13 ივლისი, 2016

“შენთვის მიყვარხარ, გესმის?”

data-tutashxia1234ჭაბუა ამირეჯიბის რომანი “დათა თუთაშხია” ქართული ლიტერატურაში ნამდვილ შედევრად არის აღიარებული. თითოეული პერსონაჟი, მათი სათქმელი, დიალოგები მეტად დამაფიქრებელია მკითხველისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ნანო თავყელიშვილისა და დათა თუთაშხიას სასიყვარულო მიმოწერიდან:

“შენ წუხელაც ჩამოაგდე სიტყვა ქალის სიყვარულის მხლებელზე – შიშზე. ვიცი, იმედი გქონდა, საუბარში შემოგყვებოდი. ვერა. ეს ლაპარაკი მხოლოდ ჩვენს შორის და პირისპირ უნდა მოხდეს.

ახლა “სიყვარულის წერილზე” უნდა გიპასუხო: ჩემი სათქმელისთვისაც ჯობია და ვალის გადახდასაც ვსინჯავ: იმ რამდენიმე პწკარით ისეთი სიხარული მომანიჭე, როგორიც მხოლოდ ქალიშვილობაში ან ოცნებაში შემეძლო განმეცადა და ვცდილობ, მეათედი მაინც დაგიბრუნო.

ბედნიერი ხარ, რომ ძალგიძს, ცხრამეტი წლისად გარდაისახო და იქიდან მესაუბრო სიყვარულზე, იმითაც ბედნიერი ხარ, რომ ახლაც ჭაბუკის გული გაქვს, და იმითაც, რომ ასეთი იქნები, სანამ ხარ. მე მაგ თვალით ვერ დაგინახავ, იმ გულუბრყვილო სიყვარულს ვერ გაკადრებ, მაშინდელი ენით საუბარს ვერ გაგიბედავ, უსათნოესო კაცო. ოცდათოთხმეტისას მიყვარხარ, ოცდათოთხმეტისა გწერ.

იმის საბაბი არ მომიცია, რომ ჩემს სიყვარულში შიში გეგრძნო. განა პირველსავე დღეს უფიქროდ და უყოყმანოდ არ დაგიახლოვდი. ვერ მატყობ, რომ ბედნიერიცა ვარ, მიხარია კიდეც, გულისთქმას მოვდევ და არც არაფერი მენაღვლება? მანიშნე, მწყურიხარ-თქო და მოვალ, განუყოფლად შენია, თუკი რამ მაბადია. ბედნიერებისთვის მე ის სიამაყე მეყოფა, რომ გეკუთვნოდი. მე ჯერ შენი სული დავინახე და სიყვარული მერე დაიწყო. სადაც გული მიმიყვანს, იქ მივალ, ოღონდ ამით შენს ბედნიერებას მცირედი მაინც შეემატოს. შენთვის მიყვარხარ, გესმის? სხვანაირად ხომ მამაცის სიყვარული კი არა, მხდალის ტრფიალი იქნებოდა!

მე ყველაფრისთვის მზად ვარ, გეძახი კიდეც და მაინც… ვფიქრობ, რომ არ მოხვალ. დაგიგვიანე, ორი დღე ვწერე. ერთია, როცა ლაპარაკობ, სხვაა, თუ წერ – ქაღალდს მსჯელობის სიზუსტე და შეუვალობა უყვარს. ამას კი დრო უნდა. მე დროც დიდი მოვანდომე და, ალბათ, სიზუსტესა და შეუვალობაშიც შევცოდე.
შენი ნ.”

“მეტისმეტად გაგვირთულდა ყველაფერი, ქალბატონო ნანო, მაგრამ უამისობაც რომ არ შეიძლება, ის არის საქმე. დაბრკოლებები დაუხვედრა სიყვარულს ფიქრმა. ჭაბუკობაში არ იქნებოდა ასე და კიდევ კარგი: ამდენი განსჯა, სიმართლის ძებნა და ყოყმანი კაცთა მოდგმას ადამ და ევას სიცოცხლეშივე მოაშთობდა და მოუღებდა ბოლოს.

მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე. ბევრს ვფიქრობ ამის გარშემო და ვხედავ, ქვენოდენა რომ არ ვარ და თქვენც ხედავთ ამას. მაშინ ისე გამოდის, რომ თქვენი თანაგრძნობა და მზადყოფნა – საჩუქარი ან სამაგიეროა. უწინ ცოტა სხვაფრად მეგონა, მაგრამ თქვენი გაცნობის და დაახლოების მერე ისე ვხედავ, რომ წარსულში სიკეთის თესვად რაც მიმაჩნდა, ვალის მოხდა ყოფილა ის, თურმე. ვალის დაბრუნებაში მხოლოდ მადლობა ეკუთვნოდეს, იქნება, დამბრუნებელს. ერთხელ მოგწერეთ მე, – ჩემს ლოცვას ვერ დავამადლი ვერავის და გადახდილი ვალის საზღაურსაც ვერ მივითვისებ-მეთქი. ერთი ეს არის, ხელს რომ მიშლის, მოვიდე.

კიდევ მოგახსენებთ ახლა, აქაოდა, ის კაცი ვარ მე, ვინც ბატონ შირერს ცხოვრების მეგობარი ნაძირალა სარჩიმელიას შეურაცხყოფას გადაურჩინა შემთხვევით – ის კაცი ხომ არ უნდა ვიყო, ნეტავი, ბატონ შირერს ცოლს რომ შეუცდენს და ღალატს აიძულებს?!

მესმის, რომ ასე ფიქრი მეტისმეტია, მაგრამ ჩემი ხასიათი ვიცი მე, სინდისი დამქენჯნის ურცხვი გასამრჯელოსთვის და ესეც თავისებური დაბრკოლებაა ჩემთვის.

ქალბატონო ნანო, იმდენად მიყვარხართ, ისე არის ჩემი სული და გონება სავსე თქვენი არსებით, რომ მეშინია ამ სიყვარულის უკვე. ასეთმა გრძნობამ პირველ ხორციელ სიახლოვეში ხან თოფისწამალივით თვალის დახამხამებაში აფეთქება და მცირედი კვამლი იცის და ხან ნედლი თხმელასავით უცეცხლო ბჟუტვა და გულის გამაწყალებელი ბოლვა.

მოსვლა რა არის – მოვალ, მაგრამ ჩემი ბედუკუღმართობით ის მოსვლა ერთადერთი თუ აღმოჩნდა და ისიც უვარგისი, მაშინ რას გიტოვებთ მოსაგონრად, ან რა მიმაქვს საოცნებოდ?!
ან რა ღირსი არის თქვენი სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის კი დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ ვარ ცხრამეტი წლის, უძვირფასესო ადამიანო, და რომ ფიქრი უღელივით მარგუნა განგებამ.

მაგრამ არის ერთი ბიძგი, ქალბატონო ნანო, რომელმაც არ იცის დაბრკოლება და მიზეზი. ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ის და მაშინ მართალი ვიქნები ღმერთისა და კაცების წინაშე, თუნდაც არ გსურდეთ ჩემი მოსვლა და მიუხედავად ყველაფრისა ცისა ქვეშ!..
გეამბორებით დ.თ.”