“იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!”

10 აგვისტო, 2016

giorgi_leonidze9ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.

ეს ნაწყვეტია გიორგი ლეონიძის ლექსიდან, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ დედა ენის სადიდებელი.

უკვე 50 წელი გავიდა, რაც გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა. მწერალი და პოეტი თავისი შემოქმედებით სამშობლოს ასხამდა ხოტბას, მისი სიყვარული აბედნიერებდა და მისი ტკივილი ამწუხრებდა:

სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას წნორის ძირები,
სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

გიორგი ლეონიძე იხსენებდა, რომ პირველი ნათლობა, როგორც პოეტმა, ვაჟა-ფშაველასაგან მიიღო. “ვაჟა დამსკდარი ხელი თავზე დამადო,” – იხსენებდა გიორგი ლეონიძე. ვაჟა ფშაველა გიორგი ლეონიძის მამას, ნიკოლოზს გორის საოსტატო სემინარიიდან იცნობდა, სადაც ისინი ერთად სწავლობდნენ.

ვაჟა ფშაველამ 12 წლის გოგლას ლექსიც კი მიუძღვნა, რომელიც 1912 წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული:

“სიჭაბუკის დროს პირველად
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა.
ვეძებდი აქეთ-იქითა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა
არავინ უჩნდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა,
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა
დღეს ვხედავ გაჰმრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები
მტერს არ მისცემენსათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ვყუჩდები ანატირები.”

თავად გოგლამ ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო:

“რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკას, სოფელში ივრის წნორებს ვუკითხავდი პირველ ლექსებსო,” – იგონებდა ხშირად პოეტი.

გიორგი ლეონიძის პროზაში გამორჩეული ადგილი უკავია “ნატვრის ხეს”. მწერლის შვილიშვილი გიორგი ქავთარაძე ”ნატვრის ხის” პერსონაჟებთან დაკავშირებით ამბობს:

”თუკი რომელიმე სახე ”ნატვრის ხეში” ავტორისეული თვისებების მატარებელია – ეს ჩორეხია. ჩორეხი იგივე გოგლაა, ოღონდ სხავ დროსა და სხვა ვითარებაში”.

ალბათ ბევრმა არც კი იცის როგორ დაიწერა “ნატვრის ხე”. თავად მწერალი ერთ ისტორიას იხსენებდა:

“ერთხელ გამომცემლობა “ნაკადულში”, როდესაც გამოსაცემად ამზადებდნენ ჩემს წიგნს, მთხოვეს წიგნისათვის დამეწერა წინასიტყვაობა. წინასიტყვაობისათვის დავწერე პატარა ჩანახატი დედაზე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ერთ ზაფხულს, როცა წყნეთში ვისვენებდი, დავწერე მოთხრობა “ფუფალა”. მას სხვაც მოჰყვა. გონებაში თანდათან ცოცხლდებოდა ჩემს მიერ ადრე ნანახი თუ განცდილი, გონებაში ნათლად წარმომიდგან ის სახეები, რომლებსაც სიყრმიდანვე ვიცნობდი და ორ თვეში დავამთავრე ამ წიგნზე მუშაობა.”

“არტინფო” გთავაზობთ ჩანახატს დედაზე, რომელმაც გოგლა ლეონიძეს “ნატვრის ხის” შექმნისკენ უბიძგა:

“დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში. იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.

თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა…

ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული”.

დედა მწერალსა და პოეტს განსაკუთრებულად უყვარდა. დედის საფლავზე ცრემლებით ტიროდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იორზე რთველის დროს ვენახში ჩავიდოდა, ყველა ხეს მოეხვეოდა და კოცნიდა. როდესაც სოფლელები ეკითხებოდნენ, რატომ აკეთებდა ამას, მან ასეთი პასუხი გასცა: “ეს ხეები დედაჩემის დარგულია, ასე მგონია დედაჩემი ვნახეო”.

გოგლა ლეონიძის შემოქმედებას დღითიდღე ემატებოდა მკითხველი. მისი ლექსები და მოთხრობები დიდი მოწონებით სარგებლობდა. 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გოგლა ლეონიძეს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. სწორედ ამ საიუბილეო სხდომაზე თქვა გოგლამ:

“ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი მელნად, ვარსკვლავები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმი”.

მთელი არსებით სძულდა სიკვდილი და მასზე არასოდეს ლაპარაკობდა. პოეტი ერთ-ერთ ლექსში წერდა:

“ალაზნის ველებს დასცვივათ ოქრო,
დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ,
ვინ იჯადოქროს?
უკვდავების დღეს
მხოლოდ ლექსები დაესწრებიან!”

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე კი მან ისევ ლექსით გაანდო საზოგადოებას თავისი სურვილი:

“მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,
რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,
როს მომძახოდნენ შთამომავლები:
– იცოცხლე, გოგლა,
შენ ჩვენთანა ხარ!”

გააზიარეთ

 
...