ლეილა ყიფიანი: “გული მწყდება…”

3 ივნისი, 2016

leyla1შეუძლებელია დაივიწყოთ გოგონა დიდრონი ცისფერი თვალებით, რომელმაც ნოდარ დუმბაძის ხატია ეკრანებზე გააცოცხლა.

მართალია, ლეილა ყიფიანმა ბევრ ფილმში არ ითამაშა, მაგრამ რამოდენიმე მათგანიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაყურებლისთვის თავი სამუდამოდ დაემახსოვრებინა.

ბალერინობაზე მეოცნებე ცისფერთვალება გოგონა კინოში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. პროფესიით ბიოლოგისთვის პოპულარობა საკმაოდ ადრე და მალე მოვიდა. ფილმში “მე ვხედავ მზეს” მან ხატიას როლი იმდენად დამაჯერებლად ითამაშა, რომ ნოდარ დუმბაძემ გოგონა თავის მეუღლესთან მიიყვანა და უთხრა, აი, ეს არის ჩემი ხატიაო:

“ჩემი მეზობელი კინოსტუდიაში ხმის ოპერატორად მუშაობდა. ქუჩაში შემხვდა და მითხრა, კინოსტუდიაში ხატიას როლზე გოგონებს არჩევენ, შენც მოდი, როლზე აუცილებლად დაგამტკიცებენო. კინოსტუდიაში ბევრი გოგონა დამხვდა. გრიმიორმა “ხატიას” კიკინები და გრიმი გამიკეთა. ფოტოები გადამიღეს და პასუხისთვის ორი კვირის შემდეგ დამიბარეს. ძალიან ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა, ორი კვირა როდის გავიდოდა და პასუხს როდის მეტყოდნენ. როგორც იქნა, დამიბარეს და ერთ-ერთ ეპიზოდში გელა ჭიჭინაძესთან ერთად გადამიღეს. ისევ ლოდინი მიწევდა. ოჯახის წევრებს განუწყვეტლივ ვეკითხებოდი, დიდი, ცისფერი თვალები ხომ მაქვს, როლზე რატომ არ უნდა დამამტკიცონ-მეთქი. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ხატიას როლზე დამამტკიცეს. ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ უსინათლოთა სკოლაში გამაგზავნა, რომ მათი ქცევები შემესწავლა.

გადაღებები დაიწყო და მეათეკლასელი გოგონა ბუმბერაზი მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი. სესილია თაყაიშვილი ეპიზოდურ როლში მონაწილეობდა, მაგრამ უნდა გენახათ, როგორ მუშაობდა. აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი და ყველაფერს სხვებისგან ვსწავლობდი. ხატიას როლი რომ შედგა, დიდი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით.

პირველი როლის შემდეგ ძალიან პოპულარული გავხდი, მაგრამ ამას არ შევუცვლივარ. ფილმმა ტრიუმფით ჩაიარა. ხშირად მიგზავნიდნენ ნახატებს, ბარათებს, სიყვარულსაც კი მიხსნიდნენ. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს იმ წლებთან, მაგრამ განსაკუთრებთ მომწონს ერთი ბარათი, რომელიც ნამდვილად ორიგინალურია – ფილმის რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის კალთის ქვეშ “ხატია” და “სოსოია” არიან შეფარებული.”

სამსახიობო კარიერასთან ერთად, ლეილა ყიფიანს პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა. კომპოზიტორ პეტრე გრუზინსკის ბიჭს, ნუგზარს “ღიმილის ბიჭების” გადასაღებ მოედანზე შეხვდა და მათი მეგობრობა ოჯახის შექმნით დასრულდა.

“ღიმილის ბიჭების” გადაღებები ყველაზე მხიარულად მახსენდება. ყველანი სტუდენტები ვიყავით, მხოლოდ თაზო თოლორაია და გოჩა ლომია სწავლობდნენ სკოლაში. მხიარულება და დროსტარება გვინდოდა, რაზეც რეზო ჩხეიძე ძალიან ბრაზობდა. ერთხელ კახა ქორიძემ გადაღების დროს გამაცინა, რეზო ჩხეიძე საშინლად გაბრაზდა და გადაღება ჩაშალა. მე და კახა იძულებულები ვიყავით, მისთვის ბოდიში მოგვეხადა.”

როგორც ყველა მსახიობისთვის, ლეილა ყიფიანისთვისაც რთულია საყვარელი როლის გამოყოფა. ამბობს, რომ მისთვის ყველა პერსონაჟი ერთნაირად საყვარელია:

“ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი არ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისევე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა.”

მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი რეჟისორია, მეუღლე საკუთარ სპექტაკლში სამუშაოდ მხოლოდ ერთხელ მიიწვია:

“ნუგზართან ერთადერთხელ ვიმუშავე და ეს იყო სპექტაკლი “იკაროსის ფრთები”. მუშაობის პროცესში ის რთულია, მსახიობების მიმართ მომთხოვნია, ჩემგან კი ყველაზე მეტს ითხოვდა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ტანდემი შედგა, რადგან როლი გამოვიდა და ნუგზარი კმაყოფილი დარჩა.”

გააზიარეთ

 
...