15 აგვისტო, 2016

“თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი!”

1otia-ioselianiოტია იოსელიანის რომანი “ქალი გამოვიდა საღალატოდ” სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც კი აოცებს, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად არის დანახული მამაკაცი მწერლის მიერ ქალის ფსიქოლოგია და შინაგანი ბუნება.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდებს ოტია იოსელიანის რომანიდან “ქალი გამოვიდა საღალატოდ”, რომელიც გამოგაფხიზლებთ და საკუთარ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ:

“დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა… დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაძლისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი…”

“ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა. სხვის სახლში მდგმურად სადამდე გაძლებ, სადაც ქირას თვეში ერთხელ ხელის ჭუჭყით კი არა, ყოველდღე სხეულით იხდი, შერყვნილი სისხლის საფასურად…”

“ჩვენს დროში “რომანტიკასა” და “რომანტიკოსებს” ლექსიკონში ვეძებთ ან ძველ რომანებში და სათავგადასავლო წიგნებში. დღეს ჩვენ “პრაქტიკოსები” ვართ, “გავნათლდით”, ანგარიში ვისწავლეთ, მაგრამ ახალგამომცხვარ სპეციალისტებს თავიდან ჰგონიათ, ამ ახალგაზრდებს მძინარე თავმოყვარეობა, სანამ ცხოვრება წყალს გადაუწურავს, ახსენებს, რომ რაღაცა ხალხისთვისაც უნდა გააკეთოს. მარტო საკუთარ სტომაქში ცქერა ცხოველურია და კაცი, ბოლოს და ბოლოს, საქმით ფასდება (ვინც, რა თქმა უნდა, თავისი ფასი იცის)”.

“წაიკითხავ ეკონომიკას და აღგზრდის, გაგანათლებს, გაგაჭკუიკოლოფებს, გამოაკლებ, მიუმატებ და ამით რაიმე მოგემატება? გაყოფ, გაამრავლებ და სულიერად ამაღლდები თუ გაცნობიერდები? გარდა იმისა, რომ ეს ციფრები ტვინიდან იმასაც გამოგაცლის, რაც მემკვიდრეობით ადამიანური გაგაჩნია… არ ვიცი, მოდი ვიკითხოთ, იქნებ არის ციფრებში რაიმე ზებუნებრივი, თუ ერთეულებში და ათეულებში არა, მაგრამ მილიონებში და მილიარდებში?…დარწმუნებული ვარ, ამ ხალხს არც ლიტერატურის წაკითხვას დაუშლის ვინმე, მაგრამ რატომღაც მგონია, ლექსს რომ დახედავენ, უწინ იმას დაითვლიან, რამდენი პწკარია და, ალბათ დიდ ლექსს მაინც პატარა ურჩევნიათ – ყოველნაირად ეკონომიურია და მაგიტომ”.

“შურისძიება მსხვერპლშეწირვაა და ყველაზე მეტ მსხვერპლს შურისმაძიებელისაგან იღებს, შურისძიებულზეც მეტს”.

“ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა”.

“ამ დროსაა ის უსაზღვროდ საძულველი და გულის ამრევი. ამ დროს, როცა ვერაფერში ვეღარ შეედავები, როცა ის “წესიერია” და “მზრუნველი”, “მოსიყვარულე” და “გულკეთილი”, “დამთმობი” და “დამჯერე”. ამ დროს არ შეუძლია ცოლს ჯავრით ქვეყანაზე დაეტიოს, როცა ქმარი ყოველნაირ უსიამოვნებაზე დიდსულოვნად მიმტევებელი ხდება და მზადაა, ოჯახს, საქმესა და ქვეყანას მტლედ დაედოს. მისი გამქირდავი თვალები შემპარავი ფინიასავით გიცქერის და თვითკმაყოფილის ღიმილს შენდობის მავედრებელი მონანიებით ნიღბავს. ტუჩებს ილოკავს, და კუდს კი არ იძუებს და ლაჯებს შორის კი არ მალავს, აუპრეხია და ლაქუცითა და ქიცინით დაღლილს ზედ ფეხიც რომ დაადგა, არც შემოგიღრენს”.

“ფიქრობ, რომ გარყვნილებას, გარყვნილებით დააოკებ, ბოროტებას ბოროტებით დათრგუნავ? ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგას დარაჯად და ქურდს – პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ან თუნდაც ის, ვინც გაგქურდა, გგონია მპარავი არ ხარ? არ წაგიკითხავს, “ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო მას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ. ამნაირად, გგონია კაცობრიობა აქამდე მოაღწევდა?!”