აკაკი კვანტალიანი – მსახიობი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია

24 მაისი, 2016

akaki-kvantaliani1აკაკი კვანტალიანი იმ ქართველ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ეკრანზე გამოჩენა მაყურებლისთვის ღიმილის მომგვრელია. თეატრსა თუ კინოში მან გამორჩეული სახეები შექმნა და ასე დაამახსოვრა თავი ქართულ საზოგადოებას.

***

ფილმში “მაგდანას ლურჯა” აკაკი კვანტალიანმა თავისი გმირის მიტუას გრიმი თავად მოიფიქრა. ყურებში თმა ჩაიდო, რომ უხეში ტიპი გამოსულიყო. ერთხელ გადაღებაზე შესვენება რომ გამოცხადდა, მსახიობმა რეჟისორს უთხრა, მანქანა მათხოვე, სახლში ვისადილებ და დავბრუნდებიო. მანქანიდან რომ გადავიდა, მეზობელს ჰკითხა, კვანტალიანები სად ცხოვრობენო. მეზობელს გაუკვიდა, შენ კვანტალიანებთან რა საქმე გაქვსო. მეუღლემაც კი ვერ იცნო და კარი ცხვირწინ მიუკეტა, სახლში არ შეუშვა. მერე ღიმილით იგონებდა, იმ დღეს მთელი ეზო ლაპარაკობდა, კვანტალიანებთან ვიღაც მაჯლაჯუნა მივიდაო.

***

“მაგდანას ლურჯა” უკვე ეკრანებზე იყო გამოსული, როცა ერთხელ მსახიობი ბაზარში წავიდა. მას დიაბეტი ჰქონდა, წყალს არ სვამდა და წყურვილს კიტრით იკლავდა. ერთ კაცთან გაჩერდა, კიტრი ამიწონეო. შენ არ მოგყიდი, რადგან კარგი კაცი არ ხარ, შენ არ იყავი, მაგდანას ბავშვებს ლურჯა რომ წაართვიო? უთხრა ვაჭარმა. იმ დღიდან აკაკი კვანტალიანს მიტუა თავის საუკეთესო როლად მიაჩნდა.

***

ერთხელ თეატრი თელავში გასტროლებზე იმყოფებოდა. სასტუმროში კვანტალიანთან ერთად ოთარ მეღვინეთუხუცესი მოხვდა. კოლეგები ბაზარში წავიდნენ კიტრის საყიდლად. ორი ვედრო კიტრი იყიდეს. მეორე დღეს თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოთარმა ჰკითხა, თბილისში მიგაქვსო? არა, აქ ვჭამოთო. გაიდარია ოთარი, ამდენი კიტრი რად გვინდაო. აკაკი წამოწვა, მოიდგა ვედრო გვერდით, გადაყოფდა ხელს, აიღებდა და ჭამდა კიტრს. ასე გაათავა ერთი ვედრო. ლაპარაკსა და ჭამაში ჩაეძინა, ხვრინვა ამოუშვა. როგორც ოთარ მეღვინეთუხუცესი ყვებოდა, ამ დროს ისევ ხელი ამოძრავდა და ლაპარაკი გავაგრძელე, ვიფიქრე, გაიღვიძა, მაგრამ პასუხი არ გამცა, ხვრინავდა და კიტრს ისე ჭამდაო.

***

უკვე ავადმყოფ მსახიობს ძმისშვილმა წყნეთში 40 კილო კიტრი აუტანა. მესამე დღეს კვანტალიანმა ძმისშვილს დაურეკა, „არ გრცხვენია, ბიჭო, უკიტროდ მტოვებო?” როცა გაკვირვებულმა ჰკითხა, 40 კილო იყო, რა იქნაო, მსახიობმა უპასუხა: მე რომ მიყურებენ, ესენიც მადაზე მოდიან და ყველანი ჭამენო.

***

ერთხელ აკაკი კვანტალიანი ქუთაისში ჩავიდა. რესტორანში დაპატიჟეს. გვერდით სუფრაზე ახალგაზრდებმა ჩხუბი დაიწყეს. ისროდნენ ბოთლებს, ჩანგლებს. გარშემომყოფები დაიმალნენ. მხოლოდ მსახიობი იჯდა ისევ მაგიდასთან და ჭამდა. როცა მოჩხუბრები დამშვიდნენ, მეგობრები კვლავ მაგიდას დაუბრუნდნენ და ჰკითხეს მას, რატომ არ ადექი, არ შეგეშინდაო? როგორ არ შემეშინდა, მაგრამ მწვადი გაცივდებოდაო.

***

აკაკი კვანტალიანი დოდო აბაშიძესთან მეგობრობდა. ის დოდოზე 17 წლით უფროსი იყო, მაგრამ ეს მათ მეგობრობას სულაც არ უშლიდა ხელს. ერთმანეთის პატივისცემის მიუხედავად, სულ კამათობდნენ და ამის მთავარი მიზეზი საჭმელი და სასმელი იყო. სულ იმის მტკიცებაში იყვნენ, ვის უფრო მეტის დალევა და ჭამა შეეძლო.
„მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“, – ამბობდა დოდო აბაშიძე. ერთხელაც მსახიობებმა შეჯიბრი მოაწყეს ჭამა-სმაში. ჭამეს ყველაფერი, რისი ჭამაც შეიძლებოდა სოკო, მწვადი, ხაჭაპური, ხორცის წვნიანი, მაგრამ დანებება არც ერთს არ სურდა. ბოლოს ორივე დაიღალა, ჭამაც შეანელეს და ფერიც დაკარგეს. საბოლოოდ მათი შერკინება ფრედ დასრულდა, თუმცა იმ დღეს დოდო აბაშიძე ცუდად გახდა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. როცა გამოკეთდა, დედას სთხოვა, დაურეკე კაკოს როგორ არისო. დაურეკავს დედამისსაც და კვანტალიანის მეუღლეს უთქვამს, მეგობრები მოვიდნენ და ქორწილში სათამადოდ წაიყვანესო. დოდოსთვის ამის დაჯერება შეუძლებელი აღმოჩნდა, გამწარებული მივარდა მის სახლში და ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად იპოვა – კვანტალიანი მართლა ქორწილში იყო წასული.

***

ერთხელ კვანტალიანი თამადობდა. სუფრაზე კი ერთი კაცი „ცელქობდა“, არ უსმენდა თამადას. „ცელქი“ კაცი აღმასკომის თავმჯდომარე აღმოჩნდა. მსახიობმა ითმინა, ითმინა და უცებ ომახიანად შესძახა: მოდი, გავცვალოთ ადგილები, შენ აქ იყავი თავმჯდომარე, მე იქ ვიქნები. არა, არაო, – წამოიძახა თავმჯდომარემ და გაისუსა.

***

როდესაც მსახიობის ვაჟმა სკოლა დაამთავრა, ბანკეტი კვანტალიანების სახლში გაიშალა. თამადა, რა თქმა უნდა, აკაკია. ისე თამადობდა, პურმარილი ხელუხლებელი რჩებოდა, ვის ახსოვდა ჭამა, ბავშვები მთელ დღეს სიცილში ატარებდნენ. სუფრა მეორე დღესაც გაშალეს და ახლა უკვე პარალელურკლასელები დაპატიჟეს დასახმარებლად, აქაც იგივე განმეორდა – პურმარილი ისევ ხელუხლები დარჩა. მეორე დღეს თენგიზ ჩანტლაძე თამადობდა… და ასე იშლებოდა სუფრა ერთი კვირის განმავლობაში კვანტალიანების ოჯახში….

***

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ბევრს მუშაობდა თეატრსა თუ კინოში და არც საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობაზე ამბობდა უარს, მისი ხელფასი მაინც არ იყო საკმარისი ქეიფებისთვის. ამის გამო, მეუღლესთან ხშირად კამათობდა. ერთხელ მსახიობი ძმამ დაპატიჟა საქეიფოდ. ამაზე კიდევ უფრო გაუბრაზდა ცოლი, მაგრამ მაზლმა დაამშვიდა, რამდენ ჭიქასაც დალევს, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. წავიდა კვანტალიანი და 44 ჭიქა ღვინო დალია. ძმამ თანხა დაამრგვალა და რძალს 500 მანეთი გაუგზავნა. კვანტალიანის ცოლი მაინც გაბრაზებულა და ქმრისთვის უთქვამს, ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?!

***

ფილმს “მაია წყნეთელი” ქალაქგარეთ იღებდნენ. ბერიკაობის სცენის გადაღების დროს, კვანტალიანი კამეჩზე იჯდა და მდინარეზე გადადიოდა. გადაღების პროცესში ვიღაცამ კამეჩს ანთებული პაპიროსი მიადო უკან და გამწარებულმა კამეჩმა მსახიობი შორს გადააგდო. თბილისში დამტვრეული ჩამოიყვანეს, ორი კვირა ვერ ინძრეოდა. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების შემდეგ, გადაღებებს ისევ დაუბრუნდა, მაგრამ კვლავ ხიფათი შეემთხვა. გადაღების დროს ვიღაცას საფანტი გაუვარდა, კვანტალიანს სახეში მოხვდა და კინაღამ თვალი დაკარგა.

***

ერთხელ ფეხბურთზე თავის ორ პატარა შვილთან და ცოლისდასთან ერთად წავიდა. მაშინ ბილეთების შოვნა საკმაოდ რთული იყო. უამრავი ხალხი იყო და ყოველ ნაბიჯზე ბილეთს სთხოვდნენ. ბავშვებს ხელს გაუშვებდა, ამოიღებდა ბილეთებს, აჩვენებდა და აგრძელებდა გზას. ასე ბევრჯერ განმეორდა. დაიღალა ბილეთების ამოღება-ჩადებით და პირში ჩაიდო. პირში ბილეთებგარჭობილი რომ დაინახა ხალხმა, იფიქრა, ზედმეტი ბილეთები აქვსო. ახლა კითხვებით შეაწუხეს, ბატონო კაკო, ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთო. გამოიღო ბილეთები პირიდან და უთხრა, ბილეთები – არა, მაგრამ აი, ბავშვები მყავს ზედმეტი, ხელს მიშლიან და ჩაიბარეთო. დატოვა ბავშვები და გზა განაგრძო.

***

მსახიობი პლეხანოვზე ცხოვრობდა. ოთხოთახიან ბინაში ორი ოთახი თვითონ ეკავა, ორში კი ცნობილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობდა. ორივე ოჯახს საერთო დერეფანი, სამზარეულო, ტუალეტი და აბაზანა ჰქონდა. როდესაც პროფესორმა ახალი ბინა მიიღო, კვანტალიანს იმედი მიეცა, რომ იმ ორ ოთახს მას მისცემდნენ, მაგრამ პლეხანოვზე ცხოვრების მოსურნე ფულიანმა ადამიანებმა ამ ოთახების ხელში ჩაგდება მოინდომეს. მსახიობს ფული არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავისი ავტორიტეტი გამოეყენებინა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში თავმჯდომარესთან მივიდა.
თავმჯდომარემ დაამშვიდა, არ ინერვიულო, მაგ ოთახებში შენს გარდა ვერავინ შევაო. მსახიობი ღიღინ-ღიღინით გამოვიდა კაბინეტიდან, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მეორედ რომ მივიდა, მოსაცდელში უამრავი ადამიანი იდგა და რიგს ელოდა. მან ითხოვა, ურიგოდ არ შევალ, მხოლოდ შევიხედავო და ოთახში შეიჭყიტა, თან ეს ისე გააკეთა, რომ ყველა სიცილით დაიხოცა. თავმჯდომარემ ისევ დააიმედა და გაისტუმრა. ამის შემდეგ კვანტალიანმა კიდევ ბევრჯერ გაიმეორა კაბინეტში შეჭყეტის მეთოდი და პასუხსაც ყოველთვის ერთი და იგივე იღებდა – მახსოვს, მახსოვსო. ერთხელაც კვანტალიანი გაბრაზებული მივიდა თავმჯდომარესთან და კარიდანვე მიაძახა, მე აქ ბინის სათხოვნელად დავდივარ, მახსოვს, მახსოვსო, რომ გაიძახი, “აი დოსტს” კი არ გეთამაშებიო და კარი მიაჯახუნა. მეორე დღეს მსახიობს ბინის ორდერი სახლში მიუტანეს.

***

აკაკი კვანტალიანს ძალიან უყვარდა სხვების დახმარება, მაგრამ არ უყვარდა ე.წ. „მაღარიჩები“. ამბობენ, ვინმე რიჟინაშვილს თბილისში ჩაწერაში დაეხმარა, მან კი დიდი ფერადი ტელევიზორი მიუტანა ძღვნად, მსახიობმა კი ის თავის ძღვენიანად კიბეებზე დააგორაო.…

***

მსახიობი პარტიაში არ შედიოდა, “არ ვარ, ბატონო, პარტიის ღირსიო.” არ უყვარდა პარტია, მაგრამ ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს, ხან ვისი ბინის თაობაზე და ხან ვისაზე. როცა სხვა საკითხზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა, უთხარით ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედიო. უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ნაცნობი იყო თუ უცნობი. თუ ჰკითხავდნენ, ამას და ამას იცნობო? პასუხობდა, მე არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და ყველას მიყვებოდა… მსახიობთან თათარ ბაჯის მაწონი დაჰქონდა. ერთხელ მემაწვნემ ტირილით შესჩივლა, ჩემი ბიჭი აგაჯანა ჩხუბში მოჰყვა, იქ კაცი დაჭრეს, ყველამ თავს უშველა და მარტო ის დაიჭირეს, მიშველეო. კვანტალიანმა დასახმარებლად შეწყალების კომისიის თავჯდომარეს გრიგოლ აბაშიძეს მიმართა, უბრალოდ კი არ სთხოვა, 6 თვის მანძილზე, ყოველ დილით, 7 საათზე ურეკავდა და ახსენებდა… ბოლოს უკვე მარტო იმ ბიჭის სახელს ეუბნებოდა “აგაჯანა” და უკიდებდა ყურმილს… იქამდე რეკა, სანამ აგაჯანა არ გამოაშვებინა.

***

დიდუბის მილიციის წინ გავლისას კვანტალიანი მილიციას ხმამაღლა ესალმებოდა – მე მიცავს ჩემი მილიცია! მილიციის თანამშრომლებიც დიდი სიყვარულით პასუხობდნენ. ერთხელ ახალგაზრდობაში, ოთარ მეღვინეთუხუცესმა იჩხუბა, ვიღაც სცემა და დააკავეს. ვინ არ მიუგზავნეს, მაგრამ არ გამოუშვეს. ბოლოს კვანტალიანი მივიდა. მილიციის უფროსმა მაშინვე თქვა: ოთარს ერთი პირობით გამოვუშვებ, თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მართლაც, მეღვინეთუხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კვანტალიანი „დააპატიმრეს“ სუფრასთან…

***

ნამდვილ დაპატიმრებას კი მსახიობი ბეწვზე გადაურჩა, ერთხელ ბერიასგან, შემდეგ მჟავანაძისგან… კვანტალიანს სამჯერ მოუწია შეხვედრა ბერიასთან. მისგან მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით თენგიზ აბულაძეს გაანდო და „მონანიებაში“ აისახა კიდეც მისი ნაამბობი. ამბობენ, კარადიდან გადმოსვლის სცენა სწორედ კვანტალიანმა უამბო რეჟისორსო. იმასაც ამბობენ, მსახიობს თვით ბერია დამუქრებია გაქრობითო, მაგრამ როცა მეორე დღეს მსახიობი თეატრში ცოცხალი მივიდა, მთელი დასი სახტად დარჩა და ეს ამბავი სასწაულს მიაწერეს. სასწაულის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ზუსტად იმ საღამოს ბერია დააწინაურეს და მოსკოვში გადაიყვანეს.

***

აკაკი კვანტალიანი პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარაში“ თამაშობდა. მჟავანაძესთან დაასმინეს, შენ გასახიერებსო. ამბობენ, გრიმით მართლაც გავდა. როდესაც მსახიობს შემდეგ მჟავანაძესთან შესვლამ მოუწია საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ერიდებოდა, მაგრამ მჟავანაძემ თბილად მიიღო და ამ როლზე სიტყვა არ დასცდენია. თვითონ კვანტალიანმა უამბო, ასე და ასე დამაბრალესო. მჟავანაძემ და კვანტალიანმა უცებ გაუგეს ერთმანეთს და მეგობრობის ნიშნად კონიაკიც დააგემოვნეს.

***

ერთხელ ქუთაისში ყოფნისას მსახიობი სუფრასთან ახალდაწინაურებულ შევარდნაძეს შეხვდა და მოიხიბლა. შინ დაბრუნებულმა კი მეუღლეს უთხრა, შევარდნაძე ისეთი ახალგაზრდაა, ან აგვაშენებს ან დაგვანგრევსო.

გააზიარეთ

 
...