29 ივნისი, 2016

როგორ გადაარჩინა განადგურებას ივანე ჯავახიშვილმა “აბესალომ და ეთერი”?

ivane-zaqariaზაქარია ფალიაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული და უკვდავი ოპერა “აბესალომ და ეთერი” ქართული კულტურის საგანძურია.

ბევრისთვის ალბათ არ არის ცნობილი, რომ ოპერას განადგურება ემუქრებოდა და ის ივანე ჯავახიშვილმა გადაარჩინა.

თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, ამის შესახებ გიორგი მჭედლიშვილი საუბრობს ჩანაწერში “რა არის მეგობრობა?”:

“აბესალომ და ეთერზე” მუშაობისას ზაქარიას მისი ერთადერთი ვაჟი, ირაკლი გვერდით ეჯდა. მუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვს ზოგჯერ შესწორებებიც შეჰქონდა მამის ნამუშევარში.

რამდენიმე წლის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილმა “აბესალომ და ეთერი” შვილს მიუძღვნა. როდესაც ოპერის წერა დაასრულა, ირაკლი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ირაკლი 9 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გადმოცემით ვიცით, რომ ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ოპერაზე მუშაობის გაგრძელებას ზაქარია ფალიაშვილი აღარ აპირებდა. მეტიც, ნოტების დახევაც კი განიზრახა, მაგრამ მის მეგობარ ივანე ჯავახიშვილს მიუსწრია და ნოტები ხელიდან გამოუგლიჯავს. ასე გადარჩა “აბესალომ და ეთერი”.

***

1930-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, ბოლშევიკმა კომკავშირლებმა პროფესორს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის ზღურბლის გადალახვის უფლებაც კი არ მისცეს…

ბუნებრივია, ივანე შეძრული დაბრუნდა სახლში. თვეობით არ გამოდიოდა პლეხანოვის უბანში მდებარე თავისი მოკრძალებული ბინიდან, მხოლოდ წერდა, სხვა ყველაფრის ხალისი დაკარგა… გულშემატკივრები მის გასამხნევებლად ყველა ხერხის გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოდიოდათ…

ზაქარია ფალიაშვილი თითქმის ყოველ ღამე მიდიოდა ივანეს სახლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში, მიუჯდებოდა ორღანს და ძველი მეგობრისთვის კლასიკური მუსიკის გერმანულ და ავსტრიულ შედევრებს ასრულებდა. ზაქარია ასრულებდა იმ შედევრებს, რომლებზეც ივანე, მისი მევიოლინე მეუღლე და კონსერვატორიის სტუდენტი შვილი გიჟდებოდნენ.

წარმოიდგინეთ, უკუნი ღამე, პლეხანოვი, აბსლუტური სიჩუმე, მხოლოდ ერთ ფანჯარაში ანთებული სანთელი, გამწარებული და გაუბედურებული, სასოწარკვეთილი ადამიანი და მისთვის, ყოველ ღამე, შორიდან, გენიალური მუსიკოსის მიერ ჯიუტად აჟღერებული მელოდია, რომელიც მძიმე ღამის სიჩუმისა და უიმედობის გაქარწყლებას ცდილობს.

აი, ეს არის მეგობრობა!”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...