20 ივლისი, 2016

რისთვის დააპატიმრეს ვანო სარაჯიშვილი მილანში?

vano-sarajishvili1“საქართველოს ბულბული”, “ქართველი ორფევსი”, “ხმის ჯადოქარი” – ეს იმ შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც შეუდარებელ ვანო სარაჯიშვილს ამკობდნენ.

ცნობილ საოპერო მომღერალს ხალხის უდიდესი სიყვარული და აღიარება ერგო. მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და უარი თქვა სიმდიდრეზე, ფუფუნებასა და სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. ვანო სარაჯიშვილის ნაადრევმა გარდაცვალებამ კი სამუდამოდ დააობლა მისი შემოქმედების გულშემატკივრები.

“არტინფო” გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ვანო სარაჯიშვილის იტალიაში მოღვაწეობის პერიოდს ეხება და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი:

“როდესაც ვანო სარაჯიშვილი იტალიაში მოღვაწეობდა, იმ დროს მილანში იმყოფებოდა ერთი ცრუ და მატყუარა პედაგოგი, ვინმე პოლანსკი, რომელმაც თავისი დაპირებებით დააჯერა ქართველი მომღერალი რომ ქალაქ პარმაში გასტროლებს გაუმართავდა. პარმაში ყველაზე უფრო მკაცრი და კრიტიკული თეატრი იყო, სადაც ვანო სარაჯიშვილს ოპერაში “მანონი” მთავარი პარტია უნდა ემღერა. ამისთვის პოლანსკიმ ქართველ საოპერო მომღერალს ჰონორარის სახით 5000 ლირა დასტყუა.

დღემდე უცნობია, რატომ დაუმალა ეს ამბავი ვანო სარაჯიშვილმა თავის მეგობრებს, შესაძლოა თაღლითი პოლანსკის მითითების გამოც. მან შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებული კოსტიუმი ოპერა “მანონში” გამოსასვლელად და ერთ მშვენიერ დღეს მილანიდან გაქრა. მისი მეგობრები ვერ მიხვდნენ, სად უნდა გამქრალიყო ასე უეცრად ვანო სარაჯიშვილი, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს.

მალე ეს “საიდუმლო” ყველასთვის ცნობილი გახდა: ვანო სარაჯიშვილი მალე დაბრუნდა მილანში და თავის მეგობრებს მოუყვა, თუ როგორ მოხერხუბულად, არაკაცურად და თაღლითურად მიატოვა ის პოლანსკიმ მილანში. ოპერა “მანონის” რეპერტიციაზე კი დირიჟორმა ქართველ მომღერალს უთხრა, რომ მხოლოდ იტალიური სკოლის გავლის შემდეგ შეეძლო ოპერებში სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერა ვანო სარაჯიშვილმა ბრწყინვალედ იცოდა.

დირიჟორის ასეთმა დაუმსახურებელმა შენიშვნამ ფიცხი ვანო სარაჯიშვილი ძალიან ააღელვა და მას სილა გააწნა, რისთვისაც ქართველი საოპერო მომღერალი დააპატიმრეს და დილამდე საპატიმროში ჰყავდათ.

პოლანსკიმ კარგად იცოდა ვანო სარაჯიშვილის ხასიათი, ამიტომ გადაიკარგა და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, როცა ქართველი მომღერალი ცოტათი დამშვიდდა, ისევ გამოჩნდა. მიუხედავად თავისი გულკეთილობისა, ვანო სარაჯიშვილმა პოლანსკის არაკაცური საქციელი არ აპატია და ქუჩაში შეხვედრის დროს ქართველებისთვის შესაფერისად გაუსწორდა.”