26 დეკემბერი, 2016

უნიკალური გრავიურები ხელოვნების სასახლეს გადაეცა

საქართველოს ხელოვნების სასახლემ მორიგი საჩუქარი მიიღო. ხელოვნების სასახლეს მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა საქართველოსთან დაკავშირებული შვიდი უნიკალური გრავიურის სამუზეუმო ასლები საჩუქრად გადასცა.

გრავიურებს შორისაა თბილისის 1838 წელს პარიზში დაბეჭდილი ხედი. მხატვარ მიკეშინის მიერ შექმნილი ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპები და დ. ფერარიოს მიერ 1818 წელს დაბეჭდილი ქართული ნაციონალური კოსტიუმები.

თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეფე თეიმურაზის 1761 წელს გამოცემული უნიკალური გრავიურა. აღნიშნული ხელოვნების ნიმუში რუსეთის იმპერატრიცას ბრძანებით სულ რამდენიმე ცალად დამზადდა. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს ოფორტი დაიღუპა და ამიტომაც თეიმურაზის გრავიურა დიდ რარიტეტულ იშვიათობად იქცა.

არჩილ გელოვანის მიერ მუზეუმისათვის გადაცემული საჩუქარი ადგილს ხელოვნების სასახლის რარიტეტულ განყოფილებაში დაიმკვიდრებს.