17 ივნისი, 2016

“გამოვაცხადოთ ვაჟას დღე მედიაში!”

1vaja-fshavela– გამოვაცხადოთ ვაჟას დღე მედიაში! – ამ ინიციატივით ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი გამოდის.

წელს ვაჟას დაბადებიდან 14 ივლისს 155 წელი სრულდება. ეს თარიღი უკვე წლებია ტრადიციული ვაჟაობით აღინიშნება, თუმცა წელს ეს დღე სულ სხვა ფორმატით იქნება წარმოდგენილი.

ლელა რაზიკაშვილი:

“როდესაც ლუკა რაზიკაშვილი გაზეთ ,,დროებაში” ფელეტონებსა და კორესპონდენციებს აგზავნიდა, სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე ვაჟა–ფშაველა გახდებოდა, შემდეგ დიდი ვაჟა, საკაცობრიო აზრის მატარებელი და ა.შ.

ის თავის ძირითად საქმეს, მასწავლებლობას დედაქალაქში გამომავალი ჟურნალ–გაზეთების კორესპონდენტობას უთავსებდა. ცხოვრობდა და საქმიანობდა ისე, როგორც ყველა წესიერი ჟურნალისტი მაშინ, დღეს და ყველა დროში!

დაუფარავად წერდა ყველა სიმახინჯეზე რასაც ხედავდა თავად, ებრძოდა ადგილობრივ ხელისუფლებას, ,,ოკრუჟნოი სუდებს”, მეტყევეებს, მოხელეებს…

ებრძოდნენ მასაც, დევნიდნენ, ეჩხუბებოდნენ, აჩხუბებდნენ, აბეზღებდნენ და ერეოდნენ, უფრო მეტად ერეოდნენ, რადგან მაშინ არ იყო პროფესიული სოლიდარობის ტრადიცია, დრო და სივრცე!

მოგვიანებით მთელი მისი შემოქმედება სწორედ ჟურნალ–გაზეთებიდან გადავიდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში და გამოჩნდა ისეთი შემოქმედი, რომ მისი ჟურნალისტობა მივივიწყეთ, არადა ქართულმა მედიამ შეიძლება იამაყოს იმით, რომ ისინი დიდი შემოქმედის პროფესიული შთამომავლები არიან!

დღეს ხომ ვიწონებთ თავს პროფესიული სოლიდარობის ტრადიციებით, ჰო და მოვუწოდებ ქართულ მედიას ერთხელ მაინც ვიზეიმოთ ვაჟას დღე ერთად, შეთანხმებულად!
14 ივლისს, ვაჟას 155-ე დაბადების დღეა!

ყველა ჟურნალისტს, ყველა ტელევიზიას, ყველა გაზეთს და სააგენტოს ვთავაზობ:

ამ წლის 14 ივლისს, გამოვაცხადოთ ვაჟას დღე მედიაში!

ამის გაკეთება ძალიან მარტივად, საინტერესოდ და სახალისოდ შეიძლება!

არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური და ა.შ. რომლის გაშუქებისას ვაჟას ციტატის ან რომელიმე ნააზრევის გამოყენებას ვერ შევძლებთ!

იმაზე საუბარით თავს არ შეგაწყენთ, თუ რამდენად საინტერესო და სასარგებლო იქნება ასე მიწოდებული თემები საზოგადოებისთვის!

ამ წლის 14 ივლისს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება სურვილი და საშუალება, ვეპატიჟები ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში, ღონისძიებაზე, რომელსაც პირობითად ერქმევა ასე – ,,მედია კითხულობს ვაჟას!”

ბევრ საინტერესო ისტორიებს მოვუყვებით ერთმანეთს, ვაჟაზე, წარსულზე, მომავალზე. წავიკითხავთ ლექსებსაც, გამოჩნდება ვინ უკეთ…

გვექნება მხატვრული პროგრამა და რამდენიმე სახალისო შეჯიბრიც, თუ თქვენი სურვილი იქნება მედიადოღიც!

მოკლედ, 14 ივლისი, ვაჟას დღე მედიაში და მედიისგან ყველასთვის!”