6 აგვისტო, 2016

“სუფთა სინდისი ადამიანს ძალას მატებს”

ana-franki1ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ყურმოკვრით მაინც არ გაუგია ანა ფრანკის და მისი დღიურის შესახებ. 15 წლის ებრაელი გოგონა ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტურ ტერორს ოჯახთან ერთად ამსტერდამში, ერთ-ერთ სამალავში აფარებდა თავს.

ამ პერიოდში დაიწყო ანა ფრანკმა დღიურის წერა, რომელიც მთელ მსოფლიოში “ანა ფრანკის დღიურის” სახელწოდებით არის ცნობილი. მოზარდმა თავისი დღიურის საშუალებით ფაშიზმის საზარელი სახე მთელ მსოფლიოს დაანახა.

ანა ფრანკი თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად იმალებოდა. მაშინ, როდესაც ებრაელებს, და არა მარტო მათ, შეუბრალებლად ხოცავდნენ, ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში პეტერი გამოჩნდა. სწორედ მასთან იყოს დაკავშირებული პირველი კოცნა და ის სასიამოვნო მოგონებები, რაც გოგონას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

ანა ფრანკის ოჯახიდან მხოლოდ მისი მამა გადარჩა. გოგონა თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისინი აღარ ბრუნდებოდნენ. თავის დღიურში ანა ფრანკმა მსოფლიოს მოუთხრო, თუ როგორ იყვნენ შევიწროებული ებრაელები ნაცისტებისგან. მათ აიძულებდნენ მკერდზე დაემაგრებინათ ვარსკვლავი. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარული. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა.

“ანა ფრანკის დღიურებმა” მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ებრაელი გოგონას ჩანაწერები 17 ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარად დაიბეჭდა.

“არტინფო” გთავაზობთ ციტატებს “ანა ფრანკის დღიურიდან”:

***

“მე ვთხოვე ღმერთს, რომ შემქმნას ისეთი, რომ არავინ გავანაწყენო”.

***

“მთავარია, შევინარჩუნო დამაჯერებელი სახე. არავინ არ უნდა შეამჩნიოს რომ შინაგანად მე ახლა მუდმივ ბრძოლაში ვარ”.

***

“თუ ადამიანი სრულიად მარტოა, უბედური ან მწუხარეა, ყველაფერს ჯობია გავიდეს გარეთ, წავიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც იგი მარტო იქნება ცის, ბუნების და ღმერთის ანაბარა. მაშინ, მხოლოდ მაშინ იგრძნობს, რომ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც საჭიროა, რომ ღმერთს სურს ადამიანი ბედნიერი იხილოს უბრალო, მშვენიერი ბუნების წიაღში. სანამ ეს ასეა, და უთუოდ მუდამ ასე იქნება, მე მჯერა, რომ ყოველგვარ ვითარებაში ყველა უბედურებას ეშველება და მტკიცედ მწამს რომ ბუნებას ბევრი დარდის განქარვება ძალუძს”.

***

“თუ გინდა ადამიანი გაიცნო ერთხელ მაინცუნდა წაეჩხუბო, მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებ მის შეფასებას”.

***

“შეიძლება ადამიანს პირი დაუკეტო, მაგრამ არ შეიძლება აუკრძალო ფიქრი, იმიტომ რომ ის ძალიან ახალგაზრდაა”.

***

“მე მინდა მყავდეს არა თაყვანისმცემლები, არამედ მეგობრები. მინდა რომ აღაფრთოვანებდეთ მათ არა ჩემი ღიმილი, არამედ ჩემი საქციელი და ხასიათი”.

***

“ბუნება ერთადერთია, რომელიც ვერ იტანს სიყალბეს”.

***

“უწესო ადამიანებს უნდა გადაუხადო იგივე მონეტით”.

***

“ვცდილობ გავიცინო მათთან ზემოთ, იმიტომ რომ არ მინდა დავანახო მათ ჩემი განცდები”.

***

“იქნებ ერთხელ როგორც საჭიროა გავიცინოთ. დაგვეხმარებოდა. ვიდრე ათი წვეთი ვალერიანი, მაგრამ სიცილს თითქმის გადავეჩვიეთ”.

***

“ორნი ჩვენ მოვიცილებდით შენ და ჩემს მარტოობას”.

***

“მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, ყველაზე რთულია გამოიყურებოდე მშვიდად და იქცეოდე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო “ცოცხალი”.

***

“როცა მე ვწერ, მე ყველაფერს ვივიწყებ. გადის სევდა და სიმამაცე მიბრუნდება”.

***

“ნუთუ მართლა სანაქებო თვისებაა რომ სხვისი გავლენის ქვეშ არ ვექცევი? განა სწორია, რომ მხოლოდ ჩემი სინდისის კარნახს ვემორჩილები? მართალი გითხრა, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კაცმა თქვას: “მე სუსტი ვარ” და მაინც სუსტი დარჩეს. კი მაგრამ, თუ კაცმა იცის, რომ სუსტია, რატომ არ ებრძვის სისუსტეს, რატომ არ ცდილობს ნებისყოფა გამოიწრთოს?
პეტერმა მიპასუხა: “ასე ბევრად უფრო ადვილია”. ამგვარმა პასუხმა, ცოტა არ იყოს, დამანაღვლიანა. ადვილი! განა უქნარობა, მუდამ საკუთარი თავის მოტყუება, ადვილია? ო, არა, არ შეიძლება ასე იყოს, მართალი არაა, არ შეიძლება, რომ სიზარმაცემ და…ფულმა ასე სწრაფად გარყვნას ადამიანი.
მე დიდხანს ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა, როგორ შთამენერგა პეტერისათვის საკუთარი თავისადმი რწმენა და, რაც მთავარია, გამომესწორებინა. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას.”

***

“ხშირად მიოცნებია, რა კარგი იქნებოდა ვინმე რომ ბოლომდე გულახდილი ყოფილიყო ჩემთან, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ძნელია ბოლომდე ჩაწვდე ვინმეს და ამავე დროს რამე ურჩიო, მით უმეტეს, როცა ცნებები “ფული” და “ადვილი” ჩემთვის სრულიად უცხო და ახალია. პეტერი უკვე ცდილობს მე დამეყრდნოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ისეთ ადამიანებს, როგორიც პეტერია, საკუთარ ფეხებზე დგომა უჭირთ, ხოლო თუ შეგნებულად ცხოვრობენ, კიდევ უფრო უძნელდებათ გზის გაკვლევა აურაცხელ პრობლემებს შორის. მე ახლა რატომღაც ერთ ადგილას ვტრიალებ. გულით კი მინდა ჩავწვდე ამ საზიზღარი ცნების შინაარსს “ადვილია”. როგორ გავაგებინო პეტერს, რომ რაც ახლა ადვილი და მშვენიერი ჩანს, მას ისეთ უფსკრულში ჩაითრევს, სადაც არც მეგობრებია, არც სილამაზე, არც საყრდენი და საიდანაც ვერასოდეს ვეღარ ამოხვალ. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, მაგრამ არ ვიცით, რატომ და რისთვის. ვცხოვრობთ იმ მიზნით, რომ ბედნიერნი ვიყოთ, ვცხოვრობთ სხვადასხვანაირად და მაინც ერთნაირად”.

***

“ჩვენ, სამნი კარგ პირობებში გავიზარდეთ, შეგვიძლია ვისწავლოთ, მივაღწიეთ რაღაცას, სამივეს გვაქვს საფუძველი, უკეთესი ცხოვრების იმედი ვიქონიოთ, მაგრამ… ამის უფლება ჩვენ თვითონვე უნდა მოვიპოვოთ; ეს კი არც ისე ადვილი და იოლი მოსახერხებელია. ბედნიერების მოსაპოვებლად შრომა და სიკეთისაკენ სწრაფვაა საჭირო და არა სპეკულანტობა და სიზარმაცე. ეს შეიძლება სასიამოვნო გეჩვენებოდეს, მაგრამ კმაყოფილებას მხოლოდ შრომა განიჭებს. მე არ მესმის იმ ხალხის, რომელთაც შრომა არ უყვართ, მაგრამ პეტერი არც ასეთია. მას უბრალოდ გარკვეული მიზანი არა აქვს. თავს სულელ ადამიანად, არარაობად თვლის და არ ჰგონია, რომ რამეს მიაღწევს. საბრალო ბიჭი, მისთვის უცნობია ის სიხარული, რასაც სხვისი გაბედნიერება იწვევს, მაგრამ მე ამას ვერ ვასწავლი. მას არაფერი სწამს. ღიმილით ლაპარაკობს ქრისტეზე, გმობს ღმერთს. მართალია, დიდი ორთოდოქსი არც მე ვარ, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მარტოსული, ურწმუნო და ღატაკია”.

***

“ადამიანებს, რომელთაც რელიგია აქვთ, უნდა უხაროდეთ, რადგან ყველას როდი აქვს უნარი იწამოს ზებუნებრივი ძალა. ადამიანს არ უნდა აშინებდეს სიკვდილის შემდეგ სასჯელი. სალხინებელი, სამოთხე და ჯოჯოხეთი ისეთი ცნებებია, რომელთა არსებობაში ბევრს ეპარება ეჭვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესა თუ ის რელიგია, სულ ერთია რომელი, ჭეშმარიტი გზიდან აცდენის საშუალებას არ აძლევს ადამიანს. უმთავრესი აქ ღვთის წინაშე შიში კი არაა, არამედ ის, რომ არ დასცე საკუთარი ღირსება და სინდისი. რა კარგი იქნებოდა, ყველა ადამიანი დაწოლის წინ გაიხსენებდეს, რაც მთელი დღის განმავლობაში მოიმოქმედა და აწონ-დაწონიდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი! თავისდა უნებურად ეცდებოდნენ დღითი დღე უკეთესნი გამხდარიყვნენ. ამ საშუალების გამოყენება ყველას შეუძლია, რადგან არაფერი ღირს და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ხოლო ვინც არ იცის, უნდა იცოდეს, რომ სუფთა სინდისი ადამიანს ძალას მატებს.”