15 ივლისი, 2016

აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული აქცენტები, რომლებსაც უფროსებიც ვივიწყებთ

abraam-linkolni1მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას აბრაამ ლინკოლნს 4 ბიჭი ჰყავდა. მათგან სამმა სრულწლოვანებამდე ვერ მიაღწია. ბიჭები ტიფითა და ტუბერკულოზით გარდაიცვალნენ. მხოლოდ უფროსმა ბიჭმა, რობერტმა იცოცხლა 82 წლამდე და იურისპრუდენციაში და პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.

1855 წელს აბრაამ ლინკოლნმა დაწერა “წერილი შვილის მასწავლებელს”, რომლის ადრესატიც მისი შვილის, 5 წლის უილიამის მასწავლებელი იყო. სამწუხაროდ, უილიამი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“არტინფო” აბრაამ ლინკოლნის წერილს გაგაცნობთ, რომელიც სავსეა მამობრივი მზრუნველობით და სიყვარულით, წერილში მრავლად არის უმთავრესი ცხოვრებისეული აქცენტები. სამწუხაროდ, მათ ხშირად უფროსებიც ვივიწყებთ:

“ჩემმა შვილმა უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი სამართლიანი და გულწრფელი არ არის.

მაგრამ ასწავლეთ ისიც, რომ ყოველ არამზადაზე გმირი მოდის, რომ ყველა ეგოისტი პოლიტიკოსის სანაცვლოდ, ერთგული ლიდერი მოიძებნება.

ასწავლეთ, რომ თუკი არსებობს მტერი, აუცილებლად იარსებებს მეგობარიც, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.

ასწავლეთ ჩემს შვილს, რომ ერთ დოლარს, რომელიც შენი შრომით მოიპოვე, უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნაპოვნ 5 დოლარს.

ასწავლეთ შეძლოს წაგება და გამარჯვებით ტკბობა.

თუ შეძლებთ, მოარიდეთ შურს და აზიარეთ ხმადაბალი სიცილის საიდუმლოს.

პატარა ასაკშივე მიეცით უფლება შეიცნოს, რომ მედიდურ და მეტიჩარა ადამიანებზე გამარჯვება ყველაზე ადვილია.

თუ შეძლებთ, ასწავლეთ წიგნებით დაინტერესება და შეაყვარეთ კითხვა.

ასევე მიეცით მას თავისუფალი დრო, რომ დატკბეს ბუნების საოცრებებით – ჩიტების, მშრომელი ფუტკრების და ლამაზი ყვავილების და ხედების ცქერით.

როცა სკოლაში იქნება, შეაჩვიეთ, რომ გმირულად შეხვდეს წარუმატებლობას. ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და თაღლითობა.

ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იდეები სხვისთვის მიუღებელია.

ასწავლეთ იყოს ლმობიერი ლმობიერ ადამიანებთან და გამოიჩინოს სიმკაცრე მკაცრებთან.

ჩემს შვილს ასწავლეთ ადამიანების მოსმენა…და მათი საუბრიდან ჭეშმარიტების და კარგი აზრების გამოტანა.

თუკი შეძლებთ, ასწავლეთ მას გაიცინოს მოწყენილობის დროს და მიაჩვიეთ, რომ ცრემლები სირცხვილად არ ითვლება.

ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები უმაღლეს ფასად, მაგრამ ისიც კარგად ასწავლეთ, რომ არასოდეს გაყიდოს გული და სული.

ასწავლეთ, არ უსმინოს ბრბოს, მაგრამ იბრძოლოს თუკი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.

მოექეცით მას რბილად, მაგრამ ზედმეტი ჩახუტებების და მოფერების გარეშე, რადგან, გახსოვდეთ, მხოლოდ ძლიერ ცეცხლში იჭედება ფოლადი.

მიეცით ნება იყოს ვაჟკაცური და მომთმენი, რომ გახდეს მამაცი.

ასწავლეთ, რომ ყოველთვის დიდი რწმენით იყოს განმსჭვლალული საკუთარი თავის მიმართ, რადგან ასე თვითონაც დიდი რწმენა გაუჩნდება კაცობრიობისადმი.

ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა გამოგივათ.

ისე კი, ძალიან კარგი ბიჭია – ჩემი საყვარელი შვილი!”