11 ივლისი, 2016

სესილია თაყაიშვილი ვერიკო ანჯაფარიძეზე

sesilia-takaishvili1ლეგენდარულ მსახიობს სესილია თაყაიშვილს წიგნები და მოგონებები არ დაუტოვებია, თუმცა წერა ნამდვილად შეეძლო. წერილები დაწერილი აქვს პიერ კობახიძეზე, გიორგი შავგულიძეზე, მერი დავითაშვილზე, ვახტანგ ნინუაზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე…

“არტინფო” გაგაცნობთ სესილია თაყაიშვილის წერილს, რომელიც მან ვერიკო ანჯაფარიძეზე დაწერა:

“ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე, პირველად რომ გნახეთ. თუ არ ვცდები, ეს იყო 1922 წელი. რუსთაველის თეატრთან ვიდექი ამხანაგებთან ერთად. მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი, თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით. გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა, რომელიც არ მქონდა. შეგხედეთ და გავოცდი – თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა. თვალი ვერ მოგწყვიტეთ. ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე.

შემდეგ მეც მსახიობი გავხდი, ამხანაგად გაგიხდით, ერთად ვიყავით ჩაბმული იმ საოცარ შრომაში, შემოქმედება რომ ეწოდება. ბევრი სიხარული განგვიცდია, გაჭირვებაც ბევრი გვინახავს, ხელჩართული ბრძოლაც, ჩხუბს რომ ეძახიან… მაგრამ პირადი სიძულვილი არ ყოფილა არასდროს… ეს იყო შემოქმედებითი შფოთი და მოუსვენრობა. ისეთი წუთებიც გახსოვთ, ალბათ, თუ ვინმე გადარჩებოდა, არ გვეგონა… მაგრამ დგებოდა საღამო და წარმოდგენის დაწყებისათვის ჩვენი გუნებგანწყობა ზღაპრულად იცვლებოდა. ვღელავდით ერთმანეთისთვის, ვიდექით კულისებში და ვხარობდით ერთმანეთის გამარჯვებით, ყოველი სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ზეიმი იდგა ჩვენთვის. რა მეგობრები ვიყავით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, რა კარგები ვიყავით ყველანი…

მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა… ასე გამოვიარეთ შემოქმედების წლები: თქვენ – 60, მე – 50. ბევრი მეგობარი დავკარგეთ, მაგრამ თბილი მოგონება ყოველ მათგანზე ორივეს დაგვრჩა…

მახსენდება ჩვენი ტრიუმფალური გასტროლები დასავლეთ საქართველოში, როცა “მარგარიტა გოტიეთი” მოვიარეთ სოფლები და ქალაქები. ვმოგზაურობდით ავტობუსით. დრო რომ მოგვეგო, ხშირად ავტობუსშივე ვირთვებოდით და ვიკეთებდით გრიმს. როცა წყალი არ გვქონდა, ლიმონათით გისველებდით თმებს მარგარიტას ვარცხნილობისთვის.

ზუგდიდის ცირკშიც კი ვითამაშეთ, მანეჟზე ფეხები გვეფლობოდა ნახერხში, თქვენ თეთრ კაბაში იყავით გამოწყობილი და ლამაზ ცხენს ჰგავდით, ალბათ ყველა ჩვენგანიც თავს “ცხენად” გრძნობდა. ამიტომაც სცენაზე გამომსვლელს დანარჩენები “ჰოპს” მოგვძახებდნენ ხოლმე. ეს პიერის მოგონილი იყო. სიცილს ბოლო არ უჩანდა.

მიშა ბერიაშვილი, რომელიც გასტონს თამაშობდა, ამავე დროს ჩვენი მოლარე იყო. შემოსავალს დიდ პორტფელში ინახავდა და ამ პორტფელს არავის ანდობდა. სულ გულზე ჰქონდა მიხუტებული. ერთ-ერთ მოქმედებაში, მგონი სცენაზეც კი პორტფელით გამოვიდა. სიცილით ვიხრჩობოდით. მას კი ფული მაინც მოპარეს…

წამოვედით თბილისში. პიერ კობახიძემ დარჩენილი ფულით იმერული ყველი იყიდა და ჩააწყო კალათში. მატარებელში რომ შევედით, ამ კალათის ხატვა დაიწყო – თუ როგორ იყო განლაგებული ყველი. თუ მომპარეს, ის მაინც მეცოდინება, რომელი ყველი მომპარესო. ჩამოვედით თბილისში, ზუგდიდის “ტრაგედია” მალე დაგვავიწყდა, მხოლოდ სიცილ-ხარხარით თუ მოვიგონებდით ხოლმე იმ ამბავს…

დაიწყო სხვა უამრავი, უთვალავი ამბები ჩვენი ცხოვრებისა!

რა არ გადაგვხდომია თავს, ვინ მოთვლის ყველას!

ახლა, ვერიკო, ჩვენს შეხვედრებს სიცილ-ხარხარი აღარ მოსდევს – ჩვენ გატაცებით ვუზიარებთ ერთმანეთს ახალ ცნობებს სამკურნალო საშუალებებზე, ვუჩივით წნევას, სახსრებს და უძილობას…

მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს თეატრი სძლევს… ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ცხოვრებაში… მე მიმაჩნიხართ უბედნიერეს ადამიანად, რომ თეატრი იყო თქვენი შემოქმედების ასპარეზი!”