ეროვნულ კინოცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

26 აპრილი, 2016

zura-magalashvili1საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე თანამდებობიდან უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გადადგა.

ახალი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა საქართველოს კინოაკადემიის მიერ განისაზღვა. საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ როგორც აკადემიის წევრები, ასევე არაწევრი კინემატოგრაფისტები – ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ბაადურ წულაძე, ზურა ინაშვილი, კონსტანტინე ესაძე, ნატო მურვანიძე, თინა ყაჯრიშვილი, პაატა იაკაშვილი, ნანა დოლიძე და ნინო (ნანა) ჯორჯაძე.

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად საბჭოში 13 საკონკურსო განაცხადი შევიდა. კონკურსანტებთან შედგა გასაუბრება და 4 სამუშაო შეხვედრა. ორ ეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატურა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გახდა.

გააზიარეთ

 
...