“ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია…”

29 მაისი, 2016

otar-chiladze1231რა არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი ტრაგედია? – პასუხი ამ კითხვაზე იმდენივეა, რამდენიც ადამიანი. თუმცა არსებობს ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც ყველაზე მკაფიოდ და გასაგებად ნებისმიერი ადამიანისთვის ქართველი კლასიკოსი მწერალი ოთარ ჭილაძე აყალიბებს:

“…უსიყვარულოდ დარჩენილმა ადამიანმა, რაც ჩვენი დროის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, პირველ რიგში, ოცნებაზე აიღო ხელი, რის გამოც თავისთავად გაუქრა მარადიულობის შეგრძნება და შეშინებული, გამწარებული ჩააფრინდა წარმავალს, ოღონდ, ამ წუთას რეალურად არსებულს, ხელჩასავლებს… უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარმა ადამიანობამ დათრგუნა – გაუთავებელი გულისხეთქვის, მღელვარების, შფოთვის, თვითგვემის, თავშეკავებისა და თავგანწირვის სურვილის მეტი ვერაფერი მისცა, ანუ, რაც კულტურამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, მაინცდამაინც ვერ მიესადაგა შეუზღუდავ, უკიდეგანო, ურეგლამენტო ცივილიზაციას.

მას კი (ადამიანს), განსაკუთრებით დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში, ურჩევნია გომბეშო იყოს და გარანტირებული ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ვიდრე ოცნების ფრთებგამობმული იდუმალისკენ, მიუწვდომლისკენ, დიადისკენ მიისწრაფოდეს სულ.

სამწუხაროდ, ასე მოხდა, ასეა დღეს და არც მთლად შემთხვევით. კონკრეტული დამნაშავის მითითებაც შეიძლება, მაგრამ ეს, რასაკვირველია, საქმეს ვერ გამოასწორებს.

ადამიანი ყოველთვის კლავდა მოყვასს, ყოველთვის შურდა მოყვასისა, ყოველთვის გაურბოდა თვალი და ხელი სხვისი სიმდიდრისკენ, სხვისი ცოლისკენ… როგორც უკვე ვთქვით, ასეთია მისი ბუნება, მაგრამ, ამავე დროს, ის აღზრდასაც ემორჩილება და ვნებათა მოთოკვის ძალაც შესწევს, მით უფრო, როცა აქეთკენ მოუწოდებ, როცა გარკვევით ეუბნებიან, რა ითვლება ცოდვად და რა – მადლად.

ამიტომ რელიგია იქნება, ფილოსოფია, პოლიტიკური მოძღვრება თუ მხატვრული ლიტერატურა, პირველ რიგში, სიყვარულის უნარს უნდა უღვივებდეს ადამიანს. სიყვარულმა, შეიძლება, ბევრ რამეზე ათქმევინოს ადამიანს უარი, მაგრამ გაცილებით დიდი ბოროტებაა, როცა რაღაცაზე, თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანზე, უსიყვარულოდ თანხმდება იგი…”

გააზიარეთ

 
...