“მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრია”

22 ნოემბერი, 2016

gizoარაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა და კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში.

მთელი თავისი შენგებული ცხოვრება მან ქართულ თეატრს მიუძღვნა და საკუთარი სპექტაკლებით თქვა ის სათქმელი, რისი მიტანაც მაყურებლამდე სურდა.

“არტინფო” გიზო ჟორდანიას ცხოვრების ეტაპებს გაგაცნობთ:

***

“რომ ამბობენ, დედა არ ვარგა, გადავაგდოთ, მამა არავინ არ არის, ბაბუა არავინ არ არის, ბებია არავინ არ არის, არავინ არაფერი არ არის, რაც ხარ შენ ხარო, ვინ ხარ? საიდან მოხვედი? იცი რომ წააგებ? ხომ მართლაც წააგეს? მაგრამ სანამ წააგეს, შეჭამეს ქვეყანა. ბაღი თუ არ გამარგლე, არაფერი გამოვა, მაგრამ რომ დაიჭერ ცულს და ყველაფერს აჩეხავ, იმიტომ რომ შენ დროს არ დაირგო, ეს რა წესია? წააგებ და ეს წაგება ძვირად დუჯდებათ ადამიანებს. ამ რეჟიმის დამკვიდრების სურვილს თან სდევს საზოგადოებაში უთანხმოება და აგრესია. რატომ ხლიჩავენ საზოგადოებას? არ ჯობია ყველა ერთად იყოს – დედა, მამა, შვილი? პატარ-პატარა კონფლიქტები ყველ ოჯახშია და ეს ბუნებრივია. ახალგაზრდა კაცს რომ ეუბნები, მთავარია შენი სამსახური და თუ კაცი კვდება, გადააბიჯე და წადი სამსახურშიო, განა ადამიანზე დიდი რამე შეუქმნია მსოფლიოს? ის მსოფლოს გვირგვინია! თუ თანაგრძნობით არ ვიცხოვრეთ, ისე რანი ვართ? გამოვედი ქუჩაში, გაუსაძლის სიცხეში კაცი დავრდნილა, ცხვირიდან სისხლი სდის, გვერდზე ამერიკული სკოლაა, ბავშვები მიდიან-მოდიან და არც ერთმა არ უთხრა, ბაბუა, ბიძია, რა მოგივიდაო, მათი მშობლებიც მიდიან-მოდიან. არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს, მაგრამ გადავირიე ასეთი უყურადღებობით, ცხვირსახოცი მივეცი, დავეხმარე როგორც შემეძლო. მერე თეატრში ის კაცი ჩემთან მოვიდა, მომესალმა, ფეხზე იყო დამდგარი, მითხრა, ის კაცი ვარ, რომ მიშველეო და შემრცხვა… შემრცხვა იმისი, რომ იქ მეცხრე-მეათე კლასის გოგო ბიჭები და მათი მშობლები დადიოდნენ და ვითომ არაფერი. ჩემთვის უნდა გაეგლიჯათ ეს კაცი ხელიდან, არა ჩვენ მოვუვლითო.”

***

“სხვის ჯინაზე არასდროს არაფერი გამიკეთებია. არც არასოდეს შემშურებია სხვისი. ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც მისი ადეკვატურია და არა ვინმეს ჯინაზე იმოქმედოს. არავის უნდა დაემსგავსო, შენ უნდა იყო შენ და მორჩა! არ უნდა ჩათვალო, რომ ვინც შენთან არ არის, ის შენი მტერია. რანაირად შეიძლება სხვისი აზრი ანადგურო იმიტომ, რომ ის არ ფიქრობს ისე, როგორც შენ გინდა. ეს ადამიანის გადაგვარების მცდელობაა. კომუნისტურმა წყობილებამ ბევრი სიავე მოიტანა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არაფერი არ ვარგოდა. მთელი ქართული კლასიკა ამ პერიოდში შეიქმნა, თუნდაც დახვრეტილი ხალხი ავიღოთ. ამას უფრო ტოლერანტული განხილვა სჭირდება, მარტო იმის ლაპარაკი, რომ ვინც იქით არის, ჩემი არ არის და ვინც აქეთ არის ჩემიაო, ეს არ არის სიმართლე. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, იცით, დღეს რომ თეატრალური უნივერსიტეტი ამ შენობაშია, ჯუმბერ პატიაშვილის დამსახურებაა? ჩვენს ინსიტიუტს არ ჰქონდა შესაფერისი ტერიტორია, სადაც სასწავლო პროცესს წარმართავდა. ჩვენთან გადიოდა “სამანიშვილის დედინაცვალი”, რომელიც დავდგი და შემდეგ ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები გახდნენ რუსთაველის თეატრის მცირე სცენის მსახიობები. ამ სპექტაკლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გახმაურდა, უთხრეს პატიაშვილს, ისიც დაინტერესდა და სპექტაკლის ნახვა მოუნდა. მითხრეს, მოდისო, მაგრამ არავის ეგონა, თუ მოვიდოდა. დააგვიანა 1-2 წუთი, მოვიდა დაბღვერილი და ნახევარ საათში ფოიეში მოგროვდნენ მისი აპარატის თანამშრომლები. ანტრაქტზე არ გამოვიდა გარეთ. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ბოლო გამოვიდა დარბაზიდან და ყველა დაიმალა, ვაითუ არ მოეწონა და გადაგვიარა, აქ სად მომიყვანეთო. მე დასამალი რა მქონდა, ბავშვები იყვნენ და კარგად ითამაშეს სპექტაკლი. ბატონი ჯუმბერი მოვიდა და მითხრა, არც მეცინება და არც ვტირივარ, ამ სპექტაკლს რომ ვუყურე, ბევრიც ვიცინე და შენ წარმოიდგინე, ცრემლიც მომაწვა თვალებში და რა გჭირდებათო. ვუთხარით, რომ არ გვქონდა შესაბამისი ტერიტორია. მოგიგვარებთო, დაგვპირდა. მაშინ ჩვენს შენობაში კულტურის სამინისტრო იყო განთავსებული მესამე და მეოთხე სართულებზე. ჩვენ მხოლოდ მეორე სართულზე ვიყავით და როგორ ვეტეოდით, ახლაც არ ვიცი. საბოლოოდ კულტურის სამინისტრო გადაიყვანეს კაზარიანცის შენობაში და მთელი შენობა მისცეს თეატრალურ ინსტიტუტს. თეატრალურმა კოლექტივმა, ჯგუფმა და ცეკას მდივანმა ერთობლივი შეთანხმებით მოაგვარა ამხელა უნივერსიტეტის პრობლემა. ეს ამბავი ხანდახან მივიწყებას ეძლევა და რატომ არ უნდა ვთქვათ?! ამ ადამიანმა ასეთი სიკეთე გააკეთა და არ უნდა მოვყვე ხოლმე? უძახე ახლა მას კომუნისტი.”

***

“თეატრალურში უცნაური ამბავი ხდება. დრამატული თეატრის მსახიობი არ არის უზრუნველყოფილი ადამიანი. ადგილი არ არის ხოლმე თეატრში, ხელფასი პატარაა, უჭირთ, მაგრამ მაინც ზღვა ხალხი აბარებს თეატრალურში. კონკურსის ციფრი ხან აიწევს და ხან დაიწევს, მაგრამ რაღაც თამასაა, რომელიც არასოდეს იწევს დაბლა. ეს ძალიან მიკვირს, შიმშილისთვის განწირული ხალხია, მაგრამ მაინც უნდათ მსახიობობა. კიდევ იცით რა არის უცნაური? კაცი აბარებს და თეატრში არ ყოფილა, ნუ შეიძლება ერთი-ორჯერ იყო და ამას ჰქვია, რომ არ დადის თეატრში. ვეკითხები, თეატრში არ ყოფილხარ და რატომ აბარებ თეატრალურში-მეთქი და ამბობენ, რომ უნდათ და მორჩა! ვიღაცის თამაშის და რაღაცის წარმოდგენის სურვილი აქვს ამ ბავშვს ისეთნაირად, რომ არ უნახავს ამას როგორ აკეთებენ, ეს სისხლში აქვს, გენებში აქვს და მსახიობობა უნდა, სიმღერა უნდა, თამაში უნდა. ჩვენ ხომ თეატრალური ხალხი ვართ – ჩვენი ქორწილი თეატრია, ჩვენი პანაშვიდი თეატრია, ჩვენი უბედურება თეატრია და ჩვენი ბედნიერებაც თეატრია – მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრია. ხალხი კარგად თამაშობს, გენიალურად თამაშობენ მწუხარებასაც და სიხარულსაც.”

***

“მომავალ თაობას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მარტო ვინმეს გამო მსახიობი ვერ გახდები, ნიჭი უნდა გქონდეს. რუსთაველის თეატრში სალაროში წარწერები იყო, მერაბ ნინიძე, კიდევ როდის ითამაშებ, რომ გნახოთო და ხელს აწერდნენ. როცა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გადავიდნენ, ამ ჯგუფის სპექტაკლზე ბილეთი არ იშოვებოდა.”

***

“მიყვარს მარჯანიშვილის თეატრი. ლევან წულაძე კარგი რეჟისორია. ამას ვამბობ არა როგორც მისი პედაგოგი, არამედ როგორც რიგითი მაყურებელი და ერთ-ერთი რეჟისორი. ბევრი მოწაფე მყავს, მაგრამ ისე ვერ აკეთებენ იმას, როგორც უნდა გააკეთონ. ასეთზე არ ვიტყვი, რომ კარგად იქცევა, გავჩერდები. არც მივუთითებ. რა უნდა მივუთითო? იგავ-არაკების საშუალებით შეიძლება ამის გაკეთება, თან შენი თავი უნდა ჩააყენო მის მდგომარეობაში. არ უნდა დაგავიწყდეს, შენ რომ მისხელა იყავი, შენც გეშლებოდა. შენც ბევრი შეცდომა და შეცოდება დაგრჩა.”

***

“როცა წავედი საოპერო თეატრიდან, ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იმ ეტაპზე ამოვწურე. ოთარ თაქთაქიშვილი ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, არ უნდოდა რომ წავსულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა არც მე მინდოდა. არც ერთმა წინადადებამ არ მომხიბლა, რომ იქ დავრჩენილიყავი. იმ პერიოდში ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ შემომთავაზა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა, თვითონ გადაღებებზე მიდიოდა და იყავი მთავარი რეჟისორი, იმუშავე, ოღონდ დირექტორობა არ მოინდომო, მანდ მე ვარ დირექტორიო. გიგას საოცარი იუმორი ჰქონდა. რისკიანი კაცი იყო, მანდო თავისი თეატრი. რეჟისორს რომ შეუშვებ თეატრში, ეს ერთგვარი რისკია. ამაზე არ წავედი. კაკო ბაქრაძეც მეძახდა რუსთაველის თეატრში. ამ დროს გამოჩნდა გრიბოედოვის თეატრი, იქაც ხელოვნური ბარიერი შემიქმნეს, რომ არ მივსულიყავი. არსად არ უნდა წავსულიყავი, უნდა დავრჩენილიყავი ოპერის თეატრში. ამ პერიოდში ტოვსტონოგოვი მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ და გრიბოედოვის თეატრი ცარიელი იყო. საკონფლიქტო ადგილი არ იყო, ამიტომ უფრო იქით გამიწია გულმა. არც გრიბოედოვის თეატრი იყო მარტივი, თუ არ მოეწონებოდი, ეგრევე აგაფეთქებდნენ. გიგას რომ ვუთხარი, გრიბოედოვის თეატრში მივდივარ სამუშაოდ-მეთქი, მითხრა, არა უშავს, მანდ ორი “სროკი” მოვიხადეო. ყველანაირად ცდილობდა ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი, რომ დავეტოვებინე ოპერის თეატრში, მაშინ ბატონი ოთარი კულტურის მინისტრი იყო. დამიბარეს, მივედი, ოთარმა თქვა, მოლაპარაკება მქონდა ოთარ ჯანგიშერაშვილთან, რომელიც რუსეთში ძალიან წარმატებულად მუშაობსო. მინდოდა აქ ჩამოსულიყო და ემუშავაო. მდივანი შემოვიდა და თქვა, ჯანგიშერაშვილი აქ არის, ჩამოსულაო. შემოვიდა და თქვა, დიდი მადლობა ბატონო ოთარ ასეთი პატივი რომ დამდეთ და გრიბოედოვის თეატრში მომიწვიეთ, მაგრამ ბატონი გიზო უმუშევარია და მე ამას ვერ გავაკეთებ, ბოდიში უნდა მოგიხადოთო. ეს თქვა, ოთარ თაქთაქიშვილს არ აცალა პასუხის გაცემა, მოტრიალდა და წავიდა. ეს გააკეთა ოთარ ჯანგიშერაშვილმა ჩემს მიმართ. ეს როგორ არ უნდა მახსოვდეს?”

***

“მე არაფრის მეშინია… ისე შიში ყოველთვის ცუდი კი არ არის. ელისაბედ დედოფალმა შიშის ფასი იცოდა, მას ყოველთვის ეშინოდა ხალხის და მის დაკვეთას ასრულებდა, ამიტომ უყვარდა იგი ხალხს, თორემ მარიამ სტიუარტი დაახრჩო. ის ხალხის იმ დაკვეთას ასრულებდა, რომელიც სამართლიანი იყო. თავის შინაგან სურვილებს გადალახავდა, მონარქი იყო, მისი სიტყვა კანონი იყო, მაგრამ ხანდახან სიტყვა უკან მიჰქონდა და ისე აკეთებდა, როგორც ხალხს სურდა, იმიტომ რომ ხალხით სუნთქავს ქვეყანა.”

***

“ჩემი ერთ-ერთი სპექტაკლი “ჰაჯი მურატი” მსოფლიო პრობლემებთან მსგავსების გამო დავდგი. ამ ნაწარმოებში არ არის მხოლოდ რუსეთის და კავკასიის პრობლემები, ეს მსოფლიო პრობლემებია. შიში, მდუმარების სურვილი სახელმწიფოდან, რომ მისმა მოქალაქემ ხმა არ ამოიღოს, გაჩერებული იყოს, მისი დამონების სურვილი, ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრის, ერთი ადამიანის მიერ მეორეზე გაბატონების სურვილი – ამაზეა საუბარი ჩვენს სპექტაკლში. ყველა ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს. მთაში მეტი თავისუფლებაა და ის ვერ იტანს ნიკოლოზ პირველის რეჟიმს, რომელიც შემდეგ საფუძველი გახდა დიდი რეჟიმების. ამ ნაწარმოებში იმდენი რამ არის დამაფიქრებელი, იმდენი რამეა დღევანდელ ტკივილზე, არ შეიძლებოდა ეს არ დამედგა. ცხოვრების წესის არსებობის არჩევანი ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს და მას არავის კარნახი არ სჭირდება. ჰაჯი მურატს არც ნიკოლოზის რეჟიმი მოსწონდა და არც შამილის მათრახი. ის ზოგადად ყველანაირი რეჟიმის წინააღმდეგია, მას თავის პატარა კუთხეში თავისუფლად ცხოვრება უნდა. ჰარმონიული ადამიანია, ცოლი უყვარს, თავისი მეოთხე ცოლი სოფია, თანაც იმდენად, რომ ვორონცოვის მეუღლეს შეუყვარდა ჰაჯი მურატი და არ გაცვალა. თითიც არ დააკარა, შეიძლება ერთი-ორჯერ წაცდა ხელი, მაგრამ ეგ არ ითვლება, უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე, ეს ჰარმონიულობას ნიშნავს. ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში გაუგებარიც არის, რატომ თქვა უარი. ბოლოს ხვდება ჰაჯი მურატი, რომ ვერ მოიპოვებს თავისუფალ და ბედნიერ ცხოვრებას იმ შევარდენივით, რომელიც სხვა ქვეყანაში გადაფრინდა, იქ დაიწყო ცხოვრება და იქაურმა მჭედელმა ვერცხლის ზანზალაკები დაუკიდა ფეხზე, რომელიც არასოდეს მოშორდება. როცა თავის ქვეყანაში გადმოფრინდა შევარდენი, თავისიანებმა დაკორტნეს ამ ზანზალაკების გამო. გავიხსენოთ სააკაძე, უბედური კაცი იყო, უნიჭიერესი, თავისი შვილის თავი გაწირა სამშობლოსთვის, მან თავიდანვე იცოდა, რომ შვილს ვერ გადაარჩენდა. ჰაჯი მურატსაც ასე მოუვიდა, როცა მიხვდა, რომ უნდა გაექცეს რუსეთს და გადაარჩინოს ოჯახი, არ გამოუვიდა და მოჭრეს თავი. მას მესამე ძალამ მოჭრა თავი და თანაც ისე, რომ მისთვის არ დაებრალებინათ, თავისიანს მოაჭრევინა თავი, მისი ტომის კაცს. ესეც იმპერიის დიდი ხრიკია.”

გააზიარეთ

 
...