თაზო თოლორაია – ღიმილის ბიჭი დიდი სევდით

9 ნოემბერი, 2016

tazo-toloraiaთბილი, მხიარული, რომანტიკული, ლაღი და იუმორით აღსავსე ადამიანი – ასე ახასიათებენ თეატრისა და კინოს მსახიობს თაზო თოლორაიას მისი კოლეგები და მეგობრები.

მართლაც მსახიობი ყველაფერს იუმორით უყურებდა და სულ ამბობდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იუმორიაო.

თაზო თოლორაიას სავიზიტო ბარათად მისი ცხვირი იქცა, რომელმაც პროფესიულ საქმიანობაში არაერთი საინტერესო როლი განასახიერებინა.

კოტე თოლორაიასა და თამარ სხირტლაძის ერთადერთი შვილი 51 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

“ბაკულას ღორები”, “ესმერალდა“, “წამება დედოფლისა”, “სისხლიანი ქორწილი” – ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. რაც შეეხება კინოროლებს, ის პირველად ფილმში “ცისკრის ზარები” გადაიღეს, რასაც მოჰყვა “ღიმილის ბიჭები”, “კუკარაჩა”, “ჯადოსნური ღამე”, “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”.

მიუხედავად იმისა, რომ თაზო თოლორაია კინოშიც აქტიურად მუშაობდა, მისი მთავარი საქმე მაინც თეატრი იყო. მსახიობი არ მალავდა, რომ იმ დღეს დღედ არ მიიჩნევდა, როდესაც რეპეტიციები არ ჰქონდა.

დატვირთული კარიერის პარალელურად, პირადი ცხოვრებისთვისაც იცლიდა და რომანტიკული და ცოტათი მორიდებული მსახიობი სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

პირველ მეუღლესთან ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. მსახიობი მალევე შეხვდა მეორე მეუღლეს მარინა წულუკიძეს, რომელთანაც თუმანიშვილის თეატრმა დააკავშირა. თეატრის კონცერტმაისტერი ყურებამდე შეუყვარდა მსახიობ ბიჭს და სიყვარულში გამოუტყდა. საბედნიეროდ, მათი სიყვარული მყარი აღმოჩნდა და 25 წელი წყვილმა ერთად ბედნიერად იცხოვრა:

“თაზოში მომხიბლა იმან, რომ მაღალი, საკმაოდ განათლებული, ხელგაშლილი და იუმორით სავსე ადამიანი იყო. ქუჩაში რომ მივდიოდით ერთად, მისი დანახვა ხალხში ღიმილს იწვევდა. არადა თაზო სევდიანი ადამიანი იყო, უბრალოდ, გარეთ არ აჩვენებდა ამას. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ ცოლად გაყოლას მაინც ვერ ვწყვეტდი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო წინააღმდეგი. ერთ მშვენიერ დღესაც მის მანქანაში ჩავჯექი და წავედით. თეატრიდან ერთად გამოვედით. ერთ ადგილას წასასვლელი ვიყავი და მითხრა, მიგიყვანო. მაშინ პირველად არ ჩავმჯდარვარ მის მანქანაში. ყოველთვის მივყავდი და მოვყავდი. ხშირად ამბობდა თავის ინტერვიუებში, მანქანა რომ დავქოქე, ზუგდიდში ჩავაქრეო. ზუგდიდში მის ნათესავებთან წავედით. მახსოვს, ცოტა ვიპრანჭებოდი. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვმხტარვარ. მერე თვითონ კი მეუბნებოდა, თუ არ გინდოდა, გადმომხტარიყავიო. ეს იყო სიყვარული, რაშიც ჩემს თავს არ ვუტყდებოდი.”

თაზო თოლორაიამ მოახერხა, რომ პირველი და მეორე მეუღლე დამეგობრებულიყვნენ და ერთმანეთთან ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა ჰქონოდათ:

“არანაირი ინტრიგები არ გვქონია და ეს თაზოს პლუსია – კარგი მეუღლეები შეარჩია.”

მსახიობი არაჩვეულებრივი მამა იყო. ქალიშვილს საუზმესაც უმზადებდა, სკოლაშიც მიჰყავდა და მოჰყავდა და მაქსიმალურად მეტ დროს ატარებდა შვილთან:

“ჩემი ქალიშვილი დამცინის ხოლმე – შენ არცკი გაგიგია, როგორ გავიზარდეო. თაზო ყველაფერს უკეთებდა თაკოს. ყოველ დილით, სკოლაში რომ მიდიოდა, საუზმეს უმზადებდა, მიჰყავდა, მოჰყავდა და, რაც მთავარია, ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ ვინმე ავალებდა, ამის კეთება თვითონ სიამოვნებდა.”

როგორც მისი მეუღლე აღნიშნავს, მსახიობში დიდი დოზით იყო სიყვარული და გულწრფელად ეცოდებოდა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეეძლო:

“თაზო ხშირად ამბობდა – მეცოდება ის ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლიაო. ახლა, როცა თაზო აღარ არის, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ბევრი რამის პატიება შეიძლებოდა. შემეძლო, უფრო მიმტევებელი ვყოფილიყავი.”

გააზიარეთ

 
...