“დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი”

30 დეკემბერი, 2016

პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული თავისი შემოქმედებით მკითხველს იმ სიღრმეებში ახედებს, რაც ადამიანობას, სწორად ცხოვრებას, პატიოსნებას აუცილებლად სჭირდება.

მისი ნაწარმოებები გულგრილს არავის ტოვებს და ფრაზები ლექსებიდან თუ რომანებიდან მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“არტ ინფო” ბესიკ ხარანაულის ცხოვრებისეულ კრედოს გაგაცნობთ:

“ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.”

“დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი.”

“კაცმა გაამჟღავნა გულისნადები და მარტო დარჩა.”

“დაიმახსოვრე! ერთადერთი შენი თავის წინასწარმეტყველი შენს სამშობლოშიც შენა ხარ და დედამიწაზეც.”

“ზოგ ფოთოლს უფრო მეტი თავგადასავალი აქვს, ვიდრე ადამიანს.”

„ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.”

“დაუფრაგმენტებლად რომ ჩადო სინამდვილე ადამიანში, დაიღრჩობა, ვერ გადაყლაპავს, ამიტომაც ფრაგმენტდება, ერთად არ ეძლევა.“

“ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.”

“შიგნით რომ რჩებოდეს სიყვარული, გარეთ არ გარბოდეს, დაგვიობდებოდა.”

“რა საშინელი ჯალათობაა შეყვარებულისთვის თვალების ახელა.”

„აი, ასე ვექცევი ჩემს თავს, თითქოს გზაზე თუნუქის კოლოფს მოვაგორებდე.”

„სინამდვილეში ინფორმაცია გულგრილობის სავარჯიშოა, ხალხი უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში.“

„მთელ მსოფლიოში გასაჭირი თანდათან ყველასი ხდება.“

„თუ შენი თავი თან გახლავს, კარგად ვერ იქნები.“

„როგორ გაქრება ხოლმე მიზეზები და რჩება ცარიელი ფაქტები.“

„ზოგიერთი ნაკლი ნიჭის საწინდარია, ზოგიერთი მარცხი – გამარჯვებისა.“

„გაუშლელი ფრთები მაწუხებს.“

“ისეთი ყვავილი ვარ, რომლის სუნიც მაშინ მისდით, როცა ვშორდები.”

“სიმარტოვე დადის გაღიმებულებში.”

“ზღვარია ერთადერთი, რასაც ვერაფერი გამოიგონებს.”

“ყველაზე ცუდია, მოგონებას რომ შეგიბღალავენ, იგონებ და ის აღარ არის.”

“ისე დაღლილი ვარ, რომ მთელი ქვეყნის მიწა არ მეყოფა თვალებზე დასაყრელად.”

“არავინ არ ისვრება ისე, როგორც ადამიანი – სურვილებისგან.”

“სულ ერთია, რაც უნდა იცხოვრო, მაინც „ეს“, „ამან“ და „ის“ იქნები…”

“სიგლახეს ნუ ებრძვი ჩემო თავო, თორემ დაემსგავსები.”

„ადამიანები, როცა მართლებია, ცალ-ცალკე არიან, როცა ტყუიან – ერთად.”

“წავასწარი, რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი, მერე ვიღაცის ნათქვამიც გავიგე – თავის თავს ელაპარაკებაო! სწორი გზა მიპოვნია.”

“არაფერი ისე არ ვიცი, რომ ყოველდღე თავიდან არ აღმოვაჩინო.”

“ყოველ სიტყვაზე იფრთხილე, თითქოს იპარავ.”

„შენი სიმარტოვე უჩემობაა. ჩემიც – უჩემობა.”

“არის სიტყვები, რომელთა ძალაშიც ჩვენ მაშინ ვრწმუნდებით, როცა ჩვენზე წარმოითქმება.”

„ასაკს ამხელს მოგონებები.”

„კიდევ კარგი, რომ ტანჯვის ხელოვნება მაინც არის მიუბაძველი.”

“ადამიანს, რომელსაც თავის თავის ორად გაყოფაც კი არ შეუძლია, რა უნდა მოსთხოვო.”

“სიცოცხლე დილაა, გათენებაა.”

“ვაშლივით ასხია ყველაფერს ცდუნებები.”

“ნიჭიც ნაქურდალს ემსგავსება, თუ არ იხარჯება.”

„წუთები, ადრე გარეთ რომ ვისროდი, თურმე მიწყვეტია ჩემსავე ხეზე.”

“წვრილმა სურვილებმა დამიჭამეს დიდი ზრახვები!”

“ავანტიურა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ცხოვრება აღმოჩნდა.”

“თან ცხოვრებაა და თან კოჭი უნდა უგორო.”

“ერთი პიროვნება მილიონჯერ მნიშვნელოვანია ათას საზოგადოებაზე.”

“სადაც არის ინტერესი, იქ ახალგაზრდავდება ბებერი ეშმაკი.”

“უდანაშაულოს ცრემლი სამყაროს ხელაა!”

“ჩემი თავიდან გასულს კარი მომეხურება და ყოველ წამს ახალ კარებს ვაღებ.”

“მეხსიერებას სხვა რამ ცოდვა არ გააჩნია, მხოლოდ სცოდავს სინამდვილესთან.”

“გმირი, ადამიანობას რომ იგრძნობს, ძალა ეცლება.”

“ის ამაღლდა ჩემით, ჩემიდან. რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ჭიანჭველაზე შედგე და ვარსკვლავს მიწვდე.”

“თვითონ შენ გაწუხებს, გონების თვალით რომ ჩამოირბენ და არავისთან გიჩერდება გული.”

“ყველაზე დიდი აღიარება არის შური. თუ შურთ, ესე იგი შენს წინ ფარ-ხმალი დაყარეს.”

“როცა რაიმეს ივიწყებ, მომავალს უტოვებ.”

გააზიარეთ

 
...