20 ოქტომბერი, 2016

ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ იორკში გამოიფინება

marita1ამერიკული არტ პრომოუშენ კომპანია Madatart წარმატებით აგრძელებს ნიუ იორკში ქართველი მხატვრების წარდგენას.

2016 წელს მათ მიერ ორგანიზებულმა ოთხივე გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. ამერიკელმა დამთავლიერებელმა 30-მდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები იხილა.

როგორც “არტინფომ” შეიტყო, კომპანია მეხუთე გრანდიოზული გამოფენის გამართვას ნიუ იორკში დეკემბერში აპირებს.

ამ გამოფენის საპატიო სტუმარი კი ცნობილი ქართველი მხატვარი გია ბუღაძე იქნება.

გამოფენის დეტალებზე გამოფენის კურატორს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ:

– Madatart განაგრძობს ნიუ იორკის საუკეთესო გალერეებთან თანამშრომლობას. ალბათ თქვენს მკითხველს ემახსოვრება, ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენით ნიუ იორკის შემოდგომის საგამოფენო სეზონი გახსნა ემანუელ ფრემინ გალერიმ. ეს გალერეა საკმაოდ პოპულარულია ნიუ იორკში და მასში მსოფლიო დონის არტისტები იფინებიან.

mxatvrebi

ამჟამად იქ ძალიან ცნობილი ტაივანელი სკულპტორის Hung Yi-ის სკულპტურებია გამოფენილი. ბატონი Hung Yi გიგანტური ზომის ქანდაკებებზე მუშაობს, რომლის განთავსებაც გალერიში შეუძლებელია ამიტომ Emmanuel Fremin Gallery იმ ნამუშევრების ნაწილი მანჰეტენის ცენტრში განათავსა. karnavali

Fancy Animal Carnaval ძალიან პოპულაურია ნიუ იორკში და ამ ქანდაკებებს ყველა ტურისტის ფოტოებში შეხვდებით. აი ასეთი დონის გალერეა გვმასპინძლობდა სექტემბერში და ჩვენმა გამოფენამაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.

– ამჯერად სად გამოიფინება ქართველი მხატვრების ნამუშევრები?

– მომდევნო გამოფენას Artifact Gallery უმასპინძლებს. გამოფენა 6-11 დეკემბერს გაიმართება, ხოლო გახსნის საზეიმო საღამო 7 დეკემბერს იგეგმება.

galerea-sadac-gamofena-iqneba

– სად მდებარეობს ეს გალერეა და რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი?

– გალერეა მანჰეტენის ისტორიულ ქუჩაზე Orchard street ორჩარდ სტრიტზე მდებარეობს, რომელიც განთქმულია გალერეებით, რესტორნებითა და კაფე-ბარებით. ქუჩაზე მუდმივად ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა საშობაოდ ქალაქი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მასპინძლობს. აქვე არის ცნობილი ემიგრაციის მუზეუმი Tenement მუზეუმი. სადაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ნიუ იორკში საუკუნის დასაწყისში ჩამოსული ემიგრანტების საცხოვრებელი ოთახები. საერთოდ, ეს ქალაქის ისტორიული ნაწილია და მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა. გალერეა ორსართულიანი, დიდი ვიტრინები პირდაპირ ქუჩაზე გადმოდის და მუზეუმის გვერდით მდებარეობს.

– ვინ მონაწილეობს გამოფენაში და როგორ ხდება მხატვრების შერჩევა?

– პირველი, რაც მინდა გამორჩეულად ავღნიშნო, ბატონი გია ბუღაძის მონაწილეობაა. ძალიან გამიხარდა, რომ დამთანხმდა. ეს სტიმულია ჩემთვისაც და მედეთარტის ახალგაზრდა მხატვრებისთვისაც. ასევე ჩვენს გამოფენაში ჩართულები არიან ემიგრანტი მხატვრები ამერიკიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან.
გამოფენაში მონაწილეობენ ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო ქურდაძე, ალეკო აჭარაძე, ნინო კიკვაძე, ლაშა ბერაია, პაპუნა დაბრუნდაშვილი მეუღლესთან თიკა გზირიშვილთან ერთად, დავით არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე და ავთანდილ გახოკიძე. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს ნიჭიერ ხელოვანებს საქართველოდან, რომლებსაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. მოგეხსნებათ, ასეთი ადამიანების ადაპტაციისთვის საქართველოში ძალიან ცუდი პირობებია შექმნილი, მათ ხშირად ხელი აქვთ მომავალზე ჩაქნეული და სტიმული ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ბატონი რეზო მექვაბიშვილი ძალიან ნიჭიერი და, რაც მთავარია, ოპტიმისტი ადამიანია. არაჩვეულებრივად ხატავს და დეკემბრის გამოფენაზე ის ამერიკელ დამთვალიერებელსაც გააცნობს საკუთარ შემოქმედებას.

mxatvreb

– ჯგუფის შედგენა დასრულებულია?

– არა, ჯერ არ დასრულებულა. მსურველებს კიდევ შეუძლიათ შემოგვიერთდნენ. შესარჩევ ჯგუფში მოსახვედრად საჭიროა გამოგვიგზავნონ ბიოგრაფია და სამი ნამუშევარი შემდეგ მისამართებზე: marita@madatart.com ან dameniaart@gmail.com ამ გამოფენისთვის კატალოგსაც ვამზადებთ და სასურველია მონაწილეობის მსურველები დროულად დარეგისტრირდნენ, რომ კატალოგშიც მოხვდნენ.

– რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე და გაგრძელდება თუ არა ამერიკაში ქართველი მხატვრების გამოფენები?

– რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ამ ზამთარს გვსურდა გამოფენა კალიფორნიაში გაგვეკეთებინა, თუმცა იქ დატრიალებული სტიქიური უბედურებების გამო, წელს ალბათ თავს შევიკავებ და შესაძლოა ზამთრის სეზონის გამოფენა ლოსანჯელესში გაიმართოს. ხოლო მარტიდან კვლავ განახლდება ნიუ იორკის გამოფენების ციკლი. გარდა ამისა, ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ რამოდენიმე არტფესტივალში. მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთულიი და საინტერესო გვექნება. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება. დამატებითი ინფორმაციების მისაღებად გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებგვერდს ან ფეისბუქს: www.madatart.com ან  https://www.facebook.com/Madatart-864438133679029/?fref=ts-

mxatvr

“არტინფო” გამოფენის საპატიო სტუმარს, მხატვარ გია ბუღაძეს დაუკავშირდა:

– რა თქმა უნდა, ეს გამოფენა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე და მარიტა დიდი ხნის მეგობრები ვართ. სანამ მარიტა საქართველოში იყო, აქტიურად ვთანამშრომლობდით და ეს ურთიერთობები დღესაც გრძელდება.

მარიტა თანამშრომლობს დამწყებ მხატვრებთან, მხარს უჭერს მათ და ეს მისასალმებელია. რომ არა მარიტას შემოთავაზება, ამ გამოფენაში მონაწილეობას არ დავთანხმდებოდი, იმიტომ რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში დიდი გამოცდილება შევიძინე, მათ შორის იყო არასახარბიელო სიტუაციები, იყო იმედგაურცებაც. ბოლო დროს საკმაოდ პასიური გავხდი.

მარიტა თბილი, აქტიური, ნიჭიერი, მობილიზებული, პატიოსანი ადამიანია. იშვიათად ვენდობი ადამიანებს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ რადგანაც მარიტას ვენდობი, ამიტომაც დავთანხმდი. ადრეც იყო შემოთავაზება, მაგრამ თავი შევიკავე, ახლა ვარ დიდად კმაყოფილი, რომ მას ისევ სურს ჩემთან მუშაობა. მარიტასთან ნდობის ფაქტორი უმაღლეს რანგშია აყვანილი და ამიტომ მასთან სიამოვნებით ვთანამშრომლობ.

ამ ადამიანმა გაარღვია საშინელი ბარიერები, რომელიც ჩვენს ხელოვანებს წინ აღუდგებათ ხოლმე. საწყალი, ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ და უპატრონოდ მიგდებულები. მარიტასნაირი პატარა გოგონები ეჭიდავებიან ამ ბარიერებს, რომ გზა გაუხსნან ნიჭიერ ადამიანებს.

– გამოფენისთვის ნამუშევრებს თქვენ შეარჩევთ?

– ჩემი გამოფენა კონცეპტუალური ტიპის არ არის, უფრო კომერციული ხასიათისაა, ამიტომ მარიტამ უნდა გადაწყვიტოს ბევრი რამ. კონცეპტუალური გამოფენების დროს გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. კომერციულ პროექტებში მთავარი წარმდგენია. მარიტა დილერია და მას უნდა დავემორჩილო, იმიტომ რომ ვენდობი მას, როგორც ადამიანს. როგორც ვაკვირდები, ძალიან კორექტულ, ზუსტ და კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერიაო, რომ ამბობენ, მართლაც ასეა და მარიტა ამის ნათელი მაგალითია. საოცარი ენერგია აქვს, ის დიდი ხანი არ არის რაც ამერიკაშია და ბევრი რამ შეძლო.

– თქვენც გაემგზავრებით ამერიკაში, თუ მხოლოდ ნამუშევრებს გააგზავნით?

– არ ვიცი, ესეც გადასაწყვეტია. დიდი სიამოვნებით ჩავალ ამერიკაში, ახალი ინფორმაციით დავიტვირთები. თანამედროვე სამყაროს სიცოცხლის მაჯისცემა თუ გინდათ იგრძნოთ, ნიუ იორკში უნდა იმოგზაუროთ.

თუ წავალ, იქ აუცილებლად ვნახავ ჩემს უძვირფასეს მეგობარს რომან კრიხელს. ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრის ავტორია. მისი ნამუშევარი შარშან 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. გარდა იმისა, რომ ერთი ასაკის ვართ, ორივე ცაციები ვართ და ორივეს ერთი და იგივე მხატვრები გვიყვარს.