9 ივნისი, 2016

“ფიროსმანი კი არ უნდა გამოვკეტოთ…”

pirosmani-sotbize1– ნიკალა გაუშვით, უკვე დიდი ბიჭია და თავადაც გაიკვლევს გზას! – ასე აფასებს ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი ფიროსმანის ტილოების საქართველოში დაბრუნების ფაქტს. მისი აზრით, მხატვრის შემოქმედება საქართველოში კი არ უნდა გამოვკეტოთ, არამედ კარი უნდა გავუხსნათ და მივცეთ საშუალება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იმოგზაუროს და კიდევ უფრო გაუთქვას სახელი საქართველოს.

ლევან სონღულაშვილი:

“მართლა გულწრფელად ვსვამ ამ კითხვას და ვინც მეთანხმება მისი კი არა, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, მისი არგუმენტირებულ-სუბიექტური პოზიცია მაინტერესებს.

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრის შეძენა რატომ ასოცირდება მასთან, თითქოს “ფიროსმანი დავიბრუნეთ?” დაკარგული ტერიტორია შეიძლება “დაიბრუნო”, თუმცა ფიროსმანი, ვისითაც ასე ვამაყობთ (ძალიან ცოტას კი ესმის მისი) და მსოფლიოში სათანადოდ ცნობილი არაა, რუსეთს თუ არ ჩავთვლით და სწორედ რუსული ხელოვნების ნიმუშადაა აუქციონებზე წარდგენილი, ქართულ სივრცეში, სადაც საგალერეო სისტემა არ არსებობს და ფიროსმანის მუზეუმიც არ გვაქვს, კი არ უნდა გამოვკეტოთ, არამედ კარი უნდა გავხსნათ და საშუალება მივცეთ ამერიკის, ევროპის, აზიის წამყვანი მუზეუმების მუდმივ კოლექციაში დაიდოს ბინა, უცხოელმა კოლექციონენრებმაც შეიძინონ და მისი სახელი ხშირად გამოჩნდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ + როგორც ქართული ვიზუალური ხელოვნების ნაწარმოები!!!

საქართველოს ევროპული, ამერიკულზე საუბარი აღარაა, სახვითი ხელოვნების უღარიბესი კოლექცია აქვს (ფაქტობრივად, არ აქვს) და ნამდვილად გამახარებდა, კრანახის გარდა, გერმანელი ექსპრესიონისტების, ფრანგი და ჰოლანდიელი იმპრესიონისტების, ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონისტების, თანამედროვე მინიმალისტების, კლასიკოსების, იაპონელი და ჩინელი გრავიორების და ა.შ. ნამუშევრები თუ შეემატებოდა საქართველოს სამუზეუმო ტერიტორიას.

ნიკალა გაუშვით, უკვე დიდი ბიჭია და თავადაც გაიკვლევს გზას!

საქართველოში უნდა შეიქმნას ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმი, სადაც მხოლოდ მისი კოლექცია იქნება თავმოყრილი და ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა, როგორც ვან გოგის, დალის მუზეუმებია, რადგან, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, იგი სიმბოლოა ქართული ვიზუალური ხელობნებისა. კოლექციის დიდი ნაწილი სამშობლოში, მცირე კი მსოფლიოს დიდი ქალაქების ცნობილ მუზუემებსა და გალერეებში რომ აღმოჩნდეს, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ფიროსმანს არ იცნობენ და მისი რამდენიმე ექსპონატი შეიძლება იქცეს კომპასად საქართველოსკენ, სადაც მნახველს ფიროსმანის მუზეუმში დაცული დიდი კოლექცია დახვდება.

ვიზუალურ ხელოვნებას დამთვალიერებელი სჭირდება, რომლის სიჭარბესაც ჩვენი სამუზეუმო სივრცე არ განიცდის, არც ფიროსმანი და გასააქტიურებლად სხვა სახის ენთუზიაზმია საჭირო. ცხადია, ფიროსმანის მუზუემის კოლექცია უნდა გამდიდრდეს, სახლ-მუზეუმს არ ვგულისხმობ, არამედ ცალკე შექმნილ მუზეუმს დედაქალაქში, ამას სხვა ფუნქცია აკისრია ჩვენი ურბანული კულტურის ცხოვრებაში, სადაც თავმოყრილი იქნება პრინტები, პოსტერები, ფიროსმანის ნამუშევრების გამოყენებით შექმნილი სიუვენირები, მაისურები, დოკუმენტური ვიდეო-აუდიო მასალა, არქიტექტურაც შესაბამისი, წიგნები, კატალოგები და სხვა. ეს იქნება ფიროსმანის სამყარო დედაქალაქში. ისიც მისასალმებელია, რომ ქართველმა შეიძინოს, მეტიც, ის უფრო გამახარებს ბევრი ქართველი მეცენატი, კოლექციონერი გაჩნდეს ქვეყანაში, რომელიც სწორედ ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესდება, რომელიც მდიდარ კოლექციას საჯაროდ გამოსაფენად შეიძენს და განავითარებს სამუზეუმო ინფრასტრუქტურას.

ტურმიზმის განვითარებისთვის, მოსახლეობის კულტურული ცხოვრების დონის ამაღლებისთვის და თუნდაც, ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვისაც აუცილებელია. ამის საწინააღმდეგოდ ვინც გამოვა, პირველ რიგში ქვეყნის, კულტურის მტერია! ამიტომ ჩემი ნათქვამი არ მსურს დამახინჯდეს-მეთქი…

მე მასის დამოკიდებულებას არ ვიზიარებ, ფარისევლურ სიხარულს, როცა ნიკალას ფასს კაცმა არ იცის რეალურად რამდენი აცნობიერებს, როცა მუზეუმს დამთვალეირებელი არ ჰყავს, როცა ვიზუალური ხელოვნების დანიშნულებას თანამედროვე სამყაროში ჯერ ვერ იაზრებენ, როცა საგალერეო სისტემა არ გვაქვს, მაშინ ეს სიხარული ყალბია.

მხატვრობა ცოცხალი პროცესია, ეს არ უნდა გავდეს საუკუნეების მანძილზე ვიტრინაში გამომწყვდეულ “მადონას სერვისს”, რომელსაც მტვერი ადევს და სტატიურად დგას…

თუ შეძენის შემდგომ ამ ასაკოვან კაცს (ნიკოს), რომელსაც უზარმაზარ მასშტაბებს შეუძლია დაეუფლოს, იზოლირებულს ვხდით, დრამაც მაშინ იწყება. თორემ თუ ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით პოპულარიზაციაში, ასევე გავცეთ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დარბაზში მოსახვედრად, ეგ შესანიშნავი იქნება. შეძენას კი ვერავის ავუკრძალავთ და ვიმეორებ, გამეხარდება… და აქვე იმასაც დავძენ, რომ არ უნდა ჩავიციკლოთ წარსულში და ვიფიქროთ აწმყოზე, რათა ფიროსმანის სათანადო დაფასებასთან ერთად, თანამედროვე ვიზუალური მეტყველების განვითარებაზეც ვიზრუნოთ ქვეყანაში.”