16 ოქტომბერი, 2016

“არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე”

gela-daiauri1– არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე, – ასე იწყებს თავის საჯარო განცხადებას პოეტი გელა დაიაური.

მუცოს ხეობაში მცხოვრები შემოქმედი იმ ტკივილზე საუბრობს, რომელიც მარტო მისი კი არა, მთელი ქვეყნის ტკივილია.

გელა დაიაური:

“არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე. სხვებმაც დაწერეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია. იმიტომ რომ ეს ტკივილი მარტო საჩემო არაა, საქვეყნოა. იმიტომ რომ იმ კუთხეზეა საუბარი, საიდანაც შემოსული მტერი არ შეხებია საქართველოს. იმიტომ, რომ ეს კუთხე საზვრისპირა რეგიონია და არ შეიძლება ხალხისგან დაიცალოს. (არადა მავანმა და მავანმა, იქნებ ცუდ მეტიჩრობად ჩამომართვას).

შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ კარგა ხანი, ვერ მიეშველებიან თურმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰაერი გადაუკეტო. აახლოებით ასეთი დატვირთვა აქვს ელექტროენერგიას შატილისთვის და პირიქითა ხევსურეთისთვის. წარმოიდგინეთ ხალხი, რომლებიც ლამფის შუქზე ცხოვრობენ, მალე გზა დაეკეტებათ… წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც ამ პირობებში, უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა იცხოვრონ.

პ.ს. კარგია “თბილისობა”, “მცხეთობა” და აუცილებელი, მაგრამ ამ ფონზე, სულ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა. იქნება ჯობდეს, ხელისუფალნო დიდი რესურსები გამოვნახოთ და უცბად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ელემენტარულ სიკეთეს ნუ მოვაკლებთ პირიქითა ხევსურეთს…”