16 ნოემბერი, 2016

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” განმარტებებს აკეთებს

sulak“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ თარგმნილმა შარლ პეროს ზღაპარმა “ვირისტყავა” საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

აღშფოთებულმა მკითხველებმა გამომცემლობის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, კარგად წაიკითხონ ის ლიტერატურა, რომლის დაბეჭდვასაც აპირებენ, შარლ პეროს “ვირისტყავას” კი მარაზმი და ინცესტის ზღაპარი უწოდეს:

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია.

გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა – გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად.

საბრალო გოგომ არ იცოდა რა ექნა. შეწუხებულმა მეგობარ ფერიას სთხოვა დახმარება.” – ეს არის ნაწყვეტი შარლ პეროს ზღაპრიდან ,,ვირისტყავა”, რომელმაც ქართული საზოგადოება განარისხა.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ზღაპართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

“გვსურს გამოვეხმაუროთ 14 ნოემბერს ,,იისფერი სამყაროს” ფეისბუქის გვერდზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ თარგმნილი ზღაპრის, ,,ვირისტყავას” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

,,ვირისტყავა” შარლ პეროს ზღაპარია, რომელიც პირველად 1695 წელს გამოიცა და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ზღაპრის მრავალი ადაპტირებული ვერსია, როგორც რომანის, მოთხრობის, ასევე პოემისა და ფილმის სახით.

ზღაპრის მიხედვით გადაიღეს ფრანგული ფილმიც ,,ვირისტყავა”, რომელშიც ცნობილი მსახიობები, კატრინ დენევი და ჟან მარე თამაშობენ.

ჩვენ მიერ გამოცემული „ვირისტყავა“ ამ ზღაპრის ერთ-ერთი ადაპტირებული ვერსიაა.

მხატვრულ ლიტერატურაში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც მკითხველის კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებენ. მეორე მხრივ, არიან პერსონაჟები, რომლებიც ჩვენში უარყოფით ემოციას იწვევენ. ასეა ზღაპრებშიც, სადაც არიან ე.წ. კეთილი და ბოროტი გმირები, რომელთა შენარჩუნება ნაწარმოების ადაპტირებულ ვარიანტშიც აუცილებელია, რადგან სწორედ მათი გაცნობის შედეგად სწავლობს ბავშვი სიკეთისა და ბოროტების გარჩევას.

სერიაში ,,წიგნი ყველა ბავშვს” შესულია კლასიკური, ცნობილი, ფართოდ გავრცელებული ზღაპრები, რომელთა შორის, გამომცემლობის აზრით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფრანგი კლასიკოსი მწერლისა და მეზღაპრის შარლ პეროს ზღაპრებსაც, რომლებიც ქართულ ენაზე აქამდეც არაერთხელ გამოცემულა.”

z