15 ივნისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სომხეთში მიემგზავრება

mzis-sxiv1iნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უნიმა სომხეთის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

25-29 ივნისს, სომხეთის ქალაქებში სტეფანავანსა და ერევანში მიმდინარე ფესტივალში „მშვიდობა და სიხარული ბავშვებს“ მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით „მზის სხივი“ წარსდგება.

„მზის სხივი“ თოჯინური სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა რუმინელი მწერლის ანრი პოპესკუს რომანტიკული ზღაპრის მიხედვით დადგა.

2015 წელს „მზის სხივი“ გათამაშდა სომხეთის ქალაქ ვანაძორში, სადაც თუმანიანის მეათე საერთაშორისო საბავშვო თეატრების ფესტივალში „ზღაპრების დღე“ სპეციალური დიპლომით აღინიშნა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი სომხეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.