ლია ელიავა – მსახიობი, რომელსაც განუდგნენ

3 აპრილი, 2016

lia-eliava1ლია ელიავა – ეს სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია. მის მიერ განსახირებული როლები მაყურებლისთვის დღემდე დაუვიწყარია, მის სილამაზეზე კი ლეგენდები დადის.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ლია ელიავა წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დასახელდა. ქართველი მსახიობის ფოტო პოლონური ჟურნალის “ეკრანი” საახალწლო ნომრის გარეკანს ამშვენებდა.

მსახიობს ურთულესი ბავშვობა ჰქონდა. მამა, რომელიც ბუნდოვნად ახსოვდა, დაუხვრიტეს:
„მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა, ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი „ბუფეტის“ კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ,“ – იხსენებდა ლია ელიავა.

მსახიობი 3 წლის იყო, როცა დედაც გადაასახლეს:
“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, – ამბობდა მსახიობი.

ასეთ ტკივილს მომავალი მსახიობი ყოველთვის ჩუმად იტანდა და თავისი გულისტკივილით არავის ამძიმებდა. საკუთარი ბავშვობის წლებს კი აღწერდა:
“გავიზარდე სოლოლაკში, ქუჩებში ჟღერდა მუსიკა, ვიღაც კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა, ვიღაც მღეროდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ემღერებოდა. საღამოობით დადიოდნენ ახალგაზრდები და რამდენიმე ხმაში მღეროდნენ. ზოგჯერ მეძინა და ძილშიც მესმოდა სიმღერა ქუჩიდან. რომ წამოვიზარდე, ჩემს ფანჯრებთანაც კი მღეროდნენ, როგორც სადღაც, სევილიაში და ეს ხმები ძალიან მშველოდა იმაში, რომ მე თავი მარტოსულად არ მეგრძნო.”

ლია ელიავას მსახიობობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი:
“ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, თუმცა კითხვა მიყვარდა. კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ დავიწყე“.

ოთარ კობერიძემ და ლია ელიავამ ერთმანეთი რეჟისორ ლეო ესაკიას ფილმის „ბაში-აჩუკის“ გადაღებების დროს გაიცნეს:
“რეჟისორს ის სცენა უნდა გადაეღო, სადაც ლია ელიავას გმირს აბდუშაჰილი ბაში-აჩუკთან გასაცნობად მიჰყავს. ლიამ კარგა ხანს დაიგვიანია. გავბრაზდი და რეჟისორს ვკითხე, კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ის-მეთქი. რეჟისორმა მითხრა, აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავა. მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანსო. მართლაც, ლია რომ გამოჩნდა, დავიბენი, ენა მუცელში ჩამივარდა და პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდა,” – იხსენებდა ოთარ კობერიძე.

ოთარ კობერიძისგან განსხვავებით, ლია ელიავას ის უკვე ნანახი ჰყავდა და პირველი დანახვისთანავე არ შეჰყვარებია:
“დედას მეგობარი ნინა სტიპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე წამიყვანა, ოთარი იმ სტუდიაში სწავლობდა. მაშინ ვნახე პირველად. ესპანურს ცეკვავდა, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს.”

როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, ლია ელიავა უკვე გაშორებული იყო მეუღლეს, ოთარ კობერიძეს კი ოჯახი ჰყავდა:

„პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა უკვე გვყავდა.”

მსახიობისთვის მეორე შვილის გაჩენა საშიში იყო, ამიტომ მათი სიცოცხლის აზრი ნანა კობერიძე იყო. ოთარ კობერიძის პირველი მეუღლე სუხიშვილების მოცეკვავე იყო. მსახიობს მასთან ჰყავდა ბიჭი – გია, რომელთანაც ლია ელიავას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მსახიობს გია დედის მიმართაც არ ჰქონია ცუდი დამოკიდებულება. ისინი ერთმანეთს ოთარ კობერიძის დასთან ხვდებოდნენ, რადგან ის ორივე რძალთან მეგობრობდა.

ლია ელიავა საკმაოდ ბევრ წერილს იღებდა მის ქმარზე შეყვარებული ქალებისგან. მაგრამ, ისიც კარგად ესმოდა, რომ ერთ ოჯახში, რომელშიც ორი ასეთი ლამაზი მსახიობი იყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ისინი ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. თუ ერთმანეთს არ გაუგებდნენ, მაშინ უსიამოვნება გარდაუვალი იყო. მათ ეჭვიანობის გამო უსიამოვნება არ მოსვლიათ. ოთარ კობერიძემ იცოდა, რომ მის მეუღლეზე გიჟდებოდა ყველა კაცი და ლია ელიავამაც იცოდა, რომ მის მეუღლეზე ყველა ქალი ჭკუას კარგავდა. მათ უყვარდათ ერთმანეთი და ვიღაცის გამო ამ სიყვარულს არ დაკარგავდნენ. ისინი ძალიან სათუთად უვლიდნენ ერთმანეთს.

ლია ელიავას საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. უყვარდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველთვის დადიოდა რაიონებში და სოფლებში. ამიტომაც იყო ასეთი ამბავი მისი გარდაცვალების დღეებში. როგორც თქვეს, ამდენი ხალხი ერთი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე იყო და მეორე – ლიას დაკრძალვაზეო. ეს ნაზი ქალბატონი საკმაოდ პრინციპული, სამართლიანი და მამაცი იყო. პირდაპირ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა. დაჯდებოდა, ჩაის ან ყავას დალევდა, კლასიკურ მუსიკას უსმენდა. უყვარდა კითხვა და ყოველთვის ცოტა დრო რჩებოდა საკუთარი თავისთვის. არ მახსოვს, სარკესთან გაუთავებლად მდგარიყო და გაპრანჭულიყო.
მაშინ მსახიობებს არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ფული საკუთარ თავზე დაეხარჯათ. ოთარ კობერიძემ 82 ფილმში ითამაშა, ლია ელიავამ 34 ფილმში და ეს საკმარისი აღმოჩნდა მათთვის, რომ ბედნიერად ეცხოვრათ:
„უსაზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი. ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.”

მისი საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე.
მოხდა ისე, რომ ლია ელიავას ყველა გზა გადაუკეტეს სცენისკენ. ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.
რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”, მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.
ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”, მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. ლია ელიავას თავად ჰქონდა გამოცდილი ის სიმწარე, რაც ქეთევან ბარათელის გმირმა გადაიტანა, ამიტომაც განსაკუთრებით სურდა ამ როლის თამაში, თუმცა როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.

ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა… სამოქალაქო ომი მისთვის იმდენად მტკივნეულად აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობა შეერყა და ინფარქტი მიიღო:
“ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა…” – ამბობს მსახიობის შვილი ნანა კობერიძე.

ამდენი ტკივილი მისმა გულმა ვეღარ აიტანა და მიკროინფარქტი გადაიტანა. თვითონვე უკვირდა, გული არასდროს მაწუხებდა და არ ვიცი, რატომ დამემართაო. საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თითქოს კარგად იყო, მაგრამ გულმა ბოლომდე ვერ უერთგულა და ძილში გაუჩერდა.

გააზიარეთ

 
...