ნატო ვაჩნაძე – საბედისწერო რეისს შეწირული მსახიობი

16 ივნისი, 2016

Nato_Vachnadze1“მუდამ ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდე სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვეპრლის გაღება, თუ ეს მის ახლობლებსა და მეგობრებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი!” – ეს არის ნატო ვაჩნაძის მინაწერი წიგნზე ელდარ შენგელაიასთვის. როგორც რეჟისორი ამბობს, მთელი ცხოვრება ამით ხელმძღვანელობს.

ნატო ვაჩნაძე – ქართული სილამაზის ეტალონი! ხშირად გაიგონებთ ამ სიტყვებს და სრულიად სამართლიანადაც.

მსახიობმა, რომელმაც მხოლოდ 49 წელი იცოცხლა, შეძლო და სამუდამოდ შეაყვარა და დაამახსოვრა თავი მაყურებელს. ის არის ერთადერთი ხელოვანი საქართველოში, რომელსაც ვარსკვლავი გარდაცვალების შემდეგ გაუხსნეს.

მისი რთული ცხოვრება სავსე იყო სიხარულით, ტკივილით, ბედნიერებით, თუმცა ყველაზე ნათელი წერტილი მაინც ბავშვობა და იმ სოფლელთან დაკავშირებული მოგონებები იყო, სადაც ბედნიერი წლები გაატარა:

“საკმარისია, ოდნავ ფიქრებს მივცე თავი, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების მცხუნვარებას. როცა მრავალი წლის შემდეგ, კვლავ მოვხვდები ხოლმე მშობლიურ მიწა-წყალზე, ჩემს არსებაში მყისვე ცოცხლდება ის რიტმები, ხმები, სიმღერები, რითაც სავსე იყო ჩემი მოგონება მშობლიურ სოფელზე. თითქოს აქედან არასოდეს არ გავმგზავრებულვარ, მუდამ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას.”

ბედნიერი ბავშვობის ხანა მალე დასრულდა. სკოლის მოსწავლე არქიტექტორ მერაბ ვაჩნაძეზე დაქორწინდა და მის გვარზე გადავიდა. მათ ერთი შვილი, თენგიზი შეეძინათ. მათი თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თენგიზმა მამის მსგავსად არქიტექტორის პროფესია არჩია, მერაბ ვაჩნაძე კი გადასახლებაში ყოფნისას დაიკარგა, იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

წლების შემდეგ, ნატო ვაჩნაძემ მეორედ შექმნა ოჯახი და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიაზე დაქორწინდა. ვაჩნაძის გვარი კი მაინც დაიტოვა, რადგან კინოში ამ გვარით იყო ცნობილი. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მას ნატო კი არა, ნატა ერქვა. როცა წარმატებული მსახიობი გახდა, კრემლში საქართველოს კულტურული დღეები ჩატარდა. იოსებ სტალინმა მსახიობს დაუძახა და უთხრა: შენ ნატა კი არ ხარ, ნატო ხარო! ნატო უფრო ქართულად ჟღერს და ბელადმა მას ეს ქართული სახელი დაუბრუნა. მას შემდეგ, მართლაც ყველა ნატოთი მოისხენიებდა. იმ დღეს სტალინმა მსახიობს ფოტოც აჩუქა, წარწერით: “ამხანაგ ნატო ვაჩნაძეს, სტალინისაგან!”

ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. ოჯახს ყველანაირად ეხმარებოდა და ასანთის ფაბრიკაში მუშად მუშაობდა, მომავალ თაობებს მუსიკასაც ასწავლიდა. მოგვიანებით, როცა ფილმებს აღარ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძე უმუშევარი იყო, სხვადასხვა კონცერტებზე დადიოდა და ლექსებს კითხულობდა.

მართალია ნატო ვაჩნაძეს სამსახიობო განათლება მიღებული არ ჰქონია და არც არასდროს უფიქრია, რომ როდესმე ფილმში მოხვდებოდა, მაგრამ ცხოვრებამ სულ სხვა სიურპრიზი მოუმზადა. 19 წლის იყო, როდესაც ფოტო გადაუღეს და ეს ფოტო ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინაში გამოაკრეს. ერთ დღესაც, ამ ვიტრინას რეჟისორმა ივანე ბარსკიმ ჩაუარა, რომელიც მუნჯ ფილმს იღებდა. ახალგაზრდა ქალი ძალიან მოეწონა და მისი ვინაობის დადგენა “სახკინმრეწვის” თანამშრომელს შაქრო ბერიშვილს დაავალა. მან გურჯაანში ჩააკითხა ნატო ვაჩნაძეს და ფილმში გადაღება შესთავაზა. რასაკვირველია, მერაბ ვაჩნაძის მშობლები თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მათ რძალს კინოში ეთამაშა. მაგრამ როგორღაც დაითანხმეს და ნატო თბილისში წამოვიდა. იმავე პერიოდში მსახიობი კიდევ ერთ ფილმში მიიწვიეს, ეს იყო რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი”. მისი კინო დებიუტი ერთდროულად ორ ფილმში – “არსენა ყაჩაღი” და “მამის მკვლელი” შედგა.

როდესაც ნიკოლოზ შენგელაიამ და ნატო ვაჩნაძეზე იქორწინა, ნიკოლოზი დამწყები რეჟისორი იყო, ნატო კი ცნობილი მსახიობი. ცნობილი ფაქტია, რომ ნიკოლოზ შენგელაია კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა. როდესაც შენგელაია რუსთაველის გამზირზე ხეზე იჯდა და ლექსებს კითხულობდა, ამ დროს კოტე მარჯანიშვილმა ეტლით ჩამოიარა, ბიჭი ქვევით ჩამოიყვანა, გაესაუბრა და უთხრა, ჩემი ასისტენტი გახდიო. ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა. კოტე ერთ-ერთ ფილმს იღებდა, სადაც მსახიობი მტკვარში ხტებოდა. მტკვარი იმ დროს ძალიან აღელვებული იყო. ნიკოლოზს უთქვამს, მე გადავხტებიო. თურმე კოტე არ უშვებდა, მაგრამ მაინც გადახტა და კადრიც კარგი გამოვიდა. კოტე მარჯანიშვილთან ურთიერთობამ ნიკოლოზ შენგელაიას მომავალი განსაზღვრა.

ნატო ვაჩნაძე ნიკოლოზ შენგელაიამ თავის პირველ ფილმში “გიული” მიიწვია. ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და ამის მიზეზი რეჟისორის ფუტურისტობა იყო. მაშინ ახალბადე რეჟისორს ცნობილი მსახიობისთვის უთქვამს, შენ ჩემს ფილმში არასდროს გადაგიღებო. პირობა დაირღვა და მათ ერთად იმუშავეს. “გიულის” დამდგმელი ოპერატორი მიხეილ კალატოზიშვილი იყო. სწორედ მას უთხრა ნიკოლოზ შენგელაიამ, რომ ნატო ვაჩნაძე უყვარდა. მისი გრძნობების მიმართ გულგრილი არც მსახიობი დარჩენილა:

“იგი ჩემთვის ბედნიერების წყარო იყო. ძნელია პირადი ცხოვრების ხელმეორედ დაწყება, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდები.”

მათ იქორწინეს და ორი შვილი ელდარი და გიორგი შეეძინათ. სამწუხაროდ, ნიკოლოზ შენგელაია მალევე გარდაიცვალა და მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნატო ვაჩნაძე ისევ მარტო აღმოჩნდა ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე, ახლა უკვე სამი შვილით. როგორც ელდარ შენგელაია იხსენებს, დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილები ერჩინა, თუმცა მისთვის, ნატო ვაჩნაძის შვილობა დიდი წამება იყო:

“ნატო ვაჩნაძის შვილობა ძალიან მაწამებდა. ქუჩაში ერთად რომ გავიდოდით, ვინც კი შეგვხვდებოდა, დედას დიდხანს ესაუბრებოდა. მერე ეტყოდნენ ხოლმე, ეს რა ლამაზი ბიჭი გყავსო. არადა, თავი სულ გადახოტრილი მქონდა მკბენარებისგან დასაცავად და პარტყუნა ყურები მქონდა. კომპლიმენტებზე ძალიან ვბრაზდებოდი. ერთხელაც დედას გამოვუცხადე, ამის შემდეგ შენ ივლი წინ, მე კიდევ ათი ნაბიჯით უკან ვიქნები-მეთქი.

პირველი კლასის მოსწავლე რომ ვიყავი, გვერდით ერთი ლამაზი გოგონა დამისვეს. ძალიან მომეწონა და უცბად შემიყვარდა. სახლში რომ მივედი, დედას ყელსაბამები მოვიპარე და იმ გოგოს ვაჩუქე. მეორე დღეს სამასწავლებლო ოთახში დამიბარეს და მკითხეს, ეს ყელსაბამები ვისიაო. მე დავიბენი, შემრცხვა და ვუპასუხე, დედაჩემის არის, ეს გოგო მომეწონა და მას მოვუტანე-თქო. ამის მერე ნატო სკოლაში დაიბარეს და სიტუაცია აუხსნეს. დედამ ამაზე ძალიან ბევრი იცინა და ყელსაბამები იმ გოგოს აჩუქა.”

ნატო ვაჩნაძე კომედიურ ფილმებში მონაწილეობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი ოცნება აუსრულებელი დარჩა. ახალგაზრდა მსახიობი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა:

“მოსკოვში ვსწავლობდი. დედამ ჩამომაკითხა. მეგობრები თემიკო ჩირგაძესთან წავედით ვარატინსკის ოლქში, სადაც ჯარში მსახურობდა. დედამ გამაფრთხილა, თუ შენ არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო. თემიკოსთან კარგად ვიქეიფეთ და დავწექით. საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, მაგრამ ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა. თემიკოს ვუთხარი, ახლავე მოსკოვში მივდივართქო. მან მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო. ვუპასუხე, საბარგო მატარებელი მაინც იქნება. როგორმე წავალ, რადგან დედას დავპირდი. სულ იმავეს ვფიქრობ, ნეტავ მოსკოვში არ წავსულიყავი. დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა. არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა.

როგორც იქნა მოსკოვში ჩავედი და დედა გავაცილე. აეროპორტში მისულ დედაჩემს, ბილეთი არ დახვდა. შემდეგ მოლარეს აუხსნა, რომ სასწრაფოდ უნდოდა გაფრენა. მან კი ცნობილ მსახიობს უარი ვერ უთხრა. ასე იშოვა დედამ საბედისწერო რეისის ბილეთი და ასე მოხვდა იმ თვითმფრინავში. დამთხვევაა ისიც, რომ ავიაკატასტროფა მამაჩემის სოფელ ობუჯთან მოხდა. მანამდე წლებით ადრე კი მამა დედაჩემის სოფელ გურჯაანთან ახლოს გარდაიცვალა.”

ნატო ვაჩნაძე თავისივე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. მისი ამოცნობა მხოლოდ გადარჩენილი თითით და საგვარეულო ბეჭდით გახდა შესაძლებელი. ნატო ვაჩნაძე უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა:

“დიდუბის პანთეონი ადრე კედლით იყო შემოსაზღვრული და დედაჩემის კუბო ზედ გადაატარეს. ჩვენ შიგნით ვერ შევდიოდით და ერთ ქალბატონს, რომ ვთხოვე, შემიშვით დედაჩემია-მეთქი, მან მიპასუხა, ის დედაჩვენიც არისო.”

ნატო ვაჩნაძის თხოვნა აუსრულებელი დარჩა. ერთხელ, როდესაც მეგობრებთან ერთად გრემის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ, ის ჯგუფს ჩამორჩა და ერთ-ერთი ხის ქვეშ გაჩერდა. მხატვარმა ელენე ახვლედიანმა დაუძახა, რომ დროულად წასულიყო, რაზეც ნატო ვაჩნაძემ უპასუხა, ამ ხის ძირში დამასაფლავეთო. მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მოგვიანებით კი ვერის სასაფლაოდან ნიკლოზ შენგელაიაც დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით გადაასვენეს.

გააზიარეთ

 
...