სოფიკო ჭიაურელი – ნებიერა გოგოს მშფოთვარე ცხოვრება

21 მაისი, 2016

sofikos-dab-dge1არსებობენ მსახიობები, რომლებიც ბედისწერამ წარმატებით თავიდანვე დაასაჩუქრა. მათ შორისაა ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავი სოფიკო ჭიაურელი.

მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ნებიერა გოგოს საინტერესო, მრავალფეროვანი, მშფოთვარე და შემოქმედებითად მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. მას არ უყვარდა ჟურნალისტებთან შეხვედრები და ინტერვიუები, თუმცა საბედნიეროდ, მომავალ თაობებს შემორჩა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები.

როდესაც მსახიობი დაიბადა, მისი მამა მოსკოვში იყო. მსახიობის ძმებმა მიხეილ ჭიაურელს ტელეგრამა გაუგზავნეს, დაიკო გაგვიჩნდა და უშენოდ სახელს ვერ ვარქმევთო. სოფიკო ჭიაურელი 21 მაისს – წმინდა ელენეს ხსენების დღეს გაჩნდა, დედას სურდა ახალშობილისთვის ელენე დაერქმიათ, მაგრამ მამამ თქვა, მინდა დედაჩემის სახელი სოფიო დავარქვათო. როდესაც მშობლები ვერ შეთანხმდნენ, მამამ დაჭრა პატარა ფურცლები, დააწერა სახელები ელენე და სოფიო, ჩააგდო ყუთში, ჩააყოფინეს ერთი თვის ბავშვს პაწაწინა ხელი და როცა ამოიღო ფურცელი, ამოყვა სოფიო. ასე დაერქვა სოფიკო ჭიაურელს სახელი.

მსახიობობის ნიჭი მას ბავშვობიდან აღმოაჩნდა. ხშირად იცვამდა დედას კაბებისა და შლაპებს და წარმოდგენებს მართავდა. დედა აღშფოთებით ამბობდა: რა უნიჭო გოგო მყავს! რა არის ეს? რისთვის მომეზღოო? სამაგიეროდ, მამა იყო აღფრთოვანებული, როგორ ცუდადაც არ უნდა ეთამაშა მის გოგონას, გენიალურიაო, ამბობდა. მიხეილ ჭიაურელი შვილს აღმერთებდა. დედა კრიტიკულად ეპყრობოდა, მაგრამ ერთხელ, როცა მათ სახლში მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა, ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: “მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე – მე!”

სოფიკო ჭიაურელი არასდროს მალავდა, რომ სძულდა თეატრი, რადგან მის გამო, ყოველთვის ენატრებოდა დედა. ვერიკო ანჯაფარიძეს ბავშვი ყოველთვის თან დაჰყავდა, მაგრამ სოფიკოს დედა სახლში ენატრებოდა. დედას კი სახლში ყოფნისთვის არ ეცალა – სპექტაკლები, რეპეტიციები, კინოგადაღებები…

გიორგი შენგელაია და კოტე მახარაძე – ამ ორ მამაკაცს დაუკავშირა ბედი მსახიობმა. გიორგი შენგელაიასთან ორი ვაჟი ეყოლა – ნიკუშა და სანდრო, კოტე მახარაძესთან კი 30 წელი იცხოვრა. პირად ცხოვრებაზე საუბრისას სოფიკო ჭიაურელი ამბობდა:

“მე და გიორგი ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი დავდიოდით კინოში, მეგობრებთან, სტუმრად. 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით, მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ… პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი…”

კოტე მახარაძესა და სოფიკო ჭიაურელს შორის გრძნობა სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” გაჩნდა, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა. კოტეს ურიელი უნდა ეთამაშა, სოფიკოს კი ივდითი. მას არ უნდოდა ამ როლის თამაში, ეშინოდა დედას კიდევ უფრო მეტად არ დაეჩრდილა, მაგრამ დედამ მოკლედ მოუჭრა “ივდითი შენ იქნები!” და რეპეტიციებიც დაიწყო:

“მე და კოტეს რომანი გვქონდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი – დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან “ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, – კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან.”

კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა ათეული წლები იცხოვრეს ერთად და კოტეს გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე ჯვარიც დაიწერეს:

“კოტეს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე მათ ჯვარი დაიწერეს. შეიკრიბა სამეგობროს შვიდი წყვილი და ყველამ ერთად დაიწერეს ჯვარი. ისეთი კარგი იყო, ყველანი ვესწრებოდით, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. სოფიკო და კოტე გაცნობიერებულად მივიდნენ აქამდე და ავტომატურად მათი ჯვრისწერა არ მომხდარა. მათი ჯვრისწერა შინაგანი სურვილის გამოძახილი იყო. ყველაზე მეტად სოფიკო იმას ნანობდა, რომ კოტესგან შვილი არ გააჩინა, მაგრამ კოტეს შვილებთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა,” – იხსენებს მსახიობის შვილიშვილი ნატაშა შენგელაია.

სოფიკო ჭიაურელი განებივრებული იყო პრემიებითა და ჯილდოებით. ის გახლდათ ერთადერთი მსახიობი საბჭოთა კავშირის დროს, რომელმაც შვიდჯერ მიიღო ჯილდო “ქალის საუკეთესო როლისთვის” სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზეყ როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, თვალცრემლიანმა თქვა: ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის:

“სოფიკო გიჟდებოდა თავის პროფესიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მსახიობობისთვის შექმნა ღმერთმა ეს ადამიანი. ხანდახან ისე ცუდად იყო, წარმოუდგენელი იყო მისი სცენაზე დადგომა, მაგრამ გრიმს როგორც კი გაიკეთებდა, სულ სხვა სოფიკო ხდებოდა. სპეციალურად ჩავყოლილვარ თეატრში და მიყურებია, მაინტერესებდა, საშინლად დაღლილი როგორ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ზღვა სიამოვნებას იღებდა თავად და ასევე სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს,” – ამბობს ნატაშა შენგელაია.

მსახიობი ღმერთის მადლობელი იყო და იგივეს ასწავლიდა თავის შთამომავლებსაც:

“მაგიდას რომ შემოვუსხდებოდით, ყველას გვეტყოდა, მადლობა უთხარით ღმერთს იმისთვის, რაც გვაქვს, ხალხი მშიერი კვდებაო. რამეზე რომ დავიწყებდით წუწუნს, იტყოდა, ჩუმად, რას ამბობთ, ღმერთმა არ გიწყინოთო. თვითონ სულ მადლობას უხდიდა ღმერთს და მადლიერი იყო.

ერთხელ შორ გზაზე მიდიოდა, გზაში ჯერ სარკე გაკრა მანქანას, შემდეგ უცნაურად მოსრიალდა. გზად შეხვდა ეკლესია, სადაც შევიდა, სანთლები დაანთო, პირჯვარი გადაიწერა და ილოცა, უფლას მფარველობა სთხოვა. გზა რომ გააგრძელა, საბურავი გაუსკდა, გამოუცვალეს, მაგრამ მეორე საბურავიც გაუსკდა. მოხვდა ისეთ ადგილას, სადაც მობილურები საერთოდ აღარ იჭერდა… სახლში რომ დაბრუნდა, თქვა, ეკლესიაში რომ არ შევსულიყავი, რა მოხდებოდა, იმის წარმოდგენაც არ მინდაო. სოფიკო ძლიერი ქალი იყო და ყველაფერს ვაჟკაცურად იტანდა. ხშირად მოუყოლია ისტორიები, რომელთაც სულ ასე ამთავრებდა, ღმერთმა გადამარჩინაო.

სიცოცხლის ბოლოს გრძნობდა თავის აღსასრულს, მაგრამ ჩვენთან ისევ ისეთი ამაყი და ვაჟკაცური იყო. საერთოდ არ დაუწუწუნია, არც თავის მდგომარეობას იყენებდა და არავის აწუხებდა. მომტირალი, მოქვითინე, მუხლებზე დამხობილი სოფიკო არ მინახავს, ის ასეთი არ იყო. თავის ტკივილს და პრობლემებს თავზე არავის ახვევდა. მისი სიცოცხლის ბოლო სამი დღე მარტო ვიყავი მასთან და ვხვდებოდი, რაც ხდებოდა. ვესწრებოდი მის გარდაცვალებას, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მჯერა. ვიცი, რომ სოფიკო არსად გამქრალა. მისმა გარდაცვალებამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა, ძალიან ბევრ რაღაცას მივხვდი, რომელზეც არასოდეს მიფიქრია. სოფიკოს სიკვდილის არ ეშინოდა, ძალიან ძლიერად წავიდა, ისე, როგორც ნამდვილ დედოფალს შეჰფერის. მერეც ისეთი სახე ჰქონდა, როცა ესვენა, საოცრად ძლიერი, ნამდვილი დედოფლის, რაც იყო, ის ბოლომდე შეინარჩუნა. ჩემთვის სოფიკო ხანგრძლივ გასტროლზეა წასული, საშინლად მენატრება, მაკლია და ისევ ველოდები,” – იხსენებს მსახიობის შვილიშვილი.

გააზიარეთ

 
...