27 დეკემბერი, 2016

“დურუჯის” გამარჯვებულები დასახელდნენ

პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები ცნობილია.

რიგით მერვე დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდნენ საუკეთესოები ნომინაციებში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს, საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს, საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი, რომლისთვისაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააწესა სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით მომავალ, 2017 წლის სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი გამარჯვებული გახდა დავით საყვარელიძე სპექტაკლისთვის “ლისისტრატე”.

ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – ლაშა ბუღაძე პიესისთვის „ლისისტრატე“.

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი – ნინო კასრაძე სპექტაკლისთვის „ლისისტრატე“.

ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გიორგი გლოველი სპექტაკლისთვის „იხვებზე ნადირობა“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარი ახალგაზრდა რეჟისორს ავთანდილ დიასამიძეს გადაეცა. ამ თანხით ის 2017 წლის სეზონზე სპექტაკლს დადგამს.

წელს “დურუჯის” პრემიაზე 20 თეატრის 33 განაცხადი შევიდა. 7 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ნომინირებული სპექტაკლები შეაფასა, მეორე ტურში 21 ნომინანტი გადაიყვანა და მათგან საუკეთესოები დაასახელა.