3 ივლისი, 2016

“ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს”

rusudan– სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს, ილიად რომ მოაქვს თავი – არც მეტი, არც ნაკლები! – ამ განცხადების ავტორი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძეა.

ის თავის განცხადებაში ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას გულისხმობს, რომელიც სოციალურ ქსელში ”რომაელების” წინააღმდეგ იბრძვის.

რუსუდან შარაძე:

“სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს, ილიად რომ მოაქვს თავი – არც მეტი, არც ნაკლები!

ჯერ მამაჩემს უჭერდა მხარს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული ყოფილიყო სცოდნოდა სახელმწიფო ენა, მერე ჰააგაში წაიყვანეს, იქ კაი ასვეს-აჭამეს, თვალები უპაჭუნეს და დაბრუნებულმა, სრულიად სხვა კანონპროექტის შემოცურება სცადა, გველურად. თუმცა, არ გაუვიდა… გურამ შარაძე რის გურამ შარაძე იყო… ალბათ, როგორ სძულს ,,ილიას“ ამ ისტორიის გახსენება და არანაკლებ, ავტორიც…

***
ვინ არის საქართველოს მტერი?
(იბეჭდება შემოკლებით)
სახელმწიფო ენის კანონპროქეტზე ისეთი სკანდალი ატყდა, გურამ შარაძე კი არა, ათი იოანე ზოსიმე რომ ადგეს, დამარხულ ქართულს ჩვენი ხელისუფლების ხელში საშველი არ დაადგება.. კაცი, რომელიც მთელ საზოგადოებას ტვინს უბურღავდა, სად რომელ დუქანს რანაირი აბრა ეკიდა და, სხვათა შორის, ენის პალატა აბარია, დღეს სწორედ ქართული ენის წინააღმდეგ გამოდის და მოტივად იურისპრუდენციას და ეუთოს რეკომენდაციებს იშველიებს.
გუშინ პარლამენტის ბიურომ, შარაძის დაჟინებული მოთხოვნით, კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ უკან დაუბრუნა კანცელარიას.
გურამ შარაძე:
– პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პირველი ვარიანტი დამახინჯებული და გაყალბებულია. რაც მთავარია, აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი ერისთვის და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის. მოვითხოვ, რომ გაწვეულ იქნას მომხსენებელიც, ლევან ღვინჯილია და დაისვას საკითხი მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ. პროკურატურასაც მივმართავ და მოვითხოვ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
2001 წლის 19 ივნისს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში მე-10 მუხლი საქართველოს ყველა მოქალაქეს ავალდებულებდა სახელმწიფო ენის ცოდნას. შემდეგ, ეუთომ დააფინანსა სემინარი ტაბახმელაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მანანა გიგინეიშვილმა, გელა კვარაცხელიამ და სხვებმა. რომლებმაც დაასკვნეს, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა ეთნოკონფლიქტებსა და დაძაბულობას და ერჩიათ პრეზიდენტისთვის, რომ უკან გაეტანა. ამას მოჰყვა გიგინეიშვილ–კვარაცხელია–ღვინჯილიას მიწვევა ჰააგაში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა კომისარიატში და ღვინჯილია, რომელიც მე მიჭერდა მხარს, სრულიად სახეშეცვლილი დაბრუნდა ჰააგიდან. საქართველოს პრეზიდენტის ვარიანტი ისე გადაკეთდა, რომ არც პრეზიდენტთან შეთანხმებულა და არც საქართველოს პარლამენტის დაინტერესებულ წევრებთან. და ნახეთ, რა ჩაწერეს: “საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო ენაზე”. ნახეთ, რა ვერაგობაა: თუ მე სახელმწიფო ენა არ მეცოდინება, ამ ურთიერთობას დავამყარებ თარჯიმნის მეშვეობით…
რეზო შატაკიშვილი
“ალია”, 24-25 სექტემბერი, 2002

***
შარაძე ღვინჯილიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აპირებს
სახელმწიფო ენის კანონპროექტის შემთანხმებელი ჯგუფის წევრი, დეპუტატი გურამ შარაძე სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარის ლევან ღვინჯილიას და იმ პირთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, ვინც პრეზიდენტის მიერ 2001 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი ჰააგისა და ეუთოს კონფერენციებზე მალულად დაამახინჯა და პარლამენტში გაყალბებული სახით შემოაპარა. “ღვინჯილიას პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, იქნება თუ არა იგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ პროექტზე მომხსენებელი” – განაცხადა “მედია–ნიუსთან” საუბრისას შარაძემ. მისი თქმით, ხვალ, 23 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის საკითხი. “ჩემთვის უცნობია ის სამუშაოები, რომლებიც სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა. დაინტერესებულმა პირებმა ღვინჯილიასთან ერთად პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ის კანონპროექტი დაამახინჯეს, სადაც წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას, – თქვა შარაძემ.
მედია–ნიუსი
“ახალი თაობა”, 23 სექტემბერი, 2002″