შარლოტა ბრონტეს დამაფიქრებელი წერილი

2 ივლისი, 2016

sharlota1ინგლისელი მწერალი შარლოტა ბრონტე და მისი რომანი “ჯეინ ეარი” მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორებმა მწერლის რომანის მიხედვით არაერთი ფილმი გადაიღეს, წიგნი მაინც შეუცვლელი დარჩა.

შარლოტა ბრონტემ მხოლოდ 39 წელი იცოცხლა, მაგრამ თაყვანისცემლები და ხელის მთხოვნელები არასდროს აკლდა. მწერალი ორსულობამ შეიწირა, თუმცა მან თავისი ნაწარმოებებითა თუ ცხოვრებისეული ქმედებებით არაერთ ადამიანს მისცა მაგალითი.

“არტინფო” გთავაზობთ შარლოტა ბრონტეს წერილს, რომელიც მან თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ჰენრი ნასეის მისწერა. ჰენრი შარლოტას ცოლობას სთხოვდა, ის მწერლის უახლოესი მეგობრის ძმა იყო:

“ვიდრე თქვენს წერილს ვუპასუხებდი, შეიძლებოდა ამ წინადადებაზე ფიქრში დიდი დრო გამეტარებინა, თუმცა იმ წამიდან როცა ეს წერილი მივიღე, ყურადღებით წავიკითხე და განვსაზღვრე რომელი გზა ამერჩია. ჩემთვის მეტად დაყოვნება კი სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა.

კარგად იცით, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახს პატივს ვცემდე. მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომ თქვენი დებიდან თუნდაც ერთი განსაკუთრებულად მიყვარდეს და ამასთან, თქვენც დიდ პატივს გცემთ. მცდარ მოტივებს ნუ მიაწერთ, თუ ჩემი პასუხი თქვენს წინადადებაზე ნეგატიური იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას სინდისის კარნახს ვენდე, ვიდრე ზემოთხსენებულ კავშირებს.

თქვენთან შეუღლებასთან დაკავშირებით, არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხასიათი ვერ გახდის ბედნიერს ისეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ.

ყოველთვის ჩვევად მქონდა შემესწავლა მათი ხასიათი, ვისაც ცხოვრება შემახვედრებდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ თქვენი ხასიათიც კარგად მაქვს შესწავლილი. აქედან გამომდინარე, ვიცი და შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი ქალი იქნებოდა თქვენთვის იდეალური მეუღლე. მისი ხასიათი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, მგზნებარე და ორიგინალური. ის უნდა იყოს მშვიდი, ღვთისმოსავი, მხიარული სულის ადამიანი. მისი შემხედვარე თქვენც უნდა იყოთ ბედნიერებით და კმაყოფილებით აღსავსე.

რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, თქვენ კარგად არ მიცნობთ. მე არ ვარ ისეთი სერიოზული, დინჯი, მშვიდი ადამიანი, როგორიც თქვენ გგონივართ. შეიძლება თქვენთვის რომანტიკოსიც ვარ და ახირებულიც, სატირულიც ვარ და სასტიკიც, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – მეზიზღება ტყუილი. მხოლოდ დაქორწინებულის სტატუსის მოსაპოვებლად და „შინაბერას“ იარლიყის მოსაშორებლად, ვერ გავყვები ცოლად ღირსეულ კაცს, თუკი დარწმუნებული არ ვიქნები, რომ მას ბედნიერს გავხდი.”

გააზიარეთ

 
...