ნიკოლოზ ბარათაშვილის დაობლებული სულის გამოძახილი

5 დეკემბერი, 2016

tatoმიუხედავად იმისა, რომ ქართველმა რომანტიკოსმა პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა მხოლოდ 27 წელი იცოცხლა, ცხოვრებაში ბევრი ტკივილი და იმედგაცურება იგემა.

ტატოს შემოქმედება სავსეა სევდით, ტკივილით და პოეტის დაობლებული სულის გამოძახილით.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილიდან მაიკო ორბელიანისადმი, სადაც მისი სულიერი განცდები კიდევ უფრო ნათლადაა წარმოჩენილი:

“ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ.

არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!

ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?

ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.

,,ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“

შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!”

გააზიარეთ

 
...