29 აგვისტო, 2016

“აი, ამას ჰქვია დილეტანტიზმი!”

1ushikishvilis-braldebebi-chkuaseksფოლკლორული ანსამბლის “ლაშარი” ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი იმ დილეტანტიზმზე საუბრობს, რომელიც მისთვის მიუღებელია.

მომღერალი განსაკუთრებულად განიცდის ყველა იმ შეცდომას თუ უზუსტობას, რომელიც ფოლკლორთან არის დაკავშირებული.

გიორგი უშიკიშვილი:

“როცა ქვეყანას გაქვს პრეტენზია, ფოლკლორის ასეთი ფესტივალი ჩაატარო (საარჩევნოდ, მაგრამ მაინც). სხვა ხარვეზებზე რომ არ ვისაუბრო (რაც ძალიან ბევრია) სახელის დაწერა მაინც გაიაზრეთ რას წერთ!

საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი კი არა, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალია! საერთაშორისო ფოლკლორი რას ნიშნავს? საერთაშორისო ფოლკლორი რომ ჩაწერო გუგლში, არ იძებნება… ესენი რა ყველაფერს პოულობენ.

ამდენს ფულს ხარჯავთ და ცოტა მეტი რომ იფიქროთ, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის! უკვე ჩანს როგორი ფესტივალი იქნება… ხო და ასევე რაც შეეხება პირველობას, თუ არ ვცდები, ბათუმში რამდენიმე წელია გიგი გარაყანიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. (თუ ვცდები შემისწორეთ) აი ამას ჰქვია დილეტანტიზმი!!!”

გიორგი უშიკიშვილის ბრალდებებს ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე უპასუხეს:

“ჩვენი ფესტივალის – “შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის”, სახელმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ზოგი მიიჩნევს, რომ სწორი ფორმაა “შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი”. თუმცა, სიტყვების ამ თანმიმდევრობით დალაგება გულისხმობს, რომ ფესტივალში მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. შედეგად ვიღებთ არა საერთაშორისო, არამედ რეგიონულ ფესტივალს.

ამასთან ერთად, “შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი” საკუთარი სახელია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ცდება ზოგიერთ გრამატიკულ ნორმას და ენიჭება მეტი თავისუფლება.

ჩვენი ფესტივალის სახელის ანალოგად შეგვიძლია, მოვიყვანოთ “კანის საერთაშორისო კინოფესტივალი”, სადაც კანი არის ადგილი (როგორც ჩვენთან შავი ზღვა), ხოლო საერთაშორისო კინოფესტივალის ნაცვლად, კინოს საერთაშორისო ფესტივალი არ არის ნახმარი.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის უმაღლეს დონეზე ჩატარებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობას, სხვადასხვა ერის კულტურული ტრადიციებისა და ფოლკლორის გაცნობა-გაზიარებას და ამ კუთხით მათ დამეგობრებას.”