ქეთოს კაბა აღდგენილია

2 ნოემბერი, 2016

qetos-kabaქართული ეროვნული საგანძურის გამორჩეული ნიმუში, ქართული კინო ხელოვნების თავისებურ სიმბოლოდ ქცეული ქეთოს კაბა, ფილმიდან “ქეთო და კოტე” 6 თვიანი სარესტავრაციო პროცესის შემდეგ დღეს ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ოქროსფერ დარბაზში დაუბრუნდა.

ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე ნახევარი წელი მიმდინარეობდა. კოსტიუმს ბევრი რამ ჰქონდა სარესტავრაციო. თავიდან დამაგრდა კაბის თეთრი ბუმბული, რისთვისაც გედის ღინღლი და ბუბმბულია გამოყენებული. კაბის ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ბოლო პერიოდი ხელოვნური მასალით გახლდათ შეცვლილი. გამაგრდა კაბის ატლასის საფუძველი და მთლიანად გაიწმინდა.

კაბა ცნობილი ქართველი მხატვრის ფარნა ლაპიაშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა, იგი დიდი ხანი კინოსტუდიაში ინახებოდა და 5 წლის წინ ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

ხვალიდან ქეთოს მშვენიერი კაბის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ქეთოს კაბის აღდგენის პროცესი მთლიანად დააფინანსა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა. ამავე ფონდის დაფინასებით კიდევ 6 უძვირფასეს კოსტიუმს უტარდება რესტავრაცია და უახლოეს მომავალში ფონდისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვანების სასახლეში ქართული ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი პირველი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება.