6 ივნისი, 2016

გეგა კობახიძე – საბჭოთა რეჟიმს შეწირული მსახიობი

გეგა კობახიძის მიმართ ინტერესი წლებია არ ნელდება. მსახიობი, რომელმაც მხოლოდ 9 ფილმში ითამაშა, სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7-მა ქართველმა თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.

გამტაცებლებს სასამართლომ უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა გამოუტანა და განაჩენი სისრულეში მოიყვანა.

არადა ყველა მოწმე ერთხმად აღნიშნავდა, გეგა თვითმფრინავში ყოფნისას მთელი ღამის განმავლობაში სავარძლიდან არ ამდგარა, მგზავრებს ამხნევებდა, პირობას გაძლევთ, თქვენ არც ერთი ჩვენგანი არ შეგეხებათო.

გეგა კობახიძე ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძისა და მსახიობის ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი შვილი იყო:

“გეგა პატარა რომ იყო, ისე არ დაიძინებდა, თუ თვალებში არ მიყურებდა. სხვაგან თუ ვიყავი, მირეკავდნენ: “მოდი, გეძებს!” და მეც მოვდიოდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ამბობდნენ, რომ მოწებებული იყო ჩემზე. ალბათ, იყო. ქვიშხეთში ვისვენებდით ხშირად. შეღამებულზე, ბავშვებს რომ ვაძინებდით, დედები დასასვენებელი სახლის ეზოში ვიკრიბებოდით. გავიდოდა ცოტა ხანი და ისმოდა ჩემი შვილის ძახილი: დედა! მეგობრები ხშირად მახსენებენ ერთ საღამოს ქვიშხეთის ზაფხულებიდან. ბავშვები თამაშობდნენ. გეგას ჩემს კაბაზე ჰქონდა ხელი ჩავლებული და, ჩემზე ტკიპასავით მოწებებული, ადგილიდან არ იძვროდა. არ თამაშობდა. უცებ გავბრაზდი და ვუყვირე, წადი, ითამაშე-მეთქი, უფრო მეტად მომეკრო და მიპასუხა: მიყვარხარ და რა ვქნა.

ქვიშხეთში როცა ვისვენებდით მე და გეგა, შაბათ-კვირას ყველა ბავშვს აკითხავდა მამა. ამ დღეებში გეგა ოთახში იკეტებოდა. არასდროს გამოდიოდა ჩვენი ოთახიდან. ვერიკო ანჯაფარიძეს შვილიშვილი სანდრო ჰყავდა ჩამოყვანილი. გიორგი შენგელაია როცა ჩამოდიოდა თავისი შვილის სანახავად, ჯერ ჩვენს ოთახთან მოვიდოდა, შემოგვიტანდა ხილს, მოეფერებოდა გეგას. მერე მიდიოდა სანდროსთან. დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ გიორგისი. მიშიკო მაშინ “ქოლგას” იღებდა. დრო ნამდვილად არ ჰქონდა და ამიტომ ვერ ნახულობდა გეგას.”

გეგას დედის მიმართ უჩვეულო სიყვარული ჰქონდა. მშობლების განშორება მისთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა ცდილობდა, ეს არ შეემჩნია:

“მის გაზრდასთან დაკავშირებით არანაირი სირთულეები არ შემხვედრია. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. არასდროს არაფერს მიმალავდა, არც თავის რომანებს. როგორც ყველა ბიჭს, მასაც ჰქონდა თავისი ბიჭური ამბები. ერთხელ მაგრად იჩხუბა, მაგრამ, არ მახსოვს, ჯიბეში ან უჯრაში დანა ან იარაღი ჰქონოდა შენახული. როცა ეს საშინელი ამბავი მოხდა, ჩვენი უბნის ინსპექტორი დაიბარეს, თუ შეგინიშნავთ გეგა კობახიძე ცუდ საქციელშიო. იმ პერიოდში ყველა შიშისგან ცახცახებდა და ძალიან გამიკვირდა, როცა მან უპასუხა, ეს ბიჭი უბანში დამდგარიც კი არ მინახავსო. გეგა არ იყო ის ბიჭი, ქუჩაში დამდგარიყო, ებოლებინა და საქმეები ერჩია. დღეში თითო-ორ ღერს თუ მოწევდა. სამ მანეთს მივცემდი ხოლმე ინსტიტუტში წასასვლელად. შუადღით სახლში ბრუნდებოდა, რადგან საღამოს რეპეტიციაზე უნდა წასულიყო. გეგა, კიდევ მოგცემ მანეთს-მეთქი, რომ ვეტყოდი, არ მინდა, დედა, იმ ფულიდან კიდევ დამრჩა რაღაცო, მეტყოდა. თუ ჩემი მეგობრები ან ნათესავები ფულს აჩუქებდნენ, მაშინვე ჩემთან მოარბენინებდა და მე მაძლევდა. სათამაშოების მაღაზიასთან რომ ჩავივლიდით, ნაღვლიანი თვალებით შეხედავდა, მერე მეტყოდა: დედა თუ გაქვს ფული, მიყიდე, თუ არა და, როცა გექნება, მაშინ მიყიდეო. ძალიან მორიდებული ბავშვი იყო. ჩვენი დილა სიცილითა და იუმორით იწყებოდა, მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა გულჩათხრობილი.

სახლში ადრე ძველი, ხის ჩარჩოიანი ფანჯრები გვქონდა. გეგა პირდაპირ ფანჯრიდან გადმოალაჯებდა ხოლმე სახლში. სულ ასე აკეთებდა: შემოვარდებოდა სახლში, დამეტაკებოდა ბევრჯერ მაკოცებდა, ორივე ლოყას დამიკოცნიდა. დედა, მიყვარხარო, მეტყოდა და გავარდებოდა. გეგასგან ყოველთვის სითბოს, ფერებას ვიყავი მიჩვეული. ბავშვობიდან ასეთი იყო. მეუღლემ ადრე მიმატოვა. მთელ ჩემს სიყვარულს და მზრუნველობას გეგა კისრულობდა.

მას ძალიან უყვარდა კინო, თეატრი, ხატვა. წერდა სცენარებს, იღებდა პატარ-პატარა სიუჟეტებს, აკეთებდა მონტაჟებს. როგორც დედამისი ნათელა მაჭავარიანი იხსენებს, სახლში მინი თეატრი მოაწყო და მას „სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი“ უწოდა:

“5-6 წლის იქნებოდა, როდესაც შინ თეატრის მაგვარი რამ მოაწყო და რატომღაც სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი უწოდა. საკუთარ “თეატრში” დრამატურგიც თვითონ იყო და რეჟისორიც, მსახიობად კი მეზობლად მცხოვრები პატარა გოგონა ანუკა “მიიწვია”. 7 წლის რომ იყო, მამამისმა გეგა კინოსტუდიაში წაიყვანა. იქ ნახა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ, რომელიც იმხანად ნოველებისგან შემდგარ ფილმს “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” იღებდა და მოეწონა. ეს იყო გეგას პირველი ფილმი.”

სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება. ამბობდა, მსახიობობა არ მინდაო. გავიდა გამოცდებზე და არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები მამამისის ახლობლები იყვნენ:

“სიაში თავისი გვარი რომ ვერ წაიკითხა, თვალები საშინელი გაუხდა. ახლა ვფიქრობ, რომ მისი პროტესტი სწორედ მაშინ დაიწყო… ცოტა ხნით ჩემთან, თეატრში წავიყვანე. ერთად ვთამაშობდით “კარლსონში”. შესანიშნავი პარტნიორი იყო. თეატრში სცენის მუშადაც კი იმუშავა. ასე გავიდა ერთი წელი და ზაფხულში სამსახიობო ფაკულტეტზე დაბრკოლებების გარეშე ჩააბარა.”

„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ლაზარეს თავგადასავალი“, „ჩიტის რძე“, „აურზაური სალხინეთში“, „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“, „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ – ეს ის ფილმებია, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. გეგა კობახიძე შერჩეული იყო თორნიკე არავიძის როლზე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, მაგრამ თვითმფრინავის გატაცების ამბის გამო, „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძის როლი მერაბ ნინიძემ ითამაშა:

“თენგიზ აბულაძე გეგაზე ამბობდა: ძალიან მომწონდა სხვა ფილმებში, მაგრამ ამდენად ნიჭიერი თუ იყო, არ მეგონაო. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთან ერთად როგორ ამუშავებდა სცენარს… მაგრამ ფილმი ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაშინ მოხდა ის ტრაგედია…

ასეთი დიდი ტკივილის მიუხედავად, მე გეგას მერე არ დავგლახავდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ დახვრეტენ. არ გაიმეტებენ. მერე ვეუბნებოდი: გადაასახლებდნენ. სიკვდილმისჯილთა მაღაროებში წაიყვანდნენ. როდისმე ხმას მომაწვდენს. დაბრუნდება. ყველაზე დაუჯერებელ ჭორებს ვიჯერებდი. ვითომ ვიღაცამ სადღაც ნახა გეგა და ბიჭები. ვითომ ვიღაცამ რაღაც იცის მათზე. მერე ამ ვიღაცეებს ვეძებდი. რამდენიმე თვით ან სულაც რამდენიმე დღით ვიხანგრძლივებდი იმედს.

გეგა სიზმარში არასდროს მინახავს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვხედავ, მაგრამ გამოკვეთილად არა, სადღაც ქრება. შინაგანად რაღაც არ მაძლევს იმის საშუალებას, დავჯდე და ვიტირო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს.”

ნათელა მაჭავარიანისთვის ჭრილობა მაშინ განახლდა, როდესაც თვითმფრინავის ბიჭების მშობლებს შეატყობინეს, რომ დახვრეტილთა ცხედრების სამარხი ცნობილია. მშობლებს მეგზურობა ბიჭების დასაფლავების თვითმხილველმა გაუწია:

“მიწის გასათხრელად მუშების წაყვანა გამორიცხული იყო. მე ლევანი და დუდუ (დადიანები) წამყვნენ. საკუთარი ხელებით თხარეს ბიჭებმა გაქვავებული ბორცვები. მარტო სოსო წერეთლის კუბოს მოხვდა მათი ნიჩაბი. მეგზურმა მითხრა, გვამს მხოლოდ კუბო ინახავსო. პირდაპირ მიწაში ჩადებული გვამი იხრწნება, მიწაში იკარგებაო. გულზე მიხუტებული წამომიყვანეს ლევანმა და დუდუმ სოღანლუღიდან. დუდუ მეუბნებოდა: “ნათელ, ნათელ, მიყვარხარ!”

ამის მიუხედავად, გეგას “საფლავი” მაინც მაქვს. ვაკეში სიმბოლურად გავაკეთე საფლავი. ჩემი დედობილის და მამობილის საფლავებს შორის. ქვა, რომელზეც ჯვარია გამოსახული, გეგას მეგობარმა, თემურ ტომარაძემ, გააკეთა. საფლავისთვის ეზოდან წაღებული მიწა ვაკურთხებინე.”