18 დეკემბერი, 2016

თინათინ მაღალაშვილს სალონი გაუტეხეს

დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს სალონი გაუტეხეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირზე მდებარე სალონი ქურდების სამიზნე გახდა.

დიზაინერს მსგავსი უსიამოვნება წელს უკვე მესამედ შეემთხვა.

ინფორმაცია ამის შესახებ თინათინ მაღალაშვილმა თავად გაავრცელა:

“SOS! დღეს, 5:45 ისევ გატეხეს ჩემი სალონის კარი, უკვე მესამედ! საბედნიეროდ, სიგნალიზაცია ჩაირთო და ამიტომ შესვლა ვერ მოახერხეს… სავარაუდოდ ისევ ის არასრულწლოვანი ბავშვები არიან, ვინც შარშან, ორჯერ გატეხეს ჩემი სალონი. ეს ბავშვები ცხოვრობენ ჯიქიაზე , საპატრიარქოს თავშესაფარში, სადაც არის გაუსაძლისი პირობები! მთელი ღამის განმავლობაში თამაშობენ ყაზბეგის გამზირზე, 30 ნომერში მდებარე ინტერნეტ კაფეში, საიდანაც გამოდიან და იწყებენ ამ უბანში მდებარე კომერციული ობიექტების დაწიოკებას, რათა მოიპარონ ფული, რომ არ იყვნენ მშივრები! პოლიცია ისევეა შეწუხებული ამ ბავშვების დევნით, როგორც მოსახლეობა, მაგრამ არასრულწლოვანებს, 14 წლამდე “მსუბუქ დანაშაულზე პასუხისგებისგან” ათავისუფლებს სახელმწიფო! ამ ბავშვებს იცავს უამრავი ორგანიზაცია სასჯელისგან და არა შიმშილისგან!!!!

ეს არ არის ჩემი პირადი ტრაგედია, გატეხავენ თუ არ გატეხავენ კარს, შეკეთება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო და კანონი ხელს უწყობს თავისი ლმობიერი პოლიტიკითა და უყურადღებობით ამ ბავშვების კრიმინალებად ჩამოყალიბებას! შარშან ეს ჯგუფი შედგებოდა 5 ბავშვისგან, წელს უკვე 15-ნი არიან!!!

მივმართავ ყველა იმ უწყებას, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, რომ არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაული არ იყოს მკაცრად შეფასებული და ამით ხელს უწყობენ მათი რიცხვის გაზრდას და კრიმინალის გაზრდას ბავშვებში, მიაქციონ ყურადრება სად ცხოვრობენ, რას აკეთებენ, მოუწყონ თავშესაფრები და ბოლოსდაბოლოს , 21-ე საუკუნეში !!!!!!! არ უნდა შიმშილობდნენ ბავშვები!!!!”