“ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა!”

25 ივნისი, 2016

data-tutashxiaჭაბუა ამირეჯიბის რომანი “დათა თუთაშხია” ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია მკითხველისთვის. მისი გმირების ციტატები, ამონარიდები და ფრაზები ქართველებმა ზეპირადაც კი იციან.

დათა თუთაშხია, მუშნი ზარანდია, ნანო თავყელიშვილი, რაჟა სარჩიმელია, არქიფო სეთური, სანდრო კარიძე – ეს იმ გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მკითხველს ცხოვრების ჭეშმარიტებაზე აფიქრებს.

“არტინფო” ამჯერად სანდრო კარიძის რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ:

***

ფუნქცია – მსოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ! სლავთა სამთავროების გაძლიერებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო. ბიზანტიის იმპერია დაემხო და მართლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი რუსეთმა იკისრა. ზღვაოსნობის განვითარებამ დიდი სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ქართველთა სახელმწიფოს დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა. ამ პროცესმა თავისი ზნეობა გამოიმუშავა, თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ზნეობა, რაც მრავალრიცხოვან დამპყრობთა მოსაგერიებლად უვარგისი იყო. ქართველი ერის სულიერად გადაიღალა, ხორციელად განადგურდა. გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება. ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით. რუსეთთან შეერთებამ გაგვათავისუფლა ომებისაგან, ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან და გადასახადებისგანაც კი.

***

ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა! ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია ვბალახობთ! ჩვენი ფუნქციაა ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. ხოლო რანი ვართო, რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ – საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი!

***

ზნეობა დავკარგეთ! ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დააარსებს, თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია. საერთაშორისო ფუნცქია, მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო. ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას იმან ჩაუდგა სული, რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში, მეორეს მხრივ ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით, რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ სტაბილურობა მოიტანა და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო. განვითარდა ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებ-მიცემობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულება, გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული…. პიროვნებამ, მოქალაქემ ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა. ომი ყოველდიღიურ ცხოვრებად იქცა. ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა! შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება, საკუთარი სიცოცხლისათვის რაიმეს დაშურებას ნიშნავდა, ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი – ჯერ ერსა და სახელმწიფოს რაც კი არმ მაბადია და ეშმდეგ ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც ბედი მარგუნებს. აი, რა დავკარგეთ!

***

თუ სამშობლოს დაცვის, სახელმწიფოს შენახვის პირობა სიყვარულია, მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს ცხოვრების ფუძედ, საძირკვლადვ სიყვარული ჰქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული.

***

ხალხი ხელებია და სტომაქი. ერი – მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა. ხალხი სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთხოვნილება ყოველთვის სჭარბობს შექმნილს, მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება მთლიანად შთანთქას არა მარტო ის, რაც თვითონ შექმნა, არამედ ისიც, რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას გადარჩენილი. ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული ის მარადისი სულია, რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური ორგანიზმის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლობას. ერი დამაოკებელი, მომწესრიგებელი საწყისია, სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი, მცველი.

***

ერს, ანუ უკვდავების, მარადისობის გამახორციელებელ ძირითად ძალას ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც ქვეყანას აძლევს ყველაფერს, თუკი რამ გააჩნია და იღებს მისგან მხოლოდ იმდენს, რამდენიც არსებობისათვის, ანუ ყველაფრის მისაცემად სჭირია.

***

გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთხვევაში სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე: პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის პყრობას – ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია. მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს.

***

ბუნებაში, ალბათ, არაფერია ისე ერთმანეთზე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე – მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე – მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან….
ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერისა და მისი სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.”

გააზიარეთ

 
...