23 ივლისი, 2016

ეძებეთ ნიკალა!

“ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!” – ეს გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის სიტყვებია.

ნიკალას არათუ დიდი ხის სახლი, სამოვარი და მხატვრობაზე საუბარი, არამედ ერთი ოთახი და ლუკმა-პური ჰქონდა სანატრელი. მხატვარი უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა და მისი საფლავი დღემდე ნაპოვნი არ არის.

მის ნახატებს და წერილებს მხატვრის და ფეფე ფიროსმანიშვილი ინახავდა, თუმცა სახლში ჩამოსულმა წვიმამ ყველაფერი დაალპო და გაანადგურა.

და ნაბოლარა ძმას ასე იხსენებდა:

“ნიკოლა ხასიათით მეტად კარგი იყო, კეთილი, ადამიანები უყვარდა, მაგრამ ისე კი ფიცხი იყო. უცებ აპილპილდებოდა ხოლმე. ძალიან უყვარდა ღვინის სმა. აქ რომ ჩამოვიდოდა, მომეტებული ხანი ქეიფობდა. ოჯახი არასოდეს არა ჰყოლია. გამიგია, რომ საყვარელი ყვანდა, ვიცი ქალი იყო, არ ვიცი. არც შვილი უნდა ყვანდეს.”

მირზაანიდან თბილისში წამოსულმა მხატვარმა მძიმე ცხოვრება განვლო. მისი გულკეთილობით და სიალალით ბევრი სარგებლობდა და შესრულებულ სამუშაოში ფულს არ უხდიდა.
მხატვარს არც მუდმივი საცხოვრებელი გააჩნდა, ამიტომ ხან რომელ სარდაფში ცხოვრობდა და ხან რომელი დუქნის საკუჭნაოში.

მხატვრები ლადო გუდიაშვილი და მიხეილ ჭიაურელი ფიროსმანს 1916 წელს დიდი ძებნის შემდეგ შეხვდნენ:

“ნიკო ფიროსმანიშვილი ვიპოვნეთ დიდუბეში, ნახევრად სარდაფში. ოთახში რომ შევედით, გაოცებულნი გავშეშდით. ნახევრად სიბნელეში პატარა სარკმელთან ნავთქურა ბჟუტავდა, მასზე მინები ელაგა – მხატვარი ჭვარტლს აგროვებდა შავი საღებავისთვის. ჭვარტლით იყო მოფენილი მთელი ოთახი, ჭვარტლი დაფრინავდა ჰაერში, ჭვარტლში იყო გახვეული ნიკოც. ის დუმდა და დიდი ანთებული თვალებით გვიყურებდა. ბოლოს, გონს რომ მოვედით, გავუმხილეთ მისვლის მიზანი, მხატვართა კავშირის სხდომაზე გვეწვიეთ-თქო, ვუთხარით. გაუკვირდა, “მე კი მეგონა, ყველას დავავიწყდი.” შემდეგ დასძინა, “კარტონს ვფერავ ჭვარტლით, შავ გრუნტზე მივეჩვიე ხატვას.” მერე ტანსაცმელზე დაიხედა და გვითხრა, “ახლა ჩემთვის ძნელია კავშირში წამოსვლა. ასეთი სახით ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო!”

თუმცა ნიკალა შეკრებაზე მაინც მივიდა და თავისი ოცნება კოლეგებს გაუმხილა:

“ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!”

სერგო კლდიაშვილი ფიროსმანთან დაკავშირებით იხსენებდა, რომ მხატვარს და მის შემოქმედებას არ აფასებდნენ, გულგრილად ეპყრობოდნენ და ნიკალას ბევრი სურათი გადაყარეს, დახიეს და დაკარგეს.

ფიროსმანის ნახატების მსგავსად, მძიმე და რთული იყო მხატვრის ცხოვრებაც. როდესაც ის ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემ მოინახულეს დუქნის უკან პატარა ხუხულაში, ნიკალა გამხდარი იყო და ავადმყოფური სახე ჰქონდა:

“ჯანმრთელობა მღალატობს, განა ეს სიცოცხლეა?”

კასრებს შორის, დაბალ ფეხებზე ფიცარი იდო – ფიროსმანის საწოლი.

დავით კაკაბაძემ სთხოვა დაეხატა მისი პორტრეტი და იმდენს გადაუხდიდა, რამდენსაც ნიკო მოისურვებდა, მაგრამ ფიროსმანმა ფულის აღებაზე უარი განაცხადა:

“განა შეიძლება მეგობარ მხატვრისთვის ფულის გამორთმევა? უნდა გამოვჯანმრთელდე, მოვღონიერდე და მაშინ მექნება ბედნიერება დავხატო დავითი.”

მხატვართა საზოგადოებამ გადაწყვიტა ნიკო ფიროსმანიშვილისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთი და მისი გადაცემა ლადო გუდიაშვილს დაავალეს. ეს იყო ნიკალას ცხოვრების ბოლო წლები. ლადო გუდიაშვილმა ბევრი ეძება ნიკალა იმ ადგილებში, სადაც ადრე ცხოვრობდა, მაგრამ ამაოდ. როცა უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი ეზოდან მოესმა საშინელი ყვირილი, ლანძღვა და ბავშვების ჟივილ-ხივილი. ათამდე ბავშვი ქვებს უშენდა ერთი ოთახის კარებს, სადაც აბუჩად აგდებული კაცი ცხოვრობდა. ეს ნიკო ფიროსმანი იყო:

“ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. საშუალო წვერი და ქვევით დაშვებული ულვაშები ჰქონდა, ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს კულტურული კაცის სირბილისა და სიწყნარის იერი ეფინა. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და ჭუჭყიანი, საღებავებით მოთხუპნული შარვალი. ჩემ წინ იდგა “ბოსიაკური” და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები.

– ეხლა რაზე მუშაობთ? – ვკითხე ნიკოს.

– არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ. ხშირად მატყუებენ და არ მაძლევენ ფულს.

ამოვიღე 200 მანეთი და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო. შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა. როცა წამოსასვლელად მოვემზადე, კუთხეში რაღაც შევამჩნიე.

– ეს რა არის?

– საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვინის პროსპექტზედაც დასეირნობთ. არა, ასე არ შეიძლება. უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე… აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ.”

ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, მხატვართა საზოგადოებამ კვლავ შეაგროვა 300 მანეთი ფიროსმანის დასახმარებლად, მაგრამ ლადო გუდიაშვილმა ნიკალას ვეღარ მიაგნო.

როდესაც ილია და კირილე ზდანევიჩებმა ფიროსმანის ნახატები თბილისის სამიკიტნოებში აღმოაჩინეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთი სამიკიტნოს პატრონმა კი მათ უთხრა:

“ეძებეთ ნიკალა! ძალიან უბედურია, მარტოხელა და ღარიბი. ეძებეთ ნიკალა!”

ნიკალა მართლაც უბედური იყო. გაზაფხულმა საბოლოოდ გატეხა მისი ჯანმრთელობა. ავადმყოფობამ, რომელსაც ის მალავდა, გაჭირვებამ და ორგანიზმის საერთო გამოფიტვამ გატანჯა მხატვარი.

მეტად მწუხარე ყოფილა ფიროსმანის უკანასკნელი დღეები. თითქმის ნახევრად შიშველი, ჩამოგლეჯილი და უბინაო ერთი დუქნიდან მეორე დუქანში, ერთი სარდაფიდან მეორე სარდაფში გადადიოდა.

მისი ბოლო დღეების მომსწრე მეჩექმე არჩილ მაისურაძე იყო:

“უკანასკნელად სმისგან ავად გამხდარიყო და თითქმის ნახევარ გონებაზე მყოფი ბნელ საკუჭნაო-სარდაფში დაწოლილიყო ცივ მიწაზე. ორი-სამი დღის შემდეგ შემთხვევით ჩავედი იქ და თითქმის წყვდიადში წავაწყდი, ვიღაც მწარედ კვნესოდა:

– ვინა ხარ? – ვკითხე.

– მე ვარ! – გაისმა კვნესა და ხმაზე ვიცანი ნიკალა. მან კი ვეღარ მიცნო. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ძლივს თქვა:

– ცუდად გავხდი, სამი დღეა აქ ვწევარ და ვეღარ ავდექიო.

მაშინვე ეტლი მოვიყვანე და რაკი არ მეცალა, ეტლში ჩაუჯდა ილია მგალობლიშვილი და წაიყვანა მიხეილის თუ არამიანცის საავადმყოფოში, არ ვიცი. საწყალი, დღენახევარში გათავებულიყო.”

თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს გარდაიცვალა, რა პირობებში, ვინ დამარხა და სად, ეს დღემდე გაურკვეველია.