29 ნოემბერი, 2016

“60-ლარიანი სტიპენდიის მქონე სტუდენტს 42-ლარიანი დახმარება მოუხსნეს”

1antia_RACHVELISHVILIმეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და საზოგადოებამ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ანიტა სპეციალურ მიმართვას ლონდონიდან ავრცელებს და ქართველებს საქმის სიყვარულით კეთებას ურჩევს.

ანიტა რაჭველიშვილი:

“არ შემეძლო არ მესაუბრა იმ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე. საუბარია სოციალური დახმარების სისტემაში ძალიან დიდ ხარვეზზე, რომელიც არაერთხელ აღმოვაჩინეთ. არაერთ გაჭირვებულ სტუდენტთან მომიწია საუბარი, ესენი არიან როგორც კონსერვატორიის, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.

ძალიან დიდი ხარვეზია სოციალური დახმარების პროგრამაში. საუბარია კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტზე, რომელმაც უმაღლესი ქულებით ჩააბარა მაგისტრატურაში, რაც როგორც კონსერვატორიის ყოფილმა სტუდენტმა მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულია.

გოგონა არის ძალიან გაჭირვებული, ჰყავს ქვრივი დედა და პატარა ძმა, რომლებიც არ მუშაობენ. ამ გოგონას აქვს 60 ლარიანი სტიპენდია, რომელსაც იღებს კონსერვატორიაში. ის არაერთი ჯილდოს მფლობელია და მას მოუხსნეს 42 ლარიანი დახმარება სრულიად ამაზრზენი მიზეზის გამო. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ხარვეზის ბრალია, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს და არა სხვა რამის. არ მინდა სხვა მიზეზები დავასახელო, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ აღმოვაჩინეთ ჩვენს სახელმწიფოში.

42 ლარიანი დახმარება, რომელიც სასაცილოა, მოუხსნეს ამ გოგონას მხოლოდ იმიტომ, რომ ის კონკურსზე გაემგზავრა იტალიაში კულტურის სამინისტროს დახმარებით. სამინისტრომ მას ფული დაურიცხა ანგარიშზე. ამ კონკურსზე მან პატარა, ძალიან მცირედი პრემია მიიღო და ამის გამო 42 ლარი მოუხსნეს. 2011 წელს მოხდა ეს ამბავი, იმის მერე არაეთრხელ მიმართა სოციალურ დახმარებას, მაგრამ უარით ისტუმრებენ. გოგონა ცხოვრობს ვიღაცის სახლში, კეთილმა ადამიანმა მისცა საცხოვრებელი ადგილი, ის ახერხებს და 3 ლარზე მეტს არ ხარჯავს კომუნალურ გადასახადებზე და 60 ლარი აქვს შემოსავალი. არსად არ მუშაობს, იმიტომ რომ კარგი სტუდენტი რომ იყო ვერსად იმუშავებ, უნდა იყო კონსერვატორიაში და უნდა მეცადინეობდე. პიანისტის შრომა არის 18 საათიანი დაკვრა დღეში. სოციალური დახმარების თანამშრომლები არიან დაუნდობლები, რომლებიც სტუდენტს უხსნიან დახმარებას. იგი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სოციალური დახმარება მოუხსნეს. რომ ვაანალიზებ ეს გოგონა რითი ცხოვრობს, შოკირებული ვარ, როგორ შეიძლება 60 ლარით სამმა ადამიანმა იცხოვროს? ალბათ მეგობრები, მეზობლები და კეთილი ადამიანები ეხმარებიან მათ, სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ.

მოვითხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, სოციალური დახმარების მუშაკებს, კარგად შეისწავლონ ეს საკითხი. უმეორებენ ამ გოგონას, რომ არანაირ რეკომენდაციას აზრი არ ექნება, რადგან მას აქვს მაღალი ქულა სოციალური დახმარების მისაღებად. 60 ლარი როგორ შეიძლება იყოს მაღალი ქულა? ეს არის ჩვენი მასხრად აგდება და დაცინვა.

ყელში ამოგვივიდა ყველას, რომ მასხრად გვიგდებთ და დაგვცინით! ძველბიჭურად პარლამენტში საქმეების გარჩევა – ზუსტად ეს იყო რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომაზე – ძალიან მოგვბეზრდა. სახელმწიფო გაბარიათ თქვენ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, რას აკეთებს, როგორი თვალსაზრისი აქვს ქვეყნის მმართველობაზე… თუ შეიძლება დადექით ერთად, გაერთიანდით და მიხედეთ ქვეყანას. ამოხვედით ყელში ყველა ერთმანეთის ჭამით! თინეიჯერ ბავშვებს ჰგავხართ, რომლებიც დაერივნენ ერთმანეთს პარლამენტში და ვინ უფრო მაგარია, ამაზე ჩხუბობენ. კარგით რა, ჯერ ერთი მთავრობა ავიტანეთ თავისი არანორმალური საქციელით, მერე თქვენ აგიტანეთ 4 წელიწადი, მარტო სხვების დადანაშაულებას მოუნდით. საქმე გააკეთეთ! მოქალაქეები მოვითხოვთ და დარწმუნებული ვარ არ ვარ მარტო, რომ თქვენი ერთმანეთში ქიშპობის და კატა-თაგვობანას თამაშის ნაცვლად, დავინახოთ გაკეთებული საქმეები.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი რამ საჩვენებელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არის არაჩვეულებრივად ნიჭიერი, განათლებული, საოცარი და თუ შეიძლება საქმის გაკეთებას შეუდექით! თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენ სამსახურში არ ვართ ჩვენ მოქალაქეები, ეს თქვენ ხართ ჩვენს სამსახურში. თქვენ იღებთ ხელფასს ბიუჯეტიდან და გევალებათ რომ ქვეყნას მიხედოთ. არ გვაინტერესებს ვინ არის მართალი, ჩვენ მხოლოდ საქმის კეთება გვაინტერესებს. რასაც ამჯერად ვხედავ, ეს არ არის საქმის კეთება, ეს არის ტყუილად ხელფასის აღება და უსაქმურობა. ვინც რაიმეს აკეთებს, ასეთი ადამიანი ძალიან ცოტაა. მსგავსი სიტუაციები არ უნდა მესმოდეს ყოველი მხრიდან, თითოეული ადამიანი არ უნდა ზრუნავდეს სხვაზე, ეს ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ. რატომ უნდა მოუხსნათ 42-ლარიანი დახმარება 60-ლარიანი შემოსავლის მქონე სტუდენტს?

სად ვართ საერთოდ? როგორ შეიძლება XXI საუკუნეში მსგავს პრობლემებზე ვსაუბრობდეთ? როგორ შეიძლება რომ ვიტყვით, სიგარეტი ავკრძალოთ, ამის გამო ერთმანეთს დავერიოთ? ეს ხომ ლოგიკურია – სიგარეტი საზოგადოებრივ ადგილებში უნდა ავკრძალოთ, ამაზე ხომ ყველა უნდა შევთანხმდეთ? ის, რომ ნაგავი არ უნდა დავყაროთ, ამაზე ჩხუბი შეიძლება? ხომ ყველა უნდა შევთანხმდეთ? ისეთი მარაზმია ქვეყანაში, ერთმანეთს დაგვარიეს და ჩვენ ვერც კი ვხვდებით. ყველას აწყობს, რომ ჩვენ ვიქცეთ ბრბოდ, რომელიც არ აზროვნებს. ერთმანეთს დავერიეთ, ერთმანეთს ვუჩხუბებით, რაზე? იმაზე, რომ ჩვენი მომავალი ისევ ჩვენი საზრუნავია? მოქალაქეები გავერთიანდეთ, ჩვენ გვავიწყდება, ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე ისინი, ვინც პარლამენტში ზის და არაფერს აკეთებს.

ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, არც ერთი პარტია არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის მომავალი, ჩემი მოქალაქეების კეთილდღეობა. მთავრობასთან ერთად, მოქალაქეებიც უმოქმედოდ ვართ, არაფერს არ ვაკეთებთ. პრიმიტიული ხალხი გავხდით, ბრბო გავხდით, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს. გვითხრეს დავერიოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ზოგი ნაციონალების მომხრეა, ზოგი ოცნების და მართლა დავერიეთ ერთმანეთს. არადა გვავიწდყება, რომ ჩვენ არც ნაციონალები გვინდა, არც ოცნება, ჩვენ ჩვენი თავი გვინდა, ჩვენი შვილების მომავალი გვინდა და ჩვენი ცხოვრება გვინდა უკეთესი იყოს.

რაში გვაინტერესებს ვინ იყო პრეზიდენტი ან ვინ იქნება? რომელმა გააკეთა კარგი ქვეყნისთვის? ვინც გააკეთა კარგი, იმას მივესალმები, პატივისცემით მივმართავ, მაგრამ კერპად არ ვაქცევ. ის ამაში ხელფასს იღებს. როგორც მე მოვედი თეატრში, სიმღერაში ხელფასს ვიღებ და ამაში გენიალური არაფერია, ასე უნდა იყოს მთავრობაშიც. აქ ვმუშაობთ და ერთმანეთს პატივს ვცემთ. ნუთუ არ შეიძლება ასე პარლამენტში დასხდეთ, ერთმანეთს პატივი სცეთ და მხარში ამოუდგეთ?!

სამარცხვინოები ხართ, ტელევიზიაში ხელით ეხებით ერთმანეთს, უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებით, გაუზრდელი ბავშვებივით იქცევით, დავიგინო თუ დავიფიცო სიტყვები მესმის პარლამენტიდან. თქვენ ხომ მაგალითი უნდა იყოთ ახალგაზრდებისთვის, ხალხისთვის? რომელი ხართ მაგალითი? არც ერთი პარლამენტარი არ ხართ ჩემთვის მაგალითი. ხალხის მიმართ პატივისცემას ვერ ვხედავ და რატომ ელით, რომ ჩვენ პატივს გცემთ თქვენ? რატომ ელით რომ ხალხი არ გაგლანძღავთ და არ გაგასწორებთ მიწასთან? ამ ეტაპზე რაც გაკეთდა, არ არის საკმარისი.

ჩვენ ვართ უდიდესი პოტენციალის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საოცარი ქვეყანა თუნდაც ტურიზმით, მუსიკით, დიზაინით… სამმილიონიანი ერი ვახერხებთ გვყვადეს ენ რაოდენობის ფანტასიური მუსიკოსი, მხატვარი, დიზაინერი, სპორტსმენი… იმდენი რამეა საოცარი ჩვენში. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? რისთვის ვიბრძვით? ერთმანეთს დავერიეთ და ერთმანეთს ვჭამთ. რატომ? ვიღაცა ნაციონალია და ვიღაცა ოცნების მომხრეა. არ მაინტერესებს არც ნაციონალები, არც ოცნების მომხრეები, სანამ საქმეს არ გააკეთებენ.

აღარ მინდა გავიგო იმ სტუდენტებზე, ვინც მშიერი კვდება, ვისაც არ შეუძლია, რომ საკუთარი ოჯახი გამოკვებოს, არ მინდა გაჭირვებულების ამბები მესმოდეს. არ მინდა ეს იყო თითო-ოროლა ადამიანის საზრუნავი, ვინც თანხებს გაიღებს, დაეხმარება, მთელ შრომას ჩადებს. თუკი შეიძლება, რომ სამწუხაროდ, უბედური შემთხვევის გამო გავერთიანდეთ, როგორც თბილისის სტიქიის დროს 13 ივნისს გავერთიანდით და არ გვაინტერესებდეს ვინ რომელი პარტიის თაყვანისმცემელი და კერპთთაყვანისმცემელია, ახლა რატომ არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ?

ავირჩიეთ ხალხმა ახალი მთავრობა, ოცნების გუნდი, კი ბატონო, რა გააკეთეთ? პირველივე დღეს მოხვედით და ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეთ. ნაციონალებმა გადაწყვიტეთ პარლამენტი შესვლა, შეხვედით? კი ბატონო, ჰოდა ახლა ერთმანეთის ლანძღვის და ჭამის ნაცვლად, თუ შეიძლება, დაჯექით და საქმე აკეთეთ! ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ ვის რა დაუძახა, ვინ ვის შეაგინა, ვინ ვინ გალანძღა, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი შვილების კეთილდღეობა, ჩვენი მომავალი…

ჩვენ გვაინტერესებს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში – ეს არის განათლება, რომელიც ნულამდე დაიყვანეთ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობთ ბრბო. თქვენ გაწყობთ ხალხი, რომელიც არ აზროვნებს, ჩვენ ასეთები არასდროს ვიქნებით, ამის უფლებას არავის მივცემთ, ჩვენ ვიქნებით ადამიანები, რომლებიც დავუდგებით ერთმანეთს გვერდში და ჩვენ ვიქნებით უფრო მეტი, ვიდრე თქვენ.

ან გააკეთეთ საქმე, ან წადით! დაგვანებეთ თავი! ერთადერთი გამოსავალი გაქვთ, რომ საქმე გააკეთოთ. თქვენ ამისთვის ბიუჯეტიდან ხელფასს იღებთ და ჩვენ ამისთვის გადასახადებს ვიხდით. თუ შეიძლება, მოგვეცით საშუალება განვითარების, ნუ ჩაგვიშვით კანალიზაციაში მთელი ერი, იმიტომ რომ თქვენ გისწორდებათ ასე, იმიტომ რომ თქვენ ამით უფრო მეტ ფულს იდებთ ჯიბეში. არ ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება მართლა საქმეს აკეთებდეს.

ამოგვივიდა ყელში თბილისში მუდმივი მშენებლობები, ტროტუარის არარსებობა, ინვალიდ ადამიანებს გადაადგილების საშუალება არ აქვთ, სახლიდან გარეთ არ გამოდიან, იმიტომ რომ თქვენ არ შეუქმენით საშუალება საქართველოს არც ერთ ქალაქში. რატომ უნდა ვჩაგრავდეთ ერთმანეთს? ჩვენ ვართ ერთი, რომელსაც თბილისში ერთ კუნჭულში გვაქვს მოთავსებული 5-6 რელიგიის წარმომადგენლების ეკლესია, სამლოცველო და ვიყავით ერი, რომელიც სხვა ერს, სხვა რელიგიას, ერთმანეთს პატივს ვცემდით, სად წავიდა ქართველობა ხალხო? აღარ გვაქვს!

არავინ მითხრას, საზღვარგარეთ ხარ და შენ რა იციო. ჩახედული ვარ ჩემი ქვეყნის საქმეებში. სულ კონტაქტში ვარ ხალხთან, ვინც მანდ ცხოვრობს. თვითონ ვცხოვრობ თბილისში. შემეძლო ევროპაში ცხოვრება, მაგრამ დავბრუნდი საქართველოში, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა როგორღაც მაინც დავეხმარო.

მინდა ჩემს სტუდენტებს კონსერვატორიაში დავეხმარო, გვერდში დავუდგე. მეც გამოვიარე ეგ ყველაფერი და კარგად ვიცი. ვიცი, რას ნიშნავს იყო მშიერი. ძალიან ბევრმა ვიცით ჩემმა თაობამ, რას ნიშნავს იყო მშიერი. რას ნიშნავს არ გქონდეს არაფერი და ხედავდე დედას და მამას, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი სახლიდან არიან გასულები, მაინც ვერ გაჭმევენ ვერაფერს. რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ, ნუთუ არ შეიძლება ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, დავივიწყოთ მთავრობა, პრეზიდენტები და ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ ქვეყანა აშენდეს.

ნუ ვკამათობთ იმაზე, რატომ უნდა იყოს აკრძალული მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რატომ უნდა გინდოდეთ დახრჩობა? ან ისინი, ვინც ეწევით, ან ისინი ვინც არ ვეწევით, რატომ გინდათ დაგვახრჩოთ. რატომ არ გინდათ საღი აზრის გარშემო ვერთიანდებოდეთ?

ჩემს ვიდეოსაც მილიონი საზიზღარი კომენტარი მოყვება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რატომღაც ადამიანები დგებით დილას და გინდათ სხვა გალანძღოთ. არა! ხომ შეიძლება სიყვარულით გავაკეთოთ რასაც ვაკეთებთ. სიყვარულის მეტი არაფერი გვჭირდება. ხომ შეიძლება ქუჩაში რომ გაგიღიმებთ, თქვენც გამიღიომთ და უცნაურად კი არ შემომხედოთ, რომ ავადმყოფი ვარ. დილას რომ ვდგები და გავდივარ სახლიდან, მინდა ადამიანი ბედნიერი გავხადო. ჩემი მიზანია და ეს ბედნიერს მხდის. ხომ შეიძლება მიზნად დავისახოთ, რომ ერთმანეთი გავხადოთ ბედნიერი. გაიღვიძეთ და თქვით, “დღეს მე ვის რა ვარგე”.

ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის აღქმა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მთავრობისგან ნურაფერს ველოდებით, ისინი, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებენ. გავერთიანდეთ სიყვარულში და დავეხმაროთ ერთმანეთს იმ საქმის გაკეთებაში, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის არის საჭირო.

მწარედაც ნუ გამლანძღავთ, ვინც აპირებს რომ გამლანძღოს, რადგან გულიდან ვთქვი ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და მაშფოთებს ის ისტორიები, რომლებსაც ვისმენ.”