7 ოქტომბერი, 2016

“წვეთი სისხლი არ იყო მასში არათეატრალური”

gocha-shal“ჩვენი გოჩა შალიკაშვილი, შალიკა ჩვენი.
უდროოდ წავიდა და დაგვიტოვა სევდა. დავდივართ თეატრში, ერთმანეთს თვალს ვარიდებთ დამნაშავეებივით. ძნელი დასაჯერებელია. ასე გვგონია შემოვა, ისევ გავიგონებთ მის ხმას. მუდამ მოწესრიგებული, წვერგაპარსული. თეატრში მოსვლა მისთვის იყო ზეიმი. ახალგაზრდებს დაარიგებდა კი არ დატუქსავდა, მერე მხარზე გადახვევდა ხელს და აგრძნობინებდა – თეატრი ჩვენი, ოცნება ჩვენი, ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახია.

ჩემთან მოვიდოდა, მოიტანდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“. ვფურცლავდით და ვსაუბრობდით თეატრზე. ერთი გენახათ, როგორი სიყვრულით და რუდუნებით დაატარებდა სალომესა და გიგის პატარა დანიელის საბავშვო ეტლით, როცა მისი მშობლები სცენაზე თამაშობდნენ.

წვეთი სისხლი არ იყო მასში არათეატრალური. 1965 წელს დაიბადა. მშობლები, საქართველოს სახალხო არტისტი მაესტრო ამირან შალიკასვილი და ქალბატონი ნათელა ფირცხალავა-შალიკაშვილი. სკოლაში და თეატრში ერთდროულად მოუწია სიარული. 1981-1988წწ. პანტომიმის სახელმწიფო თეატრში მუშაობს მსახიობად. ერთად გამოვდივართ სცენაზე. მონაწილეობს სპექტაკლებში „ელექტრა“, „უკვდავნი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ფიროსმანი მეფე“, „სტუმარ-მასპინძელი“.

ერთად შემოვიარეთ ნახევარი მსოფლიო, თეატრის გარეთ არ არსებობდა. გარეთაც ერთად ვიყავით მთელი დასი. ჩვენი თავყრილობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. სევდიანიც მინახავს, წარბებ-აწეულიც, ერთს გადაიხარხარებდა ჰომერულად და იტყოდა – ბანკეტი, ანუ წარმოდგენა გრძელდება.

1988-1994 წწ. პანტომიმის თეატრში დირექტორის მოადგილედ მუშაობს.
1994-2000 წწ. მუსიკალური სანახაობრივი ცენტრი „ბერიკონი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელია.
2000-2004 წწ. პანტომიმის თეატრის დირექტორი.
2004-2009 წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მთავარი ადმინისტრატორია. გული მაინც თეატრისკენ მოუწევს და 2014 წელს პანტომიმის თეატრში ბრუნდება ადმინისტრატორად.

ვათვალიერებ ფოტოებს, რომელზედაც ჩვენი გოჩაა გამოსახული. ერთმა ფოტომ მიიპყრო ყურადღება სცენა სპექტაკლიდან „ფიროსმანი მეფე“, პრემიერა, გოჩა სცენაზე ყვავილებით, როგორი ბედნიერია თვალებში სიხარულისა და სევდის ნაზავით. ვაგლახ!

goch-shal

პანტომიმის სახელმწიფო თეატრში სეზონი იხსნება. უშენოდ წარმოდგენილი იქნება თეატრის მარგალიტი სპექტაკლი „კიდევაც დაიზრდებიან“.

წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებლის წინაშე გამოვა მაესტრო ამირანი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს – ხალხო, ერო და ბერო! პანტომიმა თეატრალური ხელოვნების ანბანია. გაუფრთხილდით, მიხედეთ, უპატრონეთ, ღორებს ნუ მიუგდებთ მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფო თეატრს.

ამის შემდეგ ჩაირთვება მუსიკა, დაიწყება სპექტაკლი, დარბაზს მოეფინება უკვდავი საგალობელი „წმინდაო ღმერთო“, მსახიობები ანგელოზებად გარდაიქმნებან, იქნება ჯეჯილი, პურის ყანა, ხარი ლაბა. იქნებიან მექორწილენი. სოფლის გუშაგ დამცველი ბრძოლა მტერთან და ჩვენი დასასრული, გამარჯვების დასაწყისი.

თეატრის საგრიმიოროს კუთხეში ხატებთან მივა რომელიმე ჩვენთაგანი. სანთელს აანთებს. ამოვიოხრებთ დანანებით – გვაკლიხარ შენ, ბიჭო, ანაგურელო!

გამახსენდება შენი სევდა და ჰომერიული სიცილი. შემდეგ, ისევე შენს მიერ მოკრეფილი ძალა ისევ ომახიანი – წარმოდგენა გრძელდება.

კიდევაც დაიზრდებიან!”

ისა ამინი