29 მაისი, 2016

გორის ქალთა კამერული გუნდი პატიებას ითხოვს

goris-qalta-gundi120 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საგუნდო მუსიკის გორის საერთაშორისო ფესტივალი აღდგა და სახელწოდებით ,,გორი 2016“ წელს პირველად გაიმართა. ფესტივალში ევროპის, ამიერკავკასიისა და საქართველოს 15-მა საგუნდო კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი დიდი მაესტროს შალვა მოსიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საერთაშორისოდ აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნა.
ფესტივალში მონაწილეობა არ მიუღია გორის ქალთა კამერულ გუნდს, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა და პატიება ითხოვა:

“ძვირფასო გორელებო, ჩვენ ძალიან განვიცდით, რომ ჩვენს მოსასმენად მოსული გორელი და ასევე უცხოელი გულშემატკივარი გავაწბილეთ და ფესტივალის დახურვის ცერემონიალში მონაწილება არ მივიღეთ. ჩვენ ორჯერ გამოვედით თქვენს წინაშე და ორივეჯერ ფესტივალის ერთ-ერთმა („გარედან შემოსულმა“) ორგანიზატორმა მასპინძელ გუნდს შეურაცხყოფა მოგვაყენა.

საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ,,გუშინ“ დაწყებული. შარშან, ბატონი ჯემალ ბეგლარიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც გაიმართა ამავე ხელმძღვანელის მეთაურობით, გორის ქალთა კამერული გუნდი არ იქნა მიწვეული, რასაც მოჰყვა დიდი გარჩევა (არა გუნდის ხელმძღვანელის მიერ) და ბოლოს იძულებულნი გახდნენ, რომ მივეწვიეთ!

აქედან გამომდინარე, ჩვენ ცუდი გორელები ვიქნებოდით, რომ ამ მორიგ შეურაცხყოფაზე რეაქცია არ გაგვეკეთებინა!

ჩვენი გუნდი პატიებას სთხოვს გორელებს და უცხოელ სტუმრებს, რომელთა აზრი ჩვენს შესახებ მალე გამოქვეყნდება!

ჩვენ ვაპირებთ გორელებისა და საპატიო სტუმრებისთვის ახლო მომავალში გავმართოთ უფასო კონცერტი, სადაც თქვენს წინაშე წარვსდგებით მრავალფეროვანი პროგრამით.

ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ გორის ქალთა კამერული გუნდი ვართ!

იმედი გქონდეთ, რომ არასოდეს შეგარცხვენთ!

პატივისცემით და დიდი სიყვარულით გორის ქალთა კამერული გუნდი!”