიდო ვენახო!”

ჰაერზე გავივლიო, ბავშვებს წაიყვანდა ხშირად. ბოლო წელს, იმ გაზაფხულზე მეც წავყევი. წაგვიყვანა წილკანში… შემდეგ გამოვბრუნდით. ნატახტართან, მინდორზე ხის ქვეშ ვისაუზმეთ. მე მკლავზე მძივი მქონდა შემოხვეული. თბილისში რომ ჩამოვედით, მაშინ მივხვდი, რომ დავკარგე. ძალიან შევწუხდი. მამამ მკითხა, ძვირფასი იყოო? მე მივუგე, არა, ძვირფასი არ იყო, მაგრამ ძალიან მიყვარდა-მეთქი. ერთი-ორი დღის შემდეგ სამსახურიდან დამირეკა, რაკი შენ ეგ მძივი გყვარებია, წავიდეთ, იქნებ ვიპოვოთო. წარმოდიგინეთ, რომ ვიპოვეთ. მამა ძალიან ნასიამოვნები იყო.

ძალიან აწუხებდა სამხრეთ საქართველოს ბედი. “ისე დავბერდი, ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი…” საფლავებს დაეძებდა. საბას, ბესიკის გადმოსვენება უნდოდა.
არ უყვარდა კინტო და ყარაჩოღელი. უკვირდა მათით გატაცება.
არ უყვარდა კვიპაროსი. სასაფლაოს ხეს ეძახდა. არც პალმა, ჩვენებური არ არისო. წიწვოვანი ხეები მოსწონდა, მაგრამ ის არ მოსწონდა ყველგან წიწვოვანს რომ რგავდნენ, არ ეტყობა არც გაზაფხული, არც შემოდგომაო.

იყო ძალიან უპრეტენზიო. ძალიან ადვილი იყო მასთან ცხოვრება. არასდროს არაფერს გაიძულებდა, თავს არაფერს მოგახვედა. უყვარდა თავისუფლება, ძალდატანება დანაშაულად მიაჩნდა. შენიშვნებს ერიდებოდა. არაფერს მოითხოვდა.

ფიროსმანის ქუჩაზე N29-ში, სადაც ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა, მემორიალის გახსნა უნდოდა. ოცნებობდა ფიროსმანის ძეგლზე, ერეკლეს, დავით აღმაშენებლის, თამარის ძეგლი უნდოდა თბილისში… თამარის ქუჩა და მოედანი… ფიროსმანის საფლავს დაეძებდა. უნდოდა ფილმი ფიროსმანზე. სცენარზე მუშაობდა. ფიროსმანის თვრამეტი სურათი გადასცა მუზეუმს, ეს ერის საკუთრებაა და მე უფლება არ მაქვს ჩემს ბინაში ჩავკეტოო. ათობით ხელნაწერი საბუთი, სიგელი, უძველესი წიგნები გადასცა ხელნაწერთა ინსტიტუტს.

თბილისში ჩამოსვლისას მლეთის ქუჩაზე N5-ში, სადაც ვაჟა ფშაველა რჩებოდა თავისი ძმის, სანდროს ბინაზე, მემორიალი უნდა მოეწყოსო…

მოსწონდა მერაბ ბერძენიშვილის გორგასალი… “ავთანდილი” შეარქვა და უნდოდა, ენახა დადგმული თბილისში თუ არა, მცხეთაში მაინც.

ბარათაშვილის კრებულში ლექსს “საყურეს” მიწერილი აქვს მამას ხელით: “თაყვანს ვცემ ილიას და აკაკის, მაგრამ მე გამაკვირვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვაჟა ფშაველამ!”

წინათ სარდაფებს სახელები ჰქონდა: “ძმური ნუგეში”… ახლა კი – “წერტN ესა და ესო”, გული სწყდებოდა.

უნაბზე ლექსი აქვს დაწერილი – მარტო თბილისში ხარობსო… ძალიან უყვარდა მინდვრის ყვავილები.

დიდი ნიჭი ჰქონდა მომადლებული. ყველაფერს თითქოს იოლად აკეთებდა. დიდი შრომა მის გაკეთებულ საქმეს არ ეტყობოდა…”

გააზიარეთ

 
...