“გააგრძელე საქართველოს ისტორია” დაიხურა

6 იანვარი, 2017

– ბოდიშს გიხდით ერთგულებს. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. 14 სერია მოვაჯახირეთ და 45 წლის ისტორია ჩვენი წარსულიდან ტელე და ინტერნეტსივრცეში გავუშვით. გეგმები, იცოცხლე, დიდი გვქონდა, მაგრამ გულსატკენია, რომ “გააგრძელე საქართველოს ისტორია” მომავალ სეზონში ამ სახით აღარ გავა ეთერში – ისევ და ისევ თანხის უქონლობის გამო. მე პირადად ვერაფრით დაგაიმედებთ, რადგან დამაიმედებელს ვერაფერს ვხედავ, – აცხადებს პროექტის ავტორი, მწერალი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი.

ისტორიულ-შემეცნებითი გადაცემა “გააგრძელე საქართველოს ისტორია” დაიხურა. გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა და ტელემაყურებლებს საქართველოს ისტორიას აცნობდა.

ინფორმაცია გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, გურამ ქართველიშვილმა თავად გაავრცელა:

“ჩვენო ერთგულო მაყურებელო, შობა-ახალ წელიწადს გილოცავთ! უკვე წელიწადზე მეტია ისეთ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რომ ნაკლებად ვიცლი რაიმე განცხადების გასაკეთებლად.

2016 წელი ჩვენი პროექტისთვის კარგი წელი იყო. შევძელით 1501-1545 წლების საქართველო გაგვეცოცხლებინა შეძლებისდაგვარად, ანუ ბიჯუეტის შესაბამისად და ჩემი მეგობრების წყალობით. ისეთ გუნდთან მომიწია მუშაობა, როგორსაც ნებისმიერი სტუდია ინატრებს ტელესივრცეში და მადლობა მათ, ამ ახალ წელს, პროფესიონალიზმისთვის და მუხლჩაუხრელობისთვის.

მიუხედავად წვალებისა, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის მათთან გატარებული დღეები, და, ალბათ, თქვენთვისაც, ჩვენო ერთგულო მაყურებელო, რადგან 14 სერია მოვაჯახირეთ და 45 წლის ისტორია ჩვენი წარსულიდან ტელე და ინტერნეტსივრცეში გავუშვით.

გეგმები, იცოცხლე, დიდი გვქონდა, მაგრამ გულსატკენია, რომ “გააგრძელე საქართველოს ისტორია” მომავალ სეზონში ამ სახით აღარ გავა ეთერში – ისევ და ისევ თანხის უქონლობის გამო.

მე პირადად ვერაფრით დაგაიმედებთ, რადგან დამაიმედებელს ვერაფერს ვხედავ. ბოდიშს გიხდით ერთგულებს. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. პატივისცემით, გურამ ქართველიშვილი.”

გააზიარეთ

 
...