ასტრიდ ლინდგრენი – საბავშვო ლიტერატურის დედა

10 მაისი, 2016

astrid1“პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორიც ყველასთვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია.

შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს.

“ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი და ამაში ქალიშვილი კარენიც ეთანხმებოდა: “ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.”

ასტრიდი მამას განსაკუთრებულად უყვარდა. მომავალი მწერალი სკოლაში გამორჩეულ თემებს წერდა და საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ტრადიციული და პატიოსანი ოჯახის შვილი კვირაობით ეკლესიაში საგალობლებს მღეროდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მოულოდნელად ასტრიდი 18 წლის ასაკში პატიოსნებითა და წესიერი ცხოვრებით გამორჩეული გოგონა დაფეხმძიმდა. ოჯახს მისი გაგება გაუჭირდა, გოგონა იძულებული გახდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადასულიყო, საიდანაც ძმას ხშირად სწერდა წერილებს: “მარტოსული და უბედური ვარ. მარტოსული იმიტომ, რომ ეს რეალურად მართლა ასეა და უბედური იმიტომ რომ პანიკურად მაშინებს მომავალი ზამთარი.”

მწერალმა ყველაფერს გაუძლო და სტოკჰოლმში ვაჟი ლარსი გააჩინა. ქალაქში სამსახური იშოვა, ცოლად სტრუ ლინდგრენს გაყვა და მის გვარზე გადავიდა. მათ გოგონა კარენი შეეძინათ, რომელიც ასტრიდის სამწერლობო ასპარეზის მთავარი ტრამპლინი გახდა.

ერთხელ კარენს ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპიზე მომიყევი ზღაპარი, გრძელ წინდიანზეო. ასტრიდი ვერ მიხვდა, ვინ იყო პეპი, მაგრამ ამბის მოყოლა მაინც დაიწყო. ასე შეიქმნა ყველაზე ცელქი და ონავარი გოგონას ისტორია, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა: “მამაჩემი კანიბალთა მეფეა. ერთ ლამაზ დღესაც მამაჩემი თავისი დიდი გემით მოვა და წამიყვანს და მე კანიბალთა პრინცესა გავხდები.”

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებიდან ბიოგრაფიულ წიგნში გაერთიანდა სახელწოდებით “ბავშვი ჩემში”, სადაც მწერალმა თავისი ცხოვერბა და შემოქმედაბა აღწერა:

“1944 წლის მარტის ერთ თოვლიან საღამოს სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე ვსეირნობდი. ძველი ფეხსაცმელი მეცვა, ტყავიც გაცვეთილი იყო, ამიტომ გაყინულ ასფალტზე სიარული ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ ვიფიქრე, არაფერი მომივა-მეთქი. მოულოდნელად ფეხი დამიცურდა და წავიქეცი. ფეხიც ვიტკინე და ფეხსაცმელიც გადასაგდები გახდა. სწორედ მაშინ ვკითხე ჩემს თავს, ნუთუ არ შეიძლება, იმდენი ფული მქონდეს, რომ ნორმალური ფეხსაცმელი შევიძინო-მეთქი. სახლში მოსულს ერთმა იდეამ გამიელვა თავში, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს სიგიჟე იყო და მის განხორციელებას აზრი არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, იმ წელს 10 წლის კარენს დაბადების დღეზე “პეპი გრძელიწინდას” პირველი ნაბეჭდი ვერსია ვაჩუქე. ერთი ეგზემპლარი კი საგამომცემლო სახლში გავაგზავნე, მაგრამ წარმატების იმედი დიდად არ მქონდა.

საბავშვო ისტორიები ერთფეროვანი სენტიმენტალიზმითა და გულისამაჩუყებელი პერსონაჟებით გამოირჩევიან, ამიტომაც არც მიფიქრია, რომ ახტაჯანა პეპის თავგადასავლებით ვინმე დაინტერესდებოდა. თანაც ნაწარმოებს რედაქტორთან მიწერილი წერილიც მივამაგრე, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ორი შვილის დედა ვარ. არ მინდოდა, გამომცემელს ეფიქრა, თითქოს ვიღაც მანიაკი ვარ, რომელიც პეპის ტიპის მოთხრობებს წერს ბავშვებისთვის.

პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო. პეპი ის ნაწარმოებია, რომელმაც წერისადმი ჩემი დიდი სიყვარულის ეპოქა გახსნა. სანამ რედაქტორისგან პასუხს ველოდი, მეორე ნაწარმოებიც დავწერე, სახელწოდებით “პატარა მარიას გულისცემა” და “რაბენისა და ჟოგრენის” საგამომცემლო სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავაგზავნე. გამარჯვების იმედი არ მქონდა. ჩემდა სასიხარულოდ, პირიქით მოხდა. მართალია, პირველმა რედაქტორმა პეპის თავგადასავლები დაიწუნა და დაბეჭდვაზე უარი მითხრა, სამაგიეროდ, “პატარა მარიას გულისცემამ” მეორე ადგილი მოიპოვა და საპატიო ჯილდოც გადმომცეს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის სუსხიანი შემოდგომის საღამო ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველმა წარმატებამ თავისი საქმე გააკეთა, პოპულარობა და სიმდიდრე ნელ-ნელა ჩემკენ შემობრუნდა. მეც მაშინვე ვისარგებლე მომენტით, “პეპის” რედაქტირება გავუკეთე და სხვა, უფრო გავლენიან საგამომცემლო სახლებს გავუგზავნე.

წარმატება გარდაუვალი იყო, ამ პერსონაჟმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. დაიწყო ჩემი სოციალური ცხოვრებაც – აუწერელი რაოდენობით მიწვევები, ჯილდოები, პრიზები, მილიონობით წერილი, ცერემონიალები და ასე შემდეგ. ის კონკურსი უკანასკნელი იყო, რომელზეც პეპი “გავუშვი”, თუმცა ჩემი უკანასკნელი ნამუშევარი ნამდვილად არ ყოფილა. პეპის შემდეგ 50-მდე სხვა პერსონაჟი და მათი ისტორიები გაჩნდა.

მე პატარა ფერმაში, სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე, სადაც უფროსი ძმა თავის უმცროს დაიკოს იცავდა, ტყეში სოკოების დასაკრეფად დაჰყავდა და კენკრის შესაგროვებლად ეკლიან ბუჩქებსაც კი არ ერიდებოდნენ.

ჩემს პატარა სოფელში დღემდე აფასებენ სახლში გამომცხვარ პურს, ხელით ამოყვანილ ყველსა და ზამთრისთვის საგულდაგულოდ შებოლილ ლორს. ულამაზესი მინდვრები, შეუდარებელი ლანდშაფტები და უთვალავი ზღაპრული არსება – სწორედ ისინი იქცნენ ჩემს მუზებად. პეპი, კარლსონი, პატარა მარი, მიო-მიო და სხვები, ყველანი ამ ადგილებიდან წამოვიდნენ. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ მარტო ბედნიერ ბავშვებზე და არასოდეს ვახსენებ ღარიბ, უპატრონო ბავშვებს. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვწერ იმაზე, რაც ვიცი. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ის ვიღაც, ვინც დაწერს უპატრონო, დაუცველ ბავშვებზე. უმეტესწილად აღფრთოვანებული მშობლების წერილებს ვიღებ, რომლებიც მწერენ, რომ ყველა ნორმალური ბავშვი ნამცხვრის ჭამის დროს ისვრის ტანსაცმელს, ხოლო ნაყინის ჭამისას მთლიანად ითხუპნება. შეიძლება ითქვას, რომ 1946-1980 წლები ყველაზე ნაყოფიერია ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს გამოვეცი საუკეთესო ნაწარმოებები, ამ დროს შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, ამ დროს მოხდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.

1952 წელს დავქვრივდი და გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ბავშვები კი არც თხოვდებიან და არ შვილებს აჩენენ. ჩემი ნაწარმოებების 80 ენაზე თარგმნისა და 200 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი.

ერთხელ ვიღაცამ გამოითვალა, რომ თუ ჩემი წიგნების ყველა ეგზემპლარს ვერტიკალურად დაალაგებენ, 175-ჯერ უფრო მაღალი გამოვა, ვიდრე ეიფელის კოშკია. ამიტომაც ხშირად მიწოდებენ ეიფელზე 175-ჯერ უფრო დიდს. მსგავსი ტიპის კომპლიმენტები თუ შენიშვნები ხანდახან სასიამოვნოა, ხანდახან – არა, მაგრამ მე მსგავს რაღაცეებზე რეაქცია არ მაქვს. დიდება და ფული იყო ის ორი უკანასკნელი სტუმარი, რომელიც ჩემი ცხოვრების ზეიმზე დავპატიჟე.

ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში, რას ვარიგებ ბავშვებს, რა მინდა, რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია – მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპის ან კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს მათთან ერთად. ნაწარმოების შექმნის დროს ჩემი ერთადერთი მრჩეველი ჭეშმარიტებაა. გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა. არასოდეს უნდა მოიტყუო. მე ორი შვილის დედა ვარ, 8 შვილიშვილის ბებია და 7 შვილთაშვილის დიდი ბებია. როდესაც ვხედავ, როგორ ხარობენ ჩემი შთამომავლები ჩემივე წიგნებით, უბედნიერესი ვარ.”

უკანასკნელი 40 წელი მწერალმა თავის პატარა ბინაში გაატარა. უკანასკნელი ნაწარმოები, მოკლე პროზაული დეტექტივი, 80 წლის ასაკში, 1987 წელს გამოსცა.

სიკვდილთან დაკავშირებით ის ფიქრობდა: “ცხოვრება ისე უნდა გაატარო, რომ სიკვდილს დაუმეგობრდე და მერე ის თვითონაც შეგიწყალებს”. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმაც: “მაპატიეთ, ჯერ ვერ მოვკვდები, სახლი მაქვს დასალაგებელი”.

ასტრიდ ლინდგრენი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო ალბათ სწორედ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვად დარჩენა და სიცოცხლის უზომო სიყვარული გახდა.

გააზიარეთ

 
...