3 იანვარი, 2017

“ცოტაა იდეები, რომ ნორმალური ფილმი გადაიღოთ?!”

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქართული ფილმები მსოფლიოში მოგზაურობენ და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე მთავარ პრიზებსა და ჯილდოებს იღებენ, ქართველ მაყურებლებში არიან ისეთებიც, ვისაც ეს ფილმები არ მოსწონს.

მათ შორისაა პოლიტიკოსი ოთარ ჩრდილელი:

“ძალიან, პრიმიტიულ დონეზე გადაღებულ ფილმებს გვთავაზობენ, ვითომ იუმორისტულ ჟანრში…

არანაირი ორიგინალურობა, სიტყვათა თამაში, სცენარის განვითარება, უსაზიზღრესი ლექსიკა, ყალბი ინტონაცია, არასრულფასოვანი დიქცია, გრიმასა და მიმიკა არც ჩანს მთელი ფილმის მანძილზე.

თქვენი ჭირიმე, მთლად სახელმწიფოს ნუ დააბრალებთ, რომ დაფინანსება არ არის. სახელმწიფო რასაც სცოდავს, ეგ ვიცით, გავიგეთ… მაგრამ იდეების ნაკლებობას რა ვუყოთ?! სცენარს, რომ ვერ წერთ?!

გამაგებინეთ: ფულს ხომ მაინც იზიდავთ და იღებთ ფილმებს, მსახიობები მონაწილეობენ… და თქვე კარგო ხალხო, ცოტაა იდეები, რომ ნორმალური ფილმი გადაიღოთ?! ან რას ჩააცივდით, ამ ძალად კომედიურ ხაზს?! საერთოდ უფრო ძნელია მაყურებელი გააცინო, ვიდრე აატირო. კომედიას სხვა მიდგომა და გაბარიტები სჭირდება. ჭეშმარიტ კომედიაზე ვსაუბრობ…

როგორც ფეხბურთშია ღრმა კრიზისი, იმაზე მეტად არის ჭაობში ჩაფლული ქართული კინო.

(ბუკვალურად ნუ გაიგებთ) მე, როგორც მაყურებელს არ მაინტერესებს კინოცენტრის უფროსი ვინ არის, ან ალტერნატიულ ცენტრს ვინ გახსნის და ვინ დახურავს. ხარისხიანი და მცირე ბიუჯეტიანი ფილმები არსებობს, ეს ჩემგან არ გესწავლებათ.

უნიჭიერესი ერი ვართ, ბრწყინვალე ტრადიციებით, ახალგაზრდა და ძველი თაობის მსახიობების კოჰორტას გავუფრთხილდეთ და ნუ ჩავკლავთ მათში ნიჭიერებას, მსახიობის სულს…

უბრალოდ ეს სურვილი და თხოვნაა ჩემი – როგორც ქართული კინოს, რიგითი გულშემატკივარის…”