“ჩემი ცხოვრება ერთი მშვენიერი კატასტროფაა”

24 დეკემბერი, 2016

“ადამიანები თავიანთ შეცდომებს ხშირად გამოცდილებას უწოდებენ. მე კი ვცდილობ, დრო არ დავკარგო, რადგან უმნიშვნელოვანეს საქმეებში მთავარი ტვინი კი არა, სტილია”, – ამბობდა ცნობილი მწერალი და დრამატურგი ოსკარ უაილდი.

თავისუფლების მოყვარული და მეამბოხე შემოქმედი პირველ საფეხურზე სიყვარულს აყენებდა, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ მამაკაცებს მოწყენილობისგან მოჰყავთ ცოლები:

“მამაკაცებს მოწყენილობისგან ცოლები მოჰყავთ. ქალები კი ცნობისმოყვარეობის გამო თხოვდებიან. საბოლოოდ, ორივე მხარე იმედგაცრუებული რჩება. არადა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მხოლოდ ორი დიდი ტრაგედია შეიძლება მოხდეს – ერთი, როდესაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწევ და მეორე, როდესაც მიზანს მიაღწევ”.

ხანმოკლე ცხოვრების პერიოდში მწერალმა მოახერხა ყველა მიზნისთვის მიეღწია, შემოქმედებითი მწვერვალებიც დაეპყრო და მიწაზეც გვარიანად დანარცხებულიყო:

“ჩემი ცხოვრება ერთი მშვენიერი კატასტროფაა, სამყარო კი უბრალოდ თეატრია საკმაოდ უნიჭო დასით”.

მისი ცხოვრება მართლაც მშვენიერი კატასტროფა აღმოჩნდა. მწერალს ლიტერატურისადმი განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა. ბევრს წერდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრს კითხულობდა.
პირველმა მეუღლემ კონსტანცა ლოიდმა ოსკარ უაილდს ორი ბიჭი გაუჩინა. ბიჭები მამის მზრუნველობის გარეშე იზრდებოდნენ. მალე წყვილის ურთიერთობა დასრულდა. მწერალმა 17 წლის სტუდენტი რობერტ როსი გაიცნო. მას თავდავიწყებით შეუყვარდა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ჭაბუკი. მათი რომანი გასაიდუმლოებული იყო. მწერალმა ორმაგი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. ერთი ოსკარ უაილდი ახალგაზრდა ინგლისელი გეების გარემოცვაში ერთობოდა, მეორე ოსკარი კი ცოლის, შვილებისა და საზოგადოებისთვის წარმატებული მწერლის როლს თამაშობდა. ორმაგი თამაში რამდენიმე წელს გაგრძელდა და საბედისწეროც აღმოჩნდა მწერლისთვის.

1891 წელს გამოვიდა ოსკარ უაილდის ერთადერთი რომანი “დორიან გრეის პორტრეტი” და არნახული პოპულარობაც მოიპოვა. ლონდონმა სრული შოკი განიცადა, მწერლის შემოქმედებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. იმავე წელს ოსკარ უაილდის ცხოვრებაში 22 წლის ულამაზესი ყმაწვილი – ლორდი ალფრედ დუგლასი გამოჩნდა, რომელიც მწერალს მისი შემოქმედების სიყვარულში გამოუტყდა და გაუმხილა, რომ “დორიან გრეი” 19-ჯერ წაიკითხა.

მათი სასიყვარულო ურთიერთობა დაუსრულებელ კოცნას ჰგავდა. სწორედ კოცნის თემაზე მწერალმა დაწერა პიესა “სალომეა”, სადაც მთავარი მოქმედი გმირი მხოლოდ და მხოლოდ აკრძალულ კოცნას ითხოვდა. თეატრში პიესის დადგმა აიკრძალა, იმ პერიოდში ბიბლიური პერსონაჟების გამოყენება დიდ სცენაზე არ შეიძლებოდა. “დორიან გრეის პორტრეტის” მსგავსად “სალომეამაც” მალე შეიძინა თაყვანისმცემლები. ოსკარ უაილდმა კი წლების შემდეგ აღიარა, რომ სალომეაც და დორიან გრეიც თვითონაა.

დუგლასისა და უაილდის ურთიერთობა შესამჩნევი გახდა. ოსკარმა უფრო გამომწვევი კოსტიუმების ტარება და თავის ორიენტაციაზე აქტიურად ხაზის გასმა დაიწყო. ნამდვილი ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი აქსესუარები ლურჯი აბრეშუმის მოსასხამებმა, ბუმბულებიანმა შარვლებმა, მაქმანებიანმა პერანგებმა შეცვალეს. იმასაც ამბობდნენ, ალფრედი და ოსკარი სხვა კაცებთანაც ერთობიან, რომლებსაც ქუჩაში პოულობენ და ფულს უხდიანო. სწორედ ამ “გარყვნილების” წლებში უაილდმა შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც ლიტერატურული თვალსაზრისით შედევრებად არის მიჩნეული.

შეყვარებული წყვილის ურთიერთობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთმა ავანტიურისტმა მათი პირადი წერილები ხელში ჩაიგდო და შანტაჟისა და ფულის გამოძალვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა წერილები დაიბრუნა, ერთ-ერთი წერილი ალფრედ დუგლასის მამას ხელში მაინც ჩაუვარდა: “შენი სხეული კანით კი არა, ოქროს თხელი ფენითაა დაფარული, მინდა, მოვეალერსო მას და ვნების მორევში გადავეშვა მასთან ერთად. აპოლონი ანტიკურ ხანას ჩაბარდა. დღეს ჩემი სიყვარული შენ ხარ”. მარკიზი ისედაც ეჭვის თვალით უყურებდა თავისი შვილის ორიენტაციას და გამწარებულმა ოსკარ უაილდს შეურაცხმყოფელი წერილი მისწერა, რომელიც ასე იწყებოდა: “ბატონო, გარყვნილო ოსკარ უაილდ…” სკანდალი მთელ ლონდონს მოედო. ოსკარმა სახალხო შეურაცხყოფისთვის სასამართლოში საჩივარი შეიტანა. სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ მწერალი მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა. მარკიზის ხელში მოხვედრილი წერილი არაერთხელ გაარჩიეს და საბოლოოდ სასამართლომ მწერალი დამნაშავედ ცნო. საზოგადოებრივი ეთიკის დარღვევის მუხლით ორწლიანი პატიმრობა და კატორღული შრომა მიუსაჯეს.

როცა ოსკარ უაილდი ციხიდან გამოვიდა, გაუბედურებულმა, უკაპიკოდ დარჩენილმა, ჯანმრთელობა შერყეულმა და ყველასგან მიტოვებულმა ბოლოჯერ გაისეირნა ლონდონში და პარიზისკენ აიღო გეზი. ციხიდან გამოსულმა მწერალმა მხოლოდ ერთი შეძლო უკანასკნელი ნაწარმოების “სიღრმისეული” გამოქვეყნება, რომელიც შეყვარებული ადამიანის პოემა-წერილია.

ბალადა “მიზნის წაკითხვა წიგნად” ციხეში დაწერა, სადაც ციხეში პატიმრების არაადამიანური პირობები აღწერა. ნაწარმოები წიგნად მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა.

ოსკარ უაილდის ცხოვრებაში სარა ბერნარი აღმოჩნდა ერთადერთი ქალი, რომელსაც მან სიყვარული აუხსნა: “რთულია გავარჩიო, სად მთავრდება ბუნება და იწყები შენ”.

ამის მიუხედავად, მწერალი სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში თავის საყვარელ ადამიანთან – ალფრედ დუგლასთან ერთად ცხოვრობდა. მოულოდნელად მარტივი ინფექცია მენინგიტში გადაეზარდა და ოსკარ უაილდი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააზიარეთ