აღმოჩენა ივრის ნაპირზე

6 იანვარი, 2017

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა.აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი.

ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მეტრი დიამტერისა და დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლის ყორღანია.

კომპლექსის კვლევის დაწყება წელს იგეგმება, რომელშიც საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები იქნებიან ჩართული.

გააზიარეთ

 
...