სკანდალი ეროვნულ კინოცენტრში

1erovnuli-kinocentriსაქართველოს ეროვნული კინოცენტრი სკანდალში გაეხვია. კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი გამოაცხადა, სადაც სხვადასხვა პროექტებთან ერთად, მონაწილეობდა პროექტი “არმატურა”.

პროექტის პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ კინოცენტრიდან მათი პროექტის შეფასებები გამოითხოვა და როგორც თავად ამბობს, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა:

“დღეს ცხოვრებაში პირველად გამოვითხოვეთ კინოცენტრიდან შეფასებები, მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა, ასე აფასებენ მონაწილეებს კინოცენტრის ჟიური, (ერთ-ერთი ჟიურის წევრი უფრო კონკრეტულად).”

პროექტის “არმატურა” შეფასებისას კინოცენტრის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სუსტად შეაფასა და საკუთარი შეფასება წერილობით ასე დაასაბუთა:

“სცენარის კითხვისას, ხან ვარწ-ევდი, ხან ვი-ვავდი. დარწმუნებული ვარ, ავტორი კმაყოფილი იქნება იმ ემოციებით, რაც სცენარმა ჩემში გამოიწვია.”

kinocenrti1

ეროვნულმა კინოცენტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:

“ეროვნული კინოცენტრი ეხმაურება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრის მიერ პროექტ „არმატურის“ შეფასებისას გაკეთებულ წერილობით კომენტარს. (პროექტი „არმატურა“ – რეჟისორი ლაშა (გიორგი) ცქვიტინიძე, პროდიუსერი ნოდარ ნოზაძე).

კინოცენტრი ბოდიშს უხდის კონკურსის მონაწილეებს იმის გამო, რომ ჟიურის წევრის ეს ყოვლად არაეთიკური ჩანაწერი სათანადოდ არ გაკონტროლდა და მოხვდა მიღებულ საბუთებში. ეროვნულ კინოცენტრს კანონით არ აქვს უფლება გაასაჯაროვოს ჟიურის ამ წევრის ვინაობა, თუმცა კინოცენტრი იმედს იტოვებს, რომ ის თავად მოუხდის ბოდიშს ამ შეფასების გამო, პირველ რიგში, პროექტის ავტორებს და შემდეგ მთელ კინოსაზოგადოებას.

კინოცენტრი მიიჩნევს, რომ ჟიურის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მიუდგნენ პროექტების ავტორებს, არსებობს ასევე ჩვენს მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები, რომელსაც კონკურსამდე ხელს აწერს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი.

ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ საკონკურსო რეგულაციები ეთიკის მხრივ დასახვეწია. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი არ იმყოფება თბილისში, თუმცა რამდენიმე დღეში, დაბრუნებისთანავე, ის სათანადო რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე.”