სანდრო ახმეტელი – თავისუფალი აზროვნებისთვის დასჯილი რეჟისორი

14 აპრილი, 2016

sandro-axmeteli12სანდრო ახმეტელი ქართული თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის მიჩნეული. მისი და კოტე მარჯანიშვილის მოღვაწეობის პერიოდი ქართული თეატრში კი გამორჩეულ პერიოდად ითვლება.

ახმეტელმა წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო, თუმცა არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას თუ პრობლემას, რაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რეჟისორი თავის მისიას – ქართული თეატრისადმი უანგარო სამსახურს – სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა.

სანდრო ახმეტელმა პირველი სპექტაკლი ქვემო მაჩხაანში დადგა, სადაც ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა ,,ღალატი” წარმოადგინა. მან თვითონ შექმნა დეკორაციებიც, გრიმებიც და კოსტიუმების მოდელებიც.

ყველაზე ნაყოფიერი ახმეტელის შემოქმედებაში კოტე მარჯანიშვილთან მუშაობის პერიოდი აღმოჩნდა, მაგრაი ორი ლიდერი რეჟისორის ერთობლივი მუშაობა შეუძლებელი გახდა. მათი დაპირისპირების მიზეზად იქცა სპექტაკლი “ლამარა”, რომლის პირველი მოქმედება კოტე მარჯანიშვილმა დადგა. რეჟისორი ავად გახდა და სპექტაკლის დადგმა სანდრო ახმეტელმა გააგრძელა. მან რადიკალურად სხვა მიმართულებით წაიყვანა სპექტაკლი და კონფლიქტიც დაიწყო.

ახმეტელმა მარჯანიშვილს წერილი მისწერა, სადაც რუსთაველის თეატრში დაბრუნებას სთხოვდა:

“შენდამი წერილის მოწერისაგან თავი შევიკავე, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებით; მინდოდა შენთვის დასამშვიდებლად დრო მომეცა და ჯერჯერობით არ შემეწუხებინე არც ჩემი თავის და არც თეატრის შეხსენებით. მინდოდა ლოლას ხელით გამომეგზავნა წერილი, მაგრამ თავი შევიკავე, თუმცა გიცნობდი რა, უფრო სწორად გაგიცანი რა ეხლა უფრო ახლოს, ვიფიქრე, ჩემი დუმილი შეიძლება რამდენადმე სხვაგვარად აგეხსნა.;

დამირეჯე ეს არ არის ის. რა თქმა უნდა, თეატრის საკითხი ჩემდა სასარგებლოდ არ გადაწყდა. მე ყველაზე ნაკლებ მინდოდა ასეთი შედეგი, გულწრფელად გეუბნები, რომ გაგიჟებით მინდოდა წელს, რამოდენიმე წლით მოსკოვში გამგზავრება და იქ გადამეტანა ჩემი თეატრალური კარიერის უსიამოვნებანი. ეს რომ არ მოხდა ჩემთვის ძალზე სამწუხაროა. მოკლედ, საქართველოში დარჩენა ჩემთვის ძალზე მძიმეა. პირად საუბაში შევეცდები გულწრფელად გამოგიტყდე და ცხადია, შენ გამიგებ.

რაც არ უნდა მოხდეს, ძვირფასო კოტე, ჩვენს შორის, იცოდე, გარდა უღრმესი სიყვარულისა და ერთგულებისა შენს მიმართ, ჩემს გულში არაფერი იმალება. მე შემიძლია ერთგულ მეგობრად დარჩენა თვითო ბრძოლის მომენტშიც კი.

თეატრში მე დავიკავე შენი ადგილი, რა თქმა უნდა, იმ ფიქრით, ადრე თუ გვიან დაგიბრუნო შენი საყვარელი თეატრი, როცა კი შენ მოისურვებ. შენი სული ჩვენს თეატრში უსაზღვროდ იბატონებს, ამიტომაც არც ერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული წინასწარ შენთან შეთანხმების გარეშე. შევეცდები პატიოსნად, როგორადაც შევძლებ, გამოვავლინო შენი ანდერძი.

მიმინარე სეზონის მდგომარეობა ძალზე სავალალოა. მუშაობას გვიან ვიწყებთ. ხარჯთაღრიცხვა და დასის შემადგენლობა, რომელიც მე წავუყენე კომისიას, მიღებულია დასაწყისასათვის – მუშაობას ვიწყებ აგვისტოს ბოლოს. შევძლებ თუ არა სეზონის გახსნას ოქტომბრის ბოლოსთვის, ცხადია კიდევ საკითხავია. რეპერტუარი შემდეგია: “მეფე ლირი”, შექსპირის ერთი კომედია, “ფიესკოს შეთქმულება”, “ბანჯგვლიანი მაიმუნი”, “ზაგმუკი”, “ექვსი მოქმედი პირი”, “სიკვდილი”, “ახალი აზია”, “სინათლე” მეორე ნაწილი, ერთი ქართული კომედია ან რამიშვილი ან კლდიაშვილი, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. “ლირის” საკითხს თვითონ გადაწყვეტ როდის და როგორ მოისურვებ გააკეთო.”

პრობლემები ამით არ დასრულებულა. სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. 10 წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. მისთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. “ლამარას” ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის “ლამარამ”. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.

ლავრენტი ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი. შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, “მწვანე თეატრში” გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ “მწვანე თეატრში” 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს კი წარედგინა დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ლავრენტი ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა დასდეს ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს რეჟისორის მეუღლე თამარ წულუკიძე-ახმეტელიც.

1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით, ხოლო მის მეუღლეს თამარ წულუკიძე-ახმეტელს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს. 1956 წლის 11 თებერვალს კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა.

გააზიარეთ

 
...